Iverioni
«    აგვისტო 2019    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
აგვისტო 2019 (4)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
მარტი 2019 (9)
23-09-2015, 15:35
ნანახია: 873

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს ზრდის

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს ზრდის.

ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს მიიღო.

აღსანიშნავია, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.0 პროცენტს შეადგენს.

მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება ეფუძნება მაკროეკონომიკურ პროგნოზს, რომლის მიხედვით მკვეთრად გაზრდილია ინფლაციის მოლოდინი, აშშ დოლარის მიმართ ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურების ფონზე, რაც ინფლაციის მიზნობრივი დონიდან ერთჯერადი გადახრის შედეგად ზრდის სამომავლო რისკებს. არსებული პროგნოზის შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს გაზარდოს საპროცენტო განაკვეთი 1.0 პროცენტული პუნქტით 7.0 პროცენტამდე.

აგვისტოში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ 5.4% შეადგინა. მიმდინარე პროგნოზით, ინფლაცია, თარგეთიდან დროებითი გადახრის შემდგომ, 2016 წლის ბოლოს მიზნობრივ ნიშნულამდე ჩამოვა. ინფლაციის ზრდის განმსაზღვრელი კვლავ მიწოდების მხარეს მოქმედი ფაქტორებია. კერძოდ, გაცვლითი კურსის გაუფასურებით განპირობებული წარმოების შუალედური ხარჯების გაძვირება და ცალკეულ იმპორტირებულ საქონელზე ფასების ზრდა. ინფლაციის მაჩვენებელზე მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა ასევე ელექტროენერგიის გადასახადის ერთჯერად მატებას. ინფლაციის ზრდას სუსტი ერთობლივი მოთხოვნა და მსოფლიო ბაზარზე გაიაფებული ნავთობისა და სურსათის ეფექტი ზღუდავს.

რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა მეორე კვარტალში პროგნოზირებულთან შესაბამისი იყო. ეკონომიკური ზრდის შემაფერხებელ ფაქტორს საგარეო სექტორი წარმოადგენს, რომელიც რეგიონში არსებული მძიმე ეკონომიკური ვითარების ფონზე, ნეგატიურ ასახვას ჰპოვებს საქონლისა და მომსახურების ექსპორტზე. შესუსტებულია ადგილობრივი მოთხოვნაც, რასაც ფულადი გზავნილების შემცირება და უცხოური ვალუტით გაცემულ სესხებზე მომსახურების ტვირთის ზრდა განაპირობებს.

პოზიტიური ტენდენციები გამოიკვეთა საგარეო დისბალანსის აღმოფხვრის მხრივ. შემცირებული სავალუტო შემოდინებების ფონზე, გაცვლითი კურსის ცვლილებამ მოახდინა იმპორტის კორექტირება. აპრილის თვიდან, ხუთთვიან პერიოდში, იმპორტის კლებამ 20 პროცენტი შეადგინა (გრანტით მიღებული ჩ ჰეპატიტის წამლების იმპორტის გარეშე). შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ არსებული საგარეო შოკის ეფექტი გაცვლით კურსზე ამოწურულია. სხვა თანაბარ პირობებში, არსებული საგარეო შოკიდან გაცვლით კურსზე დამატებითი ზეწოლა მოსალოდნელი არ არის. იმისათვის, რომ ბოლო პერიოდში ჩამოყალიბებული ნეგატიური მოლოდინები არ გადაიზარდოს, ინფლაციურ პროცესში საქართველოს ეროვნული ბანკი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს. მონეტარული პოლიტიკის შემდგომი ცვლილების დინამიკა დამოკიდებული იქნება მოსალოდნელი ინფლაციის დინამიკაზე, ეკონომიკური აქტივობის ზრდის ტენდენციებზე, გლობალურ და რეგიონალურ ეკონომიკურ გარემოზე.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2015 წლის 4 ნოემბერს გაიმართება.