თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ცნობილი რეჟისორისა და მსახიობის, გიგა ლორთქიფანიძის ბიუსტის მარი ბროსეს პიედესტალზე განთავსების თაობაზე, სხვადასხვა მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

 

"მთაწმინდის რაიონში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე სკვერში, რომელსაც თბილისის საკრებულოს  N24  დადგენილებით, 2014 წლის 21 თებერვალს გიგა ლორთქიფანიძის სახელი მიენიჭა, მოქანდაკე ზურაბ წერეთელის მიერ შექმნილი გიგა ლორთქიფანიძის ბიუსტი 7 სექტემბერს განთავსდა.  აღნიშნულ საკითხთნ დაკავშირებით, რეჟისორის ოჯახმა თბილისის მერიას რამდენიმე თვის წინ მიმართა.  თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორილური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის  განთავსების მიზანშეწონილობის  საკითხს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში  შექმნილი სპეციალური კომისია განიხილავს. მას შემდეგ, რაც აღნიშნულმა კომისიამ, გიგა ლორთქიფანიძის ბიუსტის მისსავე სახელობის სკვერში დადგმაზე თანხმობა განაცხადა, დღის წესრიგში დადგა ბიუსტის კვარცხლბეკზე განთავსების საკითხი.

 

როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნულ სკვერში წლების განმავლობაში მარი ბროსეს ბიუსტი იყო განთავსებული, რომელიც 2004 წელს მოიპარეს. ჩატარებული მოკვლევით დადგინდა, რომ სკვერში დარჩენილი კვარცხლბეკის დემონტაჟი და სხვა ადგილას გადატანა შეუძლებელი იყო. ამასთან, სპეციალურმა კომისიამ საკითხზე მსჯელობის შედეგად დაადგინა, რომ აღნიშნული პიედესტალის ტექნიკური პარამეტრები სრულად შეესაბამებოდა მოქანდაკე ზურაბ წერეთლის მიერ შექმნილ ბიუსტს, სწორედ ამიტომ გადაწყდა, აღნიშნულ კვარცხლბეკზე გიგა ლორთქიფანიძის ქანდაკება განთავსებულიყო, მარი ბროსეს ბიუსტი კი, ახალ პიედესტალზე, არსებული ყალიბის გამოყენებით, დედაენის ბაღში დაიდგმება", - ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: