გიორგი მარგველაშვილი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას თხოვნით მიმართავს

გიორგი მარგველაშვილი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას თხოვნით მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას მიმართავს. იგი კომისიას კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე საკუთარი პოზიციის გამოხატვას სთხოვს.

 

პარლამენტის მმართველ კოალიციაში შემავალი 81 დეპუტატის ხელმოწერით განსახილველად საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტია წარდგენილი, რომელიც საარჩევნო რეფორმას ეხება. ის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით მრავალმანდატიანი ოლქების მიხედვით ჩატარებას ითვალისწინებს. ამავე ცვლილებებით საარჩევნო ბარიერის 5-დან 4 პროცენტამდე შემცირებაა დადგენილი. დამტკიცების შემთხვევაში, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში სწორედ ხსენებული ცვლილებების მიხედვით უნდა ჩატარდეს.

 

მარგველაშვილის თქმით, აღნიშნული ცვლილებები უმნიშვნელოვანესია.

 

"პარლამენტში, დეპუტატთა 50 პროცენტზე მეტმა ხელი მოაწერა წინადადებას საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების ინიცირების შესახებ. მინდა საზოგადოებას განვუმარტო, რომ ეს არის ჩვენს უზენაეს კანონში შესატანი და, შესაბამისად, ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი ცვლილებები. ამავე დროს, მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ ქვეყანაში ფუნქციონირებს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია. ამასთან დაკავშირებით, მინდა თხოვნით მივმართო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას, რათა ამ უმნიშვნელოვანეს ცვლილებებზე საკუთარი პოზიცია გამოხატოს. ვფიქრობ, ეს კონსტიტუციონალიზმის კიდევ უფრო გაღრმავების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია", -- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: