თეა წულუკიანი: ჩემი მიზანია, არავის მივცე საშუალება,გააკრიტიკოს ის რეფორმები, რომლებიც ჩვენს მთავრობას მიჰყავს სამართლებრივ სფეროში

თეა წულუკიანი: ჩემი მიზანია, არავის მივცე საშუალება,გააკრიტიკოს ის რეფორმები, რომლებიც ჩვენს მთავრობას მიჰყავს სამართლებრივ სფეროში

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სტრასბურგში ვიზიტის მიზნებზე ისაუბრა. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ევროსაბჭოში არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა აქვს დაგეგმილი არა მხოლოდ პოლიტიკოსებთან, არამედ ადმინისტრაციასთანაც − ევროსაბჭოს გენერალურ მდივანსა და ვენეციის კომისიის თავმჯდომარესთან, რომელთანაც იუსტიციის სამინისტრო ძალიან აქტიურად თანამშრომლობს.

"ჩემი მთავარი მიზანი არის ის, რომ არავის მივცე საშუალება, ევროპულ დონეზე უსაფუძვლოდ გააკრიტიკოს ქართველი მოსამართლე, გააკრიტიკოს ქართული მართლმსაჯულება და გააკრიტიკოს ის რეფორმები, რომლებიც ჩვენს მთავრობას მიჰყავს სამართლებრივ სფეროში. მთავარი მიზანია, ევროსაბჭოს ჰქონდეს ობიექტური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა რეფორმები მიმდინარეობს საქართველოში", − განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

რაც შეეხება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის ტექსტს, თეა წულუკიანის თქმით, მას კენჭს ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების დეპუტატები უყრიან და გადაწყვეტილებასაც ისინი იღებენ. 

"კენჭისყრის შედეგზე ზემოქმედება არ ძალუძს არცერთი ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას", − დასძინა იუსტიციის მინისტრმა. 

28 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესია მიმდინარეობს. 1-ელ ოქტომბერს ასამბლეაზე კენჭს უყრიან პედრო აგრამუნტის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტს, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოში წინასწარი პატიმრობის კუთხით დარღვევები ფიქსირდება. თუმცა, დოკუმენტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ და საკუთარი შესწორებები აქვთ მომზადებული საქართველოს დელეგაციის წევრებს "ქართული ოცნებიდან". საპარლამენტო დელეგაციის გარდა, სტრასბურგში იმყოფებიან იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და მისი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე. საპარლამენტო ოპოზიციის აზრით კი, სამარცხვინო პრეცენდენტია, როდესაც საპარლამენტო ასამბლეაზე ლობირების მიზნით მთავრობსი წევრი მიავლინეს.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: