მომავლის დილემა: ვინ ვის შეეკვრება და ვინ ვისზე "დაქორწინდება "?!

მომავლის დილემა: ვინ ვის შეეკვრება და ვინ  ვისზე  "დაქორწინდება "?!

  როგორც მოსალოდნელი იყო, სამთავრობო კარუსელი კიდევ ერთხელ დატრიალდა. შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი შეიცვლება თუ არა, ამას მომავალი გვიჩვენებს. ამასობაში პოლიტიკურ არენაზე პროცესები საინტერესოდ ვითარდება. იმდენად საინტერესოდ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ერთგვარი გაკვირვებითა თუ წყენით გამოეხმაურა მორიგ ცვლილებებს: - "ჩემი დელეგაციის თანმხლები პირები იხსენებდნენ იმას, რომ საკმარისია უცხოეთში წავიდეთ, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება საქართველოში." 

 

სამთავრობო ცვლილებებამდე ცოტა ხნით ადრე, თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღო და 4 მილიონი ლარის მითვისება - გაფლანგვისთვის ბრალდებული თავდაცვის მაღალჩინოსნები, რომელთა დაკავება პოლიტიკურად ირაკლი ალასანიას თვდაცვის მინისტრობიდან და კოალიციიდან წასვლას დაუკავშირდა, თანამდებობზე დააბრუნა, რასაც კოალიციაში განსხვავებული შეფასებები მოჰყვა. 

 

"ზურაბიშვილი ჩემი კოლეგა არასოდეს ყოფილა და მადლობა თქვას, რომ ჩვენს გუნდში მოვიხსენიებთ. მე ბიძინა ივანიშვილის თანაგუნდელი ვარ, ზურაბიშვილი კი კოალიციაში ერთ-ერთი შავი ლაქაა. დანარჩენებს რაც შეეხება, განცხადების გაკეთების შემდეგ, საღამომდე, სხდომათა დარბაზში ვიჯექი და თუ რომელიმე კოლეგამ ჩემი ნათქვამი არასწორად გაიგო, მოსულიყვნენ და განვუმარტავდი. ამის ნაცვლად, მხოლოდ მათი შეურაცხმყოფელი განცხადებები მესმოდა, ამიტომ ვფიქრობ, აქ სხვა მოვლენებთან გვაქვს საქმე".  ასე უპასუხა პარლამენტარმა თამაზ მეჭიაურმა რესპუბლიკელი დათო ზურაბიშვლის განცხადებას. 

 

"ეჭვი მაქვს, თამაზ მეჭიაურისთვის "ენჯეოელი", "სოროსელი," იეღოველი," "სომეხი" და "პიდარასტი" დაახლოებით ერთი და იგივეა. უკუღმართ დროებას რა ვუთხარი, თორემ მე და ეს კაცი რანაირად უნდა ვითვლებოდეთ ერთ გუნდში?" - თავის მხრივ ეს განცხადება ზურაბიშვილმა მეჭიაურის პრეზიდენტის არაკორექტული მოხსენიების საპასუხოდ გააკეთა.

 

"უახლოეს მომავალში "რესპები" "ალასა" და "მარგველა" ერთ კოალიციაში მოგვევლინებიან, ეს იქნება ბიძინას სათადარიგო თამაში, ანუ ხალხი ვისთანაც შეძლებს თავისის დალაგებას, განსხვავებით "ნაციონალური მოძრაობისგან", ყველაფერი აქეთ მიდის..." - ამგვარი სტატუს-პროგნოზი დაწერა ადვოკატმა გოგა ონიანმა საკუთარი "ფეისბუქის" გვერდზე. 

 

სხვათაშორის, საქართველოს პრეზიდენტის ოპოზიციურ ძალებთან შესაძლოს პოლიტიკური თანამშრომლობის შესახებ პროგნოზი პირველი არ არის. გიორგი მარგველაშვილის "ნაციონალური მოძრაობასთან" შესაძლო პოლიტიკურ გაერთიანებაზე საუბარი ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დაიწყო. მაშინ მედიაში აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, რომ მარგველაშვილი, ირაკლი ალასანია და "ნაციონალური მოძრაობა" მომავალ არჩევნებში კოალიციის სახით მიიღებდნენ მონაწილეობას. ექსპერტების ვარაუდით, იმ ფონზე როცა "ქართული ოცნების" რეიტინგი მნიშვნელოვნად შემცირდა, ხოლო მარგველაშვილის პირიქით - გაიზარდა, მსგავსი გაერთიანება მარგველიშვილის სასარგებლოდ იმუშავებდა. იმ პერიოდში პრესა გიორგი მარგველაშვილის მაშინდელი მრჩევლის - ვანო მაჭავარიანისა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს შორის უკრაინაში გამართული 

საიდუმლო შეხვედრების შესახებაც წერდა. თუმცა, ყველასთვის მოულოდნელად ვანო მაჭავარიანმა პოსტი დატოვა, ხოლო პრეზიდენტის გარშემო მსგავსი შინაარსის მითქმა-მოთქმა შეწყდა... თუმცა, დროებით.

 

რის საფუძველზე მიიჩნევს მარგველაშვილი-ალასანია-რესპუბლიკელების შესაძლო პოლიტიკურ თანამშრომლობას, ამის გასარკვევად "კვირის პალიტრა" გოგა ონიანს დაუკავშირდა:

 

- "ეს არის ჩემი ანალიზი ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. თავდაცვის ამჟამინდელმა მინისტრმა თანამდებობზე აღადგინა ყოფილი თანამშროლები, რომლებსაც ბრალი აქვთ წაყენებული 4 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვაზე. მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სამთავრობო გუნდის სხვა წევრები, მათ შორის, იუსტიციის მინისტრი არ ეთანხმებოდა, ეს გადაწყვეტილება მიიღო. ეს გადაწყვეტილება გასაგები იქნებოდა თუ მართლმსაჯულება ამ ადამიანების უდანაშულობას დაადგენდა, მაგრამ საქმე ჯერ დასრულებული არ არის და კითხვის ნიშნებიც არსებობს. ამავდროულად, ძალიან ხშირად ვხედავთ, რომ ჯაჭვლიანის, კობახიძის, ბესელიას, ახლა უკვე მეჭიაურისმხრიდან პრეზიდენტის მიმართ გამოთქმულ კრიტიკულ შენიშვნებზე "რესპუბლიკელებს" განსაკუთრებული რეაქცია აქვთ და ეს პირველი შემთხვევა არ არის. მათი პოზიცია ხშირად ემთხვევა ალასანიასა და პრეზიდენტის პოზიციას. ამიტომ, ლეგიტიმურად ჩნდება აზრი, რომ ახლო მომავალში ეს ადამიანები ღარიბაშვილს გამოეყოფიან და ცალკე კოალიციას შექმნიან."

 

რამდენად მოსალოდნელია მსგავსი პოლიტიკური გაერთიანება ამის გასაგებად "კვირის პალიტრა" ადრესატებს - "რესპუბლიკელებს" და "თავისუფალი დემოკრატების" წევრებს დაუკავშირდა. ორივე პარტიამ კატეგორიულად გამორიცხა რაიმე სახის შესაძლო პოლიტიკური გაერთიანება და ეს ოპონენტების ფანტაზიით ახსნა. 

ლევან ბერძენიშვილი, "რესპუბლიკური პარტია": 

- მაპატიეთ, მაგრამ ეს იმდენად ღრმა სისულელეა, რომ ამას ნუ გაიმეორებთ. ჩვენ მათთან არ გვინდა და ვერ ვხვდები რატომ გვიბიძგებენ. ოპონენტები ამას იმიტომ აცხადებენ, რომ ოპონენტები არიან და ტყუიან. სისულელეებს ამბობენ, მაგრამ ხომ შეიძლება ხანდახან მაინც ნათქვამში აზრი იყოს? ეს არის სიბრიყვე .

 

- საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, არაერთხელ გაჟღერდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "რესპუბლიკელები" კოალიციიდან გამოყოფას აპირებენ. მომავალ არჩევნებში კოალიციასთან ერთად გიხილავთ თუ ცალკე? 

- თქვენც ხომ ხედავთ, რომ ეს ვარაუდები არ დადასტურდა. ჯერჯერობით "რესპუბლიკური" პარტია კოალიციაშია და იქ დარჩენას აპირებს. ზოგიერთებს ძალიან არ უნდათ ჩვენი იქ ყოფნა, მაგრამ... ჩვენ კოალიციის სერიოზული ძალა ვართ. მისი დასავლური ღირებულებებისა და პრინციპების დამცველი პარტია ვართ. არ დაგავიწყდეთ, რომ კოალიცია სამმა პარტიამ შექმნა. პირველი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დაასახელა, სწორედ "რესპუბლიკური" პარტია იყო. უკვე 4 წელია ეს ჭორები მესმის და მომავალშიც იქნება. 

 

- რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებას მორიგ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით, აღნიშნა, რომ ქვეყანაში სერიოზული ცვლილებები სწორედ მაშინ ხდება, როცა ქვეყნიდან გასულია. თითქოს ნაწყენი იყო...

- მე ამ განცხადებას არ ვიცნობ. ბატონი უსუფაშვილი იმ დროს საქართველოში არ იმყოფებოდა, ახლა აქ არის და თავად მას შეეკითხეთ. მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ ჩვენ ინფორმირებული და შეთანხმებულები ვიყავით. დავით უსუფაშვილიც საქმის კურსში იყო." 

 

მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად გეგმავენ "თავისუფალი დემოკრატები".

 

როგორც "კვირის პალიტრას" პარტიის წევრმა ზურაბ აბაშიძემ განუცხადა, მსგავსი შინაარსის განცხადებები, თითქოს ალასანიას პარტია რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან გაერთიანებას აპირებს. რეალობასთან ახლოს არ არის: - "წამოუდგენლად მიმაჩნია, რომ "რესპუბლიკელები" კოალიციას გამოეყოფიან და "თავისუფალ დემოკრატებთან" გაერთიანდებიან. ჩვენი პოლიტიკური ძალის გადაწყვეტილების თანახმად, არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად ვაპირებთ. სხვა დანარჩენი - ვინმე გაერთიანდება ან გამოეყოფა კოალიციას, ეს მათი საქმეა." 

 

ნათქვამია, წიწილებს შემოდგომაზე ითვლიანო. შესაბამისად, ვინ ვისთან გაერთიანებით გამოჩნდება საარჩევნო მარათონში, ამას ახლო მომავალში შევიტყობთ. 

 

 

 

წყარო:http://www.kvirispalitra.ge/politic/26420-quakhloes-momavalshi-qrespebiq-qalasaq-da-qmargvelaq-erth-koaliciashi-mogvevlinebianq-ra-khdeba-mmarthvel-koaliciashi.html

 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: