ლაშა ტუღუში: ეს ბრძოლა დააზიანებს ყველას!

ლაშა ტუღუში: ეს ბრძოლა დააზიანებს ყველას!

გაზეთ "რეზონანსის" მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის პროცესები, რაც "რუსთავი 2"-ის გარშემო ვითარდება, სერიოზული ზიანის მომტანია მედიაგარემოსთვის.

 

 

"თვითონ "რუსთავი 2"-ს მიაჩნია, რომ ეს არის პოლიტიკური საკითხი. საზოგადოება ამას აღიქვამს პოლიტიკური პროცესის ნაწილად. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროცესში ჩართულია სასამართლო და დავა მიმდინარეობს სასამართლოს გავლით, ყველასთვის ცხადია, რომ ჩვენ ვერ გამოვრიცხავთ ვერანაირად, რომ ამას პოლიტიკური ელფერი დაკრავს. მე არ ვამბობ, რომ ეს არის პოლიტიკური დაკვეთა.

ის პროცესი, რომელიც დღეს ვითარდება "რუსთავი 2"-ის გარშემო, ერთი მხრივ, ძალიან რთულია, მეორე მხრივ, იქნება სერიოზული ზიანის მომტანი მთლიანად მედიაგარემოსთვის, რადგან ეს არის რთული ბრძოლა, სადაც გამარჯვებული არ არსებობს, რადგან ეს ბრძოლა დააზიანებს ყველას", - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

 

მისი თქმით, საჭიროა იმის გააზრება, რა არის მედიაგარემო.

 

"რუსთავი 2"-თან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები დააზიანებს აუცილებლად პოლიტიკურ ძალებს, მათ შორის, მმართველ პოლიტიკური ძალას, დააზიანებს ქვეყნის რეპუტაციას, რადგან როგორადაც არ უნდა შეიფუთოს, როგორც არ უნდა გაემიჯნო ამ პროცესებს და თქვა, რომ ჩვენ არაფერ შუაში არა ვართ, ასეთი აღქმა არ იქნება. აქედან გამომდინარე, გვჭირდება გააზრება იმისა, თუ რა არის ჩვენთვის წითელი ხაზები, რა არის ჩვენთვის მედია, გვაქვს თუ არა ქართულ სახელმწიფოს იმუნიტეტი გამომუშავებული ასეთი ტიპის მედიებთან მიმართებაში. მე ვგულისხმობ პოლიტიზებულ მედიას. ვგულისხმობ იმუნიტეტს - შეგვიძლია თუ არა მოვითმინოთ, ავიტანოთ მედია, რომელიც შესაძლოა, მიგვაჩნდეს, რომ არის პარტიული ხასიათის, აქვს პარტიული ნიშნები, არის პოლიტიკური ფული; გარდა ამისა, ვართ თუ არა იმდენად გაზრდილები დემოკრატიის თვალსაზრისით, რომ ასეთი ტიპის მედიის წინააღმდეგ არ განხორციელდება პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზებით გარკვეული მოქმედებები, რათა შიეცვალოს მესაკუთრე ან საერთოდ გაქრეს", - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: