„ქართული პლატფორმა“: თუ არის პრემია, უნდა იყოს ჯარიმაც!

„ქართული პლატფორმა“: თუ არის პრემია, უნდა იყოს ჯარიმაც!

25 სექტემბერს იაპონიის სპორტის მინისტრმა ჰაკუბუნ სიმომურამ გადადგომაზე განცხადება გააკეთა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მას ბრალი დასდეს 2020 წლისათვის ტოკიოს მთავარი ოლიმპიური სტადიონის მშენებლობის ცუდ ორგანიზებაში. მიუხედავად იმისა, რომ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ თხოვა პოსტზე დარჩენა, სპორტის მინისტრის გადაწყვეტილება მტკიცე აღმოჩნდა.

 

ნიშანდობლივია ისიც, რომ ჰაკუბნ სიმამურამ გადადგომისას აღნინშა, რომ ის  მიღებულ ხელფასსა და ბონუსებს სახელმწიფოს დაუბრუნებს.

 

იგივე 25 სექტემბერს ხმაურიანად წარიმართა საქართველოს პარლამენტში პარლამენტარ ზაქარია ქუცნაშვილის მიერ მომზადებული პრემიების აკრძალვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო წინადადებების განხილვა, რომელსაც უმრავლესობა-უმცირესობის მტკიცე ერთობით აღნიშნულ ინიციატივას უარი ეთქვა.

 

ზაქარია ქუცნაშვილი  ჩინოვნიკებმა „ჩაქოლეს“ იმ მოტივით, რომ სახელმწიფო მოხელეებს უნდა ჰქონდეთ ღირსეული ანაზღაურება და მათ შორის, პრემია. ფორმულის „ღირსეულ ადამიანებს - ღირსეული შრომის ანაზღაურება“ მხოლოდ საჯარო მოხელეებთან მიმართებაში გამოყენება, დისკრიმინაციაა. გამოდის, ვისაც „უღირსი“ _ სახელმწიფო მოხელეზე ნაკლები შრომის ანაზღაურება აქვს, „უღირსი ადამიანია“? ხელისუფლების წარმომადგენელთა ასეთი დემოფობიური პოზიცია მარტივად გადასაწყვეტ საკითხზე დამაფიქრებელია.

 

ზოგადად, პრემიების საკითხი, როგორც „ქართული ოცნების“ კოალიციის ერთ-ერთი „შტრიხი პორტრეტისთვის“ ნეგატიური სახით მყარადაა ჩამოყალიბებული საზოგადოებაში.  ამ კონკრეტულმა შემთხვევამ კიდევ უფრო გაამძაფრა და გაამუქა იგი.

 

რატომ არ წყვეტს ამ საკითხს ხელისუფლება?

 

ამასთან დაკავშირებით უამრავი ქვეყნის კარგი პრაქტიკა არსებობს. ყველასთვის ცნობილია თუ როგორ უნდა მოწესრიგდეს ეს საკითხი: კანონმდებლობით უნდა განისაზღვროს სახელფასო სისტემა, შეიქმნას ხელფასის სატარიფო ბადე, დადგინდეს საჯარო მოხელეთა რანგი და შესაბამისი სახელფასო კოეფიციენტი, კარგი და ხანგრძლივი მუშაობის წასახალისებლად კანონითვე განისაზღვროს კარიერული ზრდის წესი, ფულადი დანამატები ჩინისა და ნამსახურების მიხედვით. საქართველოს პარლამენტს რომ ჰქონდეს ამის ნება და სურვილი შესაბამისი ნორმატიული აქტების მიღებას რამოდენიმე კვირა დასჭირდებოდა!

 

ხელისუფლება ამას არ აკეთებს იმიტომ, რომ მაშინ „ლამაზი თვალებისთვის“ (ხშირად პირდაპირი მნიშვნელობით), ან „პარტიულ ამხანაგს“, ან „თანაკლასელ გუნდის წევრს“, ან „მხარდამჭერ საარჩევნო აქტივისტს“ ვერ წაახალისებს პრემიით.

 

ისტორიულად პრემიების მოქმედი სისტემა შექმნა „მოქალაქეთა კავშირმა“, როგორც საკუთარი პარტიის წევრების მატერიალურად წახალისების სისტემა. ამ დროისთვის საბიუჯეტო უწყებათა ხელმძღვანელებს მიეცათ უფლება გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში განესაზღვრათ შრომის ანაზღაურების ზომა. ხელისუფლებისადმი „ლოიალობის სახელმწიფო შესყიდვის“ ეს სისტემა არ შეუცვლია „ნაციონალურ მოძრაობას“ და მას ვერც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ელევა. პრემიების აღნიშნული სისტემა დიდ გავლენას ახდენს კადრების შერჩევის პროცესზეც (ამის შესახებ სხვა ადგილს და სხვა დროს).

 

რატომ ბედავს ხელისუფლება სახელფასო სისტემის მოუწესრიგებლად დატოვებას?

 

ბედავს იმიტომ, რომ ის არ არის ცივილიზებული სამყაროსთვის დამახასიათებელი თვისებების მქონე ხელისუფლება.

 

სიტუაციის შესაცვლელად აუცილებელია სახელფასო სისტემის რეფორმის განხორციელება. ამის უზრუნველსაყოფად საჭიროა საზოგადოებრივი აზრის ზეწოლა ხელისუფლებაზე. კანონმდებლობით უნდა განისაზღვროს, რომ თუ არის რაღაცის კარგად გაკეთებისთვის აუცილებელი პრემია (ხელფასი რისთვისაა?),  მაშინ ცუდად გაკეთებული საქმისთვის უნდა იყოს ჯარიმა!!!

 

თუ ამას ვერ ახორციელებს მოქმედი ხელისუფლება, მაშინ ის უნდა შეიცვალოს ისეთი ადამიანებით, რომელთაც ქვეყნის სამსახურის დროს არგაკეთებული საქმის გამო  იაპონელი მინისტრის მსგავსად მოქცევა თუ არ შეეძლებათ, სინანულში მაინც უნდა ჩავარდნენ.

 

კანონმდებლობაში უნდა შეიქმნას ნორმა, რითაც მაღალი რანგის საჯარო მოხელეებს, სახელმწიფოს სამსახურში ყოფნის დროს სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობისთვის თავიანთი უმოქმედობის გამო, უნდა დაუდგინდეთ სასჯელი - მიღებული გასამრჯელოსა და პრემიების უკან დაბრუნება სახელმწიფოსთვის მიყენებული ზარალის (სახელმწიფოსა და ხალხის მიერ მიუღებელი პოტენციური სიკეთის) ანაზღაურების მიზნით!

 

„ქართული პლატფორმა“

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: