Iverioni
«    მარტი 2020    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
მარტი 2020 (15)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
7-09-2015, 13:24
ნანახია: 653

გიორგი მარგველაშვილი - რომ შევხედოთ, სად ვიყავით და სადამდე მოვედით, მე ტაშს დავუკრავდი ჩვენს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას

რომ შევხედოთ, სად ვიყავით და სადამდე მოვედით, მე ტაშს დავუკრავდი ჩვენს საზოგადოებასა და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, - განცხადება ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა , გიორგი მარგველაშვილმა "თბილისი რუმსში" მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართული დებატებისას განაცხადა, სადაც უპასუხა შეკითხვას, მისი შეფასებით, სად არის საქართველო ევროპისკენ მიმავალ გზაზე.

 

"სად ვართ დღეს და რამდენად წავედით წინ? – მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ წინ ვართ წასული იმის გათვალისწინებით, რა გარემოშიც ვიმყოფებით. ძალიან ბევრი გავაკეთეთ. თუ ჩავხედავთ დემოკრატიის სახელმძღვანელოებს, ვნახავთ, რომ ქვეყანას, რომლის ტერიტორიები ოკუპირებულია, საზღვრები დარღვეულია, რომელსაც არ აქვს ძლიერი ეკონომიკა და ჯერ კიდევ არ აქვს მყარად ჩამოყალიბებული საშუალო კლასი, როგორც წესი, არ აქვს დიდი საშუალება და შანსი, რომ მდგრადი დემოკრატია განავითაროს. მაგრამ, თუ საქართველოს შევხედავთ, ვნახავთ, რომ ყველა ეს კლიშე დაძლეულია, კლიშეების დაძლევა კი მოხდა ჩვენი ვალდებულებების შეგრძნებით, საზოგადოების სიძლიერით, იმ ღირებულებების ერთგულებით, რომლებიც ყველას საზიარო გვაქვს, ეს მოხდა ზოგადად პოლიტიკური კლასის თავდადებით, რომ არჩეულ მზანს უერთგულოს", - განაცხადა მარგველაშვილმა.

 

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 20-25 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკას დიდი დარტყმების გადატანა მოუწია და თბილისიდან 40 კილომენტში რუსული საოკუპაციო ძალები კვლავ დგანან, საქართველო და ქართული საზოგადოება წინსვლას და განვითარებას განაგრძობს.

"ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ 2008 წლის ოკუპაციაზე, მაგრამ საქართველოს ოკუპაცია 2008 წელს არ დაწყებულა, ეს მოხდა 90-იან წლებში - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია დაიწყო სწორედ იმ პერიოდიდან. იქედან მოყოლებული, ერთი თუ მეორე ფორმით ძალიან მწვავე წნეხი განიცადა საქართველოს ეკონომიკამ, ასევე, რა თქა უნდა, ერთი თუ მეორე ფორმით, ჩარევაც იყო პოლიტიკაში, მაგრამ საზოგადოება და გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები მაინც ერთგული დარჩნენ მთავარი პრინციპების, მთავარი მამოძრავებელი ღირებულებების. სწორედ ამიტონ, ჩვენ შევძელით, რომ აგვეშენებინა დემოკრატია, სადაც არის შთამბეჭდავად თავისუფალი მედია (რომ შევხედოთ რეგიონის მდგომარეობას), სადაც არის სიცოცხლით აღსავსე და აქტიური ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესები, სადაც 2012 წელს ჩატარდა მაღალი დონის არჩევნები და არჩევნების გზით შეიცვალა მთავრობა, სადაც ხდება ბევრი სხვა რამ - ინსტიტუციების გაძლიერება, კორუფციასთან ბრძოლა. ეს ყველაფერი ხორციელდება ქვეყანაში, სადაც 300 ათასი იძულებით გადაადგილებული პირი ცხოვრობს. 

ერთი სიტყვით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეკონომიკას ძალიან დიდი დარტყმები მიაყენეს, მიუხედავად იმისა, რომ რუსული საოკუპაციო ძალები ამ ადგილიდან 40 კილომეტრში დგას, ჩვენი საზოგადოება მაინც აგრძელებს წინსვლას, განვითარებას - დემოკრატიული პროცესები წინ მიდის, ინსტიტუციები ძლიერდება და ეს ხდება ძალიან "ცხელ გარემოში". ასევე, ჩვენი ქვეყანა ამ ვითარებაში ხდება გლობალური გეოპოლიტიკური პროცესების წევრიც – მონაწილეობს ძალიან მსხვილ ისეთ პროექტში, როგორიცაა ელექტროენერგიის ტრანსპორტირება, ტვრითების გადაზიდვა. 

აქედან გამომდინარე, რომ შევხედოთ, სად ვიყავით და სადამდე მოვედით, მე შემიძლია მხოლოდ ტაში დავუკრა ჩვენს საზოგადოებას და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას", - განმარტა საქართველოს პრეზიდენტმა.