Iverioni
«    სექტემბერი 2018    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სექტემბერი 2018 (9)
აგვისტო 2018 (17)
ივლისი 2018 (12)
ივნისი 2018 (12)
მაისი 2018 (9)
აპრილი 2018 (16)
22-09-2015, 12:22
ნანახია: 621

დავით ფერაძე: სკოლების დაშანტაჟებას და ძარცვას სამინისტროს ჩინოვნიკები „ლეგალური“ გზით ახერხებენ!

„ივერიონს“ ესაუბრება პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი, 116-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი, დავით ფერაძე.

- ბატონო დავით, რუსთავი 2-ით გამოსვლისას ხაზი გაუსვით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთ კორუფციულ სქემას, კერძოდ, საუბარი იყო შპს საგანმანათლებლო საკონსულტაციო ჯგუფზე. დააკონკრეტეთ, რა მომსახურებას სთავაზობენ ისინი სკოლებს?!
- შემიძლია დაბეჯითებით გითხრათ, რომ ეს არის სამინისტროს ხელდასხმით რეანიმირებული მძარცველების ჯგუფი. სახელწოდება (მათი საქმიანობა) მხოლოდ და მხოლოდ ფასადურია.

ჩემი ინფორმაციით, სინამდვილეში მათ უკან დგანან სამინისტროს მაღალჩინოსნები, საითაც მიედინება ლეგალიზებულად ნაძარცვი ფული.

ძარცვისა და შანტაჟის პროცესი შენიღბულია იმით, რომ სკოლებს ღიად კი არ ძარცვავენ, არამედ ეს საქმე დავალებული აქვს საკონსულტაციო ჯგუფს და თითქოს ყველაფერი კანონის ფარგლებშია მოქცეული.

მე ვიტყოდი, ეს არის უპრეცედენტო აფიორა! საგანმანათლებლო საკონსულტაციო ჯგუფის ფუნქციებში შედის, ის, რაც ისედაც აკისრია განათლების სამინისტროს, რესურსცენტრებსა და სკოლის ადმინაისტრაციებს, აბა, ახალს რას მოიგონებდნენ? სინამდვილეში კი ამ ჯგუფით ხდება სანიკიძის კორუფციული აფიორის ლეგალიზება. სკოლებს კი არ სთავაზობენ - აიძულებენ შეისყიდონ ჯგუფის ვითომც ადმინისტრაციული მომსახურება.

რას ნიშნავს ეს? აბა, სკოლის ადმინისტრაცია რით  ემსახურება სკოლას? კვებით? თუ ნავთობის მოპოვებით? სინამდვილეში არავის ეს არ სჭირდება და ხდება სკოლების დაშანტაჟება. თუ უარს იტყვიან, მაშინ პრობლემები შეექმნებათ. სამინისტროს ფავორიტი დირექტორები, რა თქმა უნდა, უარის თქმას გულშიც არ გაივლებენ, ამიტომ წნეხი არასასურველბზე მოდის!

- ზეწოლის რა ფორმებზე შეიძლება იყოს საუბარი?
- მოგახსენებთ. სკოლებს უკავშირდებიან ან უშუალოდ რესურსცენტრებიდან, ან საკონსულტაციო ჯგუფის წარმომადგენელი სტუმრობს  სამინისტროს სახელით.

- რამდენადაც ვიცით, ასეთი შპს-ების მომსახურების პრაქტიკა თავად სამინისტრომ აკრძალა...
- კი, ასე იყო. სკოლებისთვის იურიდიული დახმარებისთვის რაიონულ რესურსცენტრებში შეიქმნა იურისტების შტატები. შეირჩნენ კადრები. სკოლების ადამინისტრაციის იურიდიული დახმარებაც მათი პირდაპირი ვალდებულება გახდა. თუმცა, შირ შემთხვევაში ეს იურისტები ზემოდან იღებდნენ დავალებას და არასასურველი დირექტორების დარღვევებში გამოჭერას ცდილობდნენ. აი, სწორედ ამ ზაფხულს შეიცვალა სიტუაცია. როგორც მე მითხრეს, სამინისტროს შიდა აუდიტის ეგიდით ხდება ხსენებული საკონსულტაციო ჯგუფის თავდასხმები სკოლებზე და მათი „დახარკვა“.

- ეს სერიოზული ბრალდებაა!.. შეგიძლიათ ეს განცხადება ფაქტებით გაამყაროთ?
- ამას პირდაპირ არავინ გეტყვის, თუმცა ფაქტია, საკონსულტაციო ჯგუფის „სავიზიტო ბარათია“ სამინისტროს ხსენება. დირექტორს რომ ეტყვი, რომ სამინისტროს თხოვნააო, ან შემოთავაზებაო, ეს უკვე გულისხმობს იმას, რომ დირექტორი უსიტყვოდ უნდა დაემორჩილოს! სანამ ასეთი ვიზიტები დაიწყებოდა, მანამდე, „გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად“ საკონსულტაციო ჯგუფის „პრეზენტაციებს“ რესურსცენტრები აწყობდნენ და ამას დირექტორებიც ესწრებოდნენ. აქ უკვე ყველაფერი გასაგებია _ რადგან რესურსცენტრებში მოეწყო პრეზენტაცია, დირექტორი ხვდება, რომ მას არჩევანი არ დაუტოვეს!

- რა უჯდება სკოლებს ეს „სიამოვნება“?
- საკონსულტაციო ჯგუფთან თავსმოხვეული ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ სკოლა შეისყიდის საკონსულტაციო ცენტრის მომსახურებას და ყოველთვიურად გადაიხდის 100 დან 350 ლარამდე გადასახადს. ხანდახან „იბრალებენ“ და თანხის მოცულობა დამოკიდებულია მოსწავლეთა კონტიგენტზე.

- სკოლას არ სჭირდება ყოველთვიური ადმინისტრაციული თუ იურიდიული მომსახურება?
- ამას მნიშვნელობა არ აქვს, მაინც უნდა გადაიხადოს. ასეთ ხელშკრულებებს ახვევენ თავზე. ხელშეკრულებები გაფორმებულია ამ წლის დეკემბრის ბოლომდე. მომავალი წლიდან, ალბათ, განახლდება.

- და ეს მარტო დედაქალაქში ხდება?

- თბილისის თითქმის ყველა სკოლაში შეაღწიეს, თუმცა, მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ზოგმა უარი უთხრა. ასევე ჩადიან  რეგიონებში, გასაცოდავებული ბიუჯეტის მქონე სკოლებშიც...

- უკვე  გადაერიცხათ სკოლებიდან ფული?
- კი,აგვისტოდან დაიწყო გადარიცხვები და უკვე საკმაოდ დიდ თანხებზე საუბარი

- თქვენი აზრით, რამდენიე ეს „დიდი თანხები“?!
- „დახარკული“  სკოლების რიცხვი 400-მდეა. ეს ნიშნავს, რომ სკოლებს 80 ათას ლარამდე ან მეტიც უკვე „შეაწერეს“. „დახარკვის“ პროცესი გრძელდება.

თუ სკოლების 90% მაინც „დახარკავენ“, უნდა ვივარაუდოთ, რომ საკონსულტაციო ჯგუფის ანგარიშზე ყოველთვიურად ნახევარი მილიონი ლარი მაინც აღმოჩნდება...

- ...და სად „ჩაჩხრიალდება“ ეს ფული?
- ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით (ლოგიკურადაც), თანხის არალეგალური მაკონტროლებელია სამინისტროს შიდა აუდიტი. აუდიტის ხელმძღვანელია „რუხი კარდინალი“, ჩემ მიერ არაერთგზის მხილებული ალექსანდრე ონოფრიშვილი. სანიკიძე თვალის ჩინივით უფრთხილდება მას. მოწოდებული ინფორმაციის გარდა, რაღა თქმა უნდა, გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ სკოლებიდან შემოსული ხარკის ერთ-ერთი მეწილე სანიკიძეცაა. სხვანაირად, გაუგებარია, რატომ უნდა აფარებდეს ხელს ონოფრიშვილს?! ჩემი საინფორმაციო წყარო ამბობს, რომ ეს რეალობაა. კორუფციის ამ სქემის გამოძიება სამართალდამცავებს უნდა მივანდოთ!..

- კონკრეტულად რა მომსახურებას იღებენ სკოლები?
რამდენადაც ვიცი, არაფერს. საკონსულტაციო ჯგუფიდან არც კი მიდიან ადგილებზე. ხელშეკრულება გაფორმდა, „დარმავოი“ ფულიც მიედინება ზემოთ და დამთავრდა.
დოკუმენტში ხო უნდა იყოს მითითებული, რა მოცულობის სამუშაო შეასრულა საკონსულტაციო ჯგუფმა?!

საქმეც ეგაა და აქედან შეიძლება გაიხსნას კვანძი. მიღება-ჩაბარების აქტების შაბლონები ელ-ფოსტით იგზავნება, ის არის ყველა სკოლისთვის ერთნაირი. მასში წერია, რომ საკონსულტაციო ჯგუფმა სკოლას გაუწია ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება, ხოლო სკოლამ გადაიხადა თანხაო. ესაა და ეს. მომსახურება დაკონკრეტებული არაა. როგორ? ყველა სკოლას ერთნაირი საჭროება ჰქონდა და ყველას ერთსა და იმავე დროს?

- და ეს ყველაფერი რამდენად ჯდება სამართლებრივ ჩარჩოში?
საკითხის იურიდიულ მხარეზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ, ვფიქრობ, რომ თავად შესყიდვების პროცესში უნდა იყოს „მახე“. მონიტორინგი რომ განხორცილედეს, ადვილად შეიძლება სკოლების ადმინისტრაციას პასუხისმგებლობაც კი დაეკისროს. სამინისტრო კი გვერდზე გადგება. მოკლედ, მაგარ შარში გააყოფინეს თავი. არადა, რა ექნათ? არ შეყოფდნენ თავს, ინანებდნენ. შეყვეს თავი და მაინც სანანებლად აქვთ საქმე. ამის გარდა, ონოფრიშვილის ხელში ამით დამატებითი სადავეებიც აღმოჩნდა.

- რას გულისხმობთ „დამატებით“  სადავეებში?
- რა და, თუ საჭიროდ ჩათვლის, ვითომც იურიდიული მომსახურებისთვის დასანტაჟებელ სკოლაში შევა საკონსულტაციო ჯგუფის წარმომადგენელი, რომლის მისიაცაა დარღვევების აღმოფხვრაში დახმარება. აღმოჩენილი დარღვევის შესახებ ინფორმაცია მივა ონოფრიშვილის სამსახურში, რის საფუძველზეც პასუხისმგებლობაც შეიძლება დააკისრონ მიზანში ამოღებულ დირექტორს, ანუ, დირექტორებს თავისი თავის ჩაშვებაშიც კი ფულს ახდევინებენ...