დავით ბაქრაძე: ვერ ვიზიარებ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ რადარებიდან საქართველო გამქრალია

დავით ბაქრაძე: ვერ ვიზიარებ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ რადარებიდან საქართველო გამქრალია

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, დავით ბაქრაძე არ იზიარებს მოსაზრებას, რომ საქართველო საერთაშორისო რადარებიდან გამქრალია. ამის შესახებ დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, იზიარებს თუ არა პრეზიდენტის მოსაზრებას, რომ საქართველო საერთაშორისო რადარებიდან გაქრა. 

"ბოლო 2-3 წლის განმავლობაში, საერთაშორისო ასპარეზთან დაკავშირებით, მინდა ყურადღება გავამახვილო რამდენიმე საკითხზე: საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარება შემცირდა 1 ქვეყნით, გაიზარდა და ყოველწიურად იზრდება საქართველოს მიერ გაერო-ში წარდგენილი რეზოლუციიის მხარდაჭერა, ევროკავშირთან მიმართებაში ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას, ასევე თავისუფალ სავაჭრო სივრცეს. ჩვენ გვაქვს არსებითი ღონისძიებათა პაკეტი ნატო-სთან დაკავშირებით, ჩვენ წინ მივიწევთ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ბევრი კონკრეტული მიღწევა და შედეგი საერთაშორისო ასპარეზზე. გამომდინარე აქედან, მე ვერ ვიზიარებ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ რადარებიდან საქართველო არის გამქრალი და ეს ხელს უშლის მისთვის მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევას. 

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ზუსტად ის შედეგები, რაც ჩამოვთვალე, იქნას მიღწეული", -განაცხადა ბაქრაძემ. 

"ძნელი იყო, აშშ-ს რადარებიდან საქართველოს გაქრობის თაობაზე არ დათანხმებოდი ამერიკული მხარის მოსაზრებას, როდესაც გაერო-ს ტრიბუნიდან რუსეთის პოლიტიკაზე საუბრისას ბარაკ ობამამ მოიყვანა მხოლოდ უკრაინის მაგალითი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა "არჩევანში" განაცხადა, რითაც აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში მის მიერ გაჟღერებულ შესაბამის მოსაზრებაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.

ქვეყნის პირველი პირის თქმით, მისთვის მძიმე იყო სურათის დანახვა, როდესაც არ ესმოდა საჭირო რიტორიკა. "ეს განცხადება ნიუ- იორკში გაკეთდა. ეს იყო ამერიკული მხარის მოსაზრება, რომელსაც ძნელი იყო არ დათანხმდებოდი იმ ფონზე, როცა გაეროს ტრიბუნასთან იდგა შეერთებული შტატების პრეზიდენტი და ის საუბრობდა მეზობლების მიმართ რუსეთის პოლიტიკის შესახებ მხოლოდ უკრაინის მაგალითზე - ერთადერთი მაგალითი, რომელიც მოიყვანა პრეზიდენტმა ობამამ იყო უკრაინის მაგალითი. ეს იმ ფონზე, როდესაც საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც თავის თავზე იწვნია რუსეთის აგრესია. საქართველო იყო და არის ის ქვეყანა, რომლის ტერიტორიებიც ოკუპირებულია. საქართველოს ხსენება აბსოლუტურად ბუნებრივი იყო, რადგან ეს აჩვენებდა იმ დინამიკას, რომელიც არსებობს – ჯერ საქართველო, მერე უკრაინა. წარმოგიდგენიათ რამდენად მძიმეა, როცა საუბრობენ შენთვის, როგორც ქართველისთვის ყველაზე მტკივნეულ საკითხზე და არ გესმის ის რიტორიკა, რომელიც უნდა გაიგო? არ გესმის ის სიტყვები, რომლებიც იყო მარტივად წარმოსათქმელი? - შეიძლება მე ამ ნაწილში ობამას კრიტიკოსი ვიყო? - ბუნებრივია არა. სამწუხაროდ, საქართველოს იმ ნაწილში, სადაც კითხვის ნიშანი არ არსებობს და სადაც ვართ თავიდან ბოლომდე დაჩაგრული და დაპყრობილი მხარე, აქვს ასეთი ვითარება. ბუნებრივია მე გული მტკივა, როდესაც საჭირო რიტორიკა არ მესმის. მეტიც, როცა ამის მტკიცება მოდის ამერიკული მხრიდან", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: