საიდუმლო შეთანხმება, თუ მართვადი ქაოსი?!

საიდუმლო შეთანხმება, თუ მართვადი ქაოსი?!

ბოლოდროინდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ პროკურატურა ან შეგნებულ საბოტაჟს ეწევა და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ქვეყანაში სამართლებრივი ნიჰილიზმი დამკვიდრდეს, ან პროფესიონალიზმი აკლია, რომელსაც შესანიშნავად იყენებს თანამედროვე სასამართლო.

არ არის გამორიცხული, ორივე შემთხვევასთან გვქონდეს საქმე!

ასეა თუ ისე, პროკურატურის უუნარობა თუ საბოტაჟი პირდაპირ აისახება ხელისუფლების იმიჯზე - სამართლებრივი ვაკხანალია ქვეყანაში უნდობლობის გამძაფრებასთან ერთად ქაოტური ელემენტების შემოტანასაც უწყობს ხელს...

გიგი უგულავასთან დაკავშირებულმა „გამიშვი-დამაკავეს“ თამაშმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოში სამართლიანობის დამკვიდრების პოლიტიკური ნება არ არსებობს.

რაც არ უნდა მოგვწონდეს „ნაციონალების“ ხელდასხმული საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება (ცალკე საუბრის თემაა მერაბ ტურავას „ინციდენტი“), კანონი უნდა აღსრულებულიყო.

აქედან გამომდინარე, ჩვენ პაპუაშვილის უწყებასთან კი არ უნდა გვქონდეს პრეტენზია, არამედ, გამოძიებასთან, რომელმაც კანონით გათვალისწინებულ ვადაში სათანადო სამხილები ვერ დადო და სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი ვერ გამოიტანა.

ხელოვნურად დაჩქარებული პროცესის შთაბეჭდილებას ტოვებს უგულავას განთავისუფებიდან 24 საათიან რეჟიმში სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენიც, რომელსაც არა მარტო „ნაციონალები“ და მათი მხარდამჭერები, არამედ, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის უარყოფით აქტივში უთვლის დღევანდელ ხელისუფლება, რომ არაფერი ვთქვათ საერთაშორისო საზოგადოების ნეგატიურ რეაქციაზე.

კაცი, რომლის გადაცდომებზე ლეგენდები დადიოდა, ლამისაა პოლიტპატიმრად შეირაცხა. ვის აწყობს და ვის ინტერესში შედის ეს?

საზოგადოების გარკვეულ ფენებში თანდათან ჩნდება ეჭვი, რომ მმართველი კოალიცია შეგნებულად მიდის ასეთ ავანტიურაზე და ამით „ნაციონალურ“ რევანშს უწყობს ხელს.

არსებობს მეორე მოსაზრებაც: „ქართული ოცნება“ გათამამებულია იმით, რომ იცის „ნაციონალების“ მხარდაჭერის შანსი ხალხის მხრიდან მინიმალურიც არ არის, მაგრამ საკუთარი უმოქმედობით თუ უუნარობით „ნაციონალური“ რევანშის საშიშროების ილუზიას ქმნის და ამით მუდმივი სტრესის ქვეშ ამყოფებს საზოგადოებას!

იმის გათვალისწინებით, რომ პოლიტიკურ ველზე სერიოზული რყევები არ შეინიშნება (შეიძლება მომავალ პარლამენტში სხვა პოლიტიკური ძალებიც ვიხილოთ, მაგრამ ის მაინც არ იქნება ახალი პოლიტიკური ძალა, რაზეც ხშირად აპელირებენ საზოგადოებაში) „ქართული ოცნება“ ადმინისტრაციულ თუ სხვა რესურსების გათვალისწინებით მაინც მოახერხებს მმართველი ძალის სტატუსის შენარჩუნებას!

რაც შეეხება  „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც ქვეყანაში სამოქალაქო ომის ინსპირირებით იმუქრება, ყოველგვარი ლოგიკით არსებული სტატუს-კვოც არ უნდა შეინარჩუნოს, თუ რა თქმა უნდა, საიდუმლო შეთანხმებასთან არ გვექნება საქმე!

თუმცა, დღევანდელი ვაკხანალიის შემხედვარე, არაფერია გამორიცხული!

ანდრია ლისაშვილი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: