Iverioni
«    სექტემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
19-11-2012, 17:50
ნანახია: 1277

გოჩა ძასოხოვი: სააკაშვილმა გმირი მიწოდა _ მორჩილებას ელოდა, ვერ მიიღო _ გამწირა!

რუსეთში მყოფი ბიზნესმენი, აგარის შაქრის ქარხნის ყოფილი მფლობელი გოჩა ძასოხოვი ღია წერილს აქვეყნებს. ის იმ პერიოდზე საუბრობს, როდესაც იძულებით ქვეყანა და ბიზნესი დაატოვებინეს. გოჩა ძასოხოვის თქმით, მან უარი თქვა სამხრეთ ოსეთის მეორე ხელისუფლების სათავეში ყოფნაზე, ასევე საქართველოს პარლამენტის წევრობაზე ლიახვის ხეობიდან, სანაცვლოდ კი ხელისუფლებასთან დაპირისპირება და ბიზნესის ჩამორთმევა, მათ შორის აგარის შაქრის ქარხნის წართმევა მიიღო. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი მის მიერ გამოქვეყნებულ წერილს სრულად გთავაზობთ:


"მე მქონდა არჩევანი – შემენარჩუნებინა ბიზნესი, მაგრამ დამეკარგა ღირსება, ან მიმეღო ღირსეული გადაწყვეტილება და დამეკარგა არა მარტო ბიზნესი გამომაქვს ჩემი გულისთქმა თქვენს სამსჯავროზე. ვწუხვარ, რომ ეს წერილით მიწევს, რადგან უკვე ოთხი წელია, რაც საქართველოში არ ვიმყოფები და დღემდე წართმეული (ამ სიტყვის ზუსტი გაგებით) მაქვს ჩამოსვლის უფლებაც. არ მინდა შთაბეჭდილება დაგრჩეთ, რომ ეხლა ვბედავ პრინციპულ საუბარს. 2009 წლის თებერვალში, მაშინ, როცა ძნელი იყო ამის გაკეთება, საჯაროდ მივმართე საქართველოს პრეზიდენტს: "პრეზიდენტო, ნუ შეურაცხყოფთ ერს!". მიმართვა 20 თებერვალს დაიბეჭდა გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკაში". მე მაშინ საქართველოს ყველა მოქალაქეს, ყველა ერის წარმომადგენელს, ყველა ადამიანს, ვისთვისაც სულერთი არ იყო ქვეყნის ბედ-იღბალი, მისი მომავალი – გულახდილად ვუთხარი ჩემი პოზიცია. მხოლოდ ერთ ამონარიდს მოვიტან ამ მიმართვიდან:


"ბატონო პრეზიდენტო, მე არ ვარ ის ადამიანი, საზოგადოების სამსჯავროზე გამოვიტანო ჩვენს შორის პირისპირ, კერძო საუბრების დროს თქვენს მიერ "გაჟღერებული" აზრები და ამით მავანს სენსაციური აღმოჩენების, სკანდალური სჯა-ბაასის საშუალება მივცე. ერთს კი გეტყვით და მოგიწოდებთ, სანამ ჯერ კიდევ არის დრო, დრო შემობრუნებისა სიკეთისკენ, იპოვოთ ძალა საკუთარ თავში, როგორც პიროვნებაში და მიიღოთ ღირსეული გადაწყვეტილება თქვენთვის, ასევე ქვეყნისთვის და გადადექით…"


არც მაშინ მქონდა იმის ილუზია და არც ეხლა მაქვს იმის იმედი, რომ პრეზიდენტი ამას გააკეთებს, რადგან ეს მხოლოდ ძლიერთ ძალუძთ და არა ძალაუფლებაზე შეყვარებულთ, სახელისუფლებო სკამზე მიკერებულთ, როგორიც ის გახლავთ და სწორედ ეს არის საქართველოს უბედურება, ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ საჭირო უამრავი რეალური პროგრესული იდეის რეალიზაციის შემაფერხებელი.


ეს რა გვჭირს, მოაზროვნე და ტვინით გატენილი ადამიანების ქვეყანაში ყველაფერს ერთ კაცს ვწირავდით და სამწუხაროდ, ეს დამანგრეველი განწყობა დღესაც არ არის დაძლეული.


ამ დღეებში არაერთი ჟურნალისტი მთხოვს, უამრავი კეთილისმსურველი მირჩევს სინათლე მოვფინო და ხალხის სამსჯავროზე გამოვიტანო ის ბარბაროსობა, რაც ჩემს ბიზნესთან დაკავშირებით ჩაიდინა პრეზიდენტმა და მისმა პოლიტიკურმა გუნდმა. დიდი მადლობა მათ ასეთიგანწყობისა და დაინტერესებისათვის.


სათქმელი, მართლაც, ბევრი მაქვს. მაგრამ მე არ ვაპირებ ბოლშევიკური მეთოდებით წართმეულ ბიზნესზე საუბარს, არც იმ ადამიანებზე, რომლებიც, მინდა ვიფიქრო, შეცდომაში შეიყვანეს და უსირცხვილოდ გადაუფორმეს ჩემი საკუთრება. ამას, დარწმუნებული ვარ, ჩემზე უკეთ ადვოკატები გააკეთებენ და არც იმაში მეპარება ეჭვი, რომ პროკურატურა სამართლიანად გამოიძიებს და სასამართლოც სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს. მხოლოდ ერთს დავაკონკრეტებ: ბარბაროსულად ჩემს ბიზნესს კი არა, ჩემს ოჯახს, ჩემი ოჯახის ცხოვრების წესს მოექცნენ. ჩემს მეუღლესთან და ხუთ შვილთან ერთად იძულებული გამხადეს ქვეყნიდან გადავხვეწილიყავი.


ჩემთვის დღეს მთავარი ის კი არ არის, რომ მე ბიზნესი წამართვეს, არამედ ის, რომ უამრავ ქართველს, ოსს, აფხაზს, საერთოდ საქართველოს მოქალაქეს – წაგვართვეს საქართველო. დღეს ჩემთვის როგორც საქართველოში მცხოვრები ყოველი მოაზროვნე ადამიანისთვის, მთვარია ამოიძირკვოს ის დამანგრეველი სისტემა, რომელიც წარმოუდგენელი სისასტიკით ებრძვის ხალხს, ქვეყანას, ადამიანს, ღირსებას.


ამ მრავალწლიანმა პროცესმა ბევრ რამეზე დამაფიქრა. ბევრი რამ მასწავლა, მაჩვენა რას ნიშნავს სახელისუფლებო ცინიზმი და ამის პარალელურად პიროვნული ტრაგედია და ტკივილი.


ცინიზმია, როცა ხელისუფალი მორჩილებას გთხოვს ბიზნესის კეთების უფლებისათვის. ეს ქვეყნის ნგრევასაც ნიშნავს.


ტრაგედიაა, როცა შენ იქცევი ღირსეულად – არ კარგავ თავისუფლებას და ამისათვის ისჯები: კარგავ ყოველგვარ მატერიალურს და არა მარტო ბიზნესს.


ისტორიამ არ იცის და დედამიწის ზურგზე არ არსებობს უფრო დიდი კორუფცია, ვიდრე ხელისუფლების კეთილგანწყობით ვაჭრობა. კორუმპირებული ხელისუფლება ყიდის კეთილგანწყობას, ვინც ყიდულობს, მდიდრდება, მაგრამ ღირსებას კარგავს. ვინც არ ყიდულობს – ღირსებას ინარჩუნებს, მაგრამ კარგავს ყველაფერს.


კაცობრიობის ისტორია იმასაც ადასტურებს, რომ ძლიერი ის ქვეყნებია, სადაც ბიზნესში და ბიზნესმენში ღირსებაა გაბატონებული.


მე მქონდა არჩევანი: შემენარჩუნებინა ბიზნესი, მაგრამ დამეკარგა ღირსება, ან მიმეღო ღირსეული გადაწყვეტილება, მაგრამ დამეკარგა ბიზნესი და არა მარტო ბიზნესი.
მე მეორე ავირჩიე. ვამაყობ ამით.


ვამაყობ იმით, რომ ჩემთვის მთავარი იყო, არის და იქნება ქართველთა და ოსთა ძმობა და არა სამხრეთ ოსეთის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი, თუ საქართველოს პარლამენტის წევრობა ლიახვის ხეობიდან და ამით ჩემი ბიზნესის არა მარტო შენარჩუნება, არამედ განუსაზღვრელი განვითარების შესაძლებლობის მიღება.


საშინელებაა, როცა ქვეყანას ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც ვერ იტანს თავისუფალ და წარმატებულ ადამიანს, რომლისთვისაც წარმატებულობის საზომი მისდამი მორჩილება და მონური ერთგულებაა.


გმირი მიწოდა – მორჩილებას ელოდა. ვერ მიიღო – გამწირა. გამწირა იმის გამო, რითაც დღეს ვამაყობ. მე უარი ვთქვი არა უბრალოდ თანამდებობაზე, არამედ უაზრობა ვუწოდე სამხრეთ ოსეთის მეორე მთვრობის შექმნის იდეას, ვთქვი, რომ ვისთვის ვქმნით იმას, რაც არც საქართველოსთვის, არც ქართველების და არც ოსებისთვის არ არის კარგი-თქო. ხალხმა განსაჯოს, სწორი ვიყავი თუ არა. ხალხმა განსაჯოს, სწორი ვიყავი თუ არა იმაში, რომ უაზრობას ვეძახდი ქუჩა-ქუჩა "კოკოითი ფანდარასტ"-ის ძახილით სიარულს. ვთვლიდი, რომ ამით კოკოითს ხელისუფლებაში ყოფნას ვუხანგრძლივებდით, ქართველთა და ოსთა გარედან ინსპირირებულ დაპირისპირებას კიდევ უფრო ვაღრმავებდით.


ერთ დღეში გმირად, წარმატებულ ბიზნესმენად და მეცენატად წოდებული – შერისხული გავხდი. პრეზიდენტის რისხვა სისრულეში მოიყვანეს მისმა მორჩილებმა. გენერალურმა პროკურორმა ადეიშვილმა თქვა: – "გოჩა ძასოხოვის მხოლოდ გვარს დავტოვებთ საქართველოშიო" და თავდაცვის მინისტრ კეზერაშვილის კაბინეტში გამომიცხადეს განაჩენი – "გადააფორმე შენი ბიზნესი ჯოზეფ ქეი-ზე." ამოქმედდა პრეზიდენტის მორჩილი სასამართლო სისტემა – დაუსწრებლად განაჩენი გამომიტანეს, რომელზეც შემდგომ 9 წელი დამიმატეს საკუთარი, ანუ ჩემი სახლის შესყიდვის მცდელობისთვის.


საქართველოს (და არა მარტო საქართველოს) ხელისუფლების მსახვრალ ხელს ყოველთვის ვგრძნობდი. დღემდე ამოუხსნელ ქმედებად მიმაჩნია რუსეთის სპეცსამსახურების მიერ საქართველოს სპეცსამსახურების მოთხოვნით სოჭში ასამბლეის დაფუძნებისას აეროპორტში რუსეთის მოქალაქე ორი ქართველი დელეგატის დაკავება, რომლებიც წლებია თავისუფლად გადაადგილდებოდნენ როგორც რუსეთში, ასევე რუსეთიდან უცხოეთში. მეორე ფაქტიც: ბევრ ეჭვს ბადებს ერთი წლის წინ ასამბლეასთან ურთიერთობის გამო ერთი კეთილი კაცის დაპატიმრება, ასევე ორჯერ ფეესბეს მიერ ასამბლეის ოფისში ჩატარებული მასშტაბური ჩხრეკა.


ყველაფერი ეს ისეთი ცინიზმითა და სისასტიკით მოხდა, თვითონაც მინდა დავივიწყო. დაე უფალმა განსაჯოს. მე კი თავს ვალდებულად ვთვლი, ბოდიში მოვუხადო ყველას, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, ვინც ჩემს გამო ააწიოკეს, ხელოვნური პრობლემები შეუქმნეს, სასტიკად დასაჯეს. მე ვალში ვარ მათ წინაშე, მათი ოჯახების წინაშე. მე ვლოცულობ მათთვის.


ჩემს მსგავს სიტუაციაში საქართველოში უამრავი აღმოჩნდა და ეს ქვეყნის ტრაგედიაა. ალბათ, ბევრმა გაუძლო და არ გაბოროტდა. ჩემთვისაც ეს იყო მთავარი, არ გავბოროტებულიყავი და ჩემს ოჯახთან ერთად საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ დავრჩენილიყავი მადლიერებით.


საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა -კურთხევით 2009 წელს დაფუძნებული "საქართველოს ხალხთა ასამბლეა" – ეს იყო სიყვარულის გზა. იმის ხაზგასმა, რომ სიძულვილის დაძლევა მხოლოდ ერთად ყოფნას, მხოლოდ შენდობას და მონანიებას, მხოლოდ სიყვარულს შეეძლო.
ათასზე მეტი საქართველოს მოქალაქე – ქართველები, ოსები, აფხაზები, ბერძნები, რუსები, უკრაინელები, სომხები, აზერბაიჯანელები. ებრაელები, აისორები, ქურთები შევიკრიბეთ ქალაქ სოჭში. მეცნიერების, კულტურისა და ხელოვნების ორასზე მეტი მოღვაწე და წარმომადგენელი ჩამოვიდა საქართველოდან.


არ იყო მაშინ ამის გაკეთება ადვილი.


დღეს, როდესაც ამ შეხვედრას ვაფასებ, ასე ვფიქრობ, რომ ეს იყო ღირსეულთა შეკრება ღირსეული საქართველოსათვის, მომავლის საქართველოსათვის.


ასამბლეის დაფუძნებაზე პირველი სიტყვა ქართული კინოს პატრიარქმა, დიდმა მოღვაწემ, ყველასათვის საყვარელმა რეზო ჩხეიძემ წარმოთქვა. მადლიერებით ვიხსენებ ყველა მონაწილეს, განსაკუთრებით ვინც პატივი დაგვდო და თავისი გამოსვლით საგულისხმო რჩევები მოგვცა: პროფესორებს მერაბ ჯიბლაძეს, ვალერი ასათიანს, თემურ გუგუშვილს, დიპლომატ პეტრე ჩხეიძეს, კომპოზიტორ ჯემალ სეფიაშვილს, მსახიობ დიმა ჯაიანს, ჟურნალისტ მალხაზ გულაშვილს და სხვებს.
ძნელია სიტყვით იმ განწყობის გადმოცემა, რაც ცნობილ მწერალ გურამ ოდიშარიას გულიანი ნაწარმოების მიხედვით თანამედროვეობის ერთ-ერთი გამოჩენილ რეჟისორ თემურ ჩხეიძის მიერ სოხუმის დრამატულ თეატრში შექმნილ ბრწყინვალე სპექტაკლზე "ზღვა, რომელიც შორია" – მოხდა. ოვაცია მსახიობთა თამაშის გამო, დუმილი და ცრემლი სპექტაკლის შინაარსის გამო ერთად იყო დარბაზში სოჭის "იმერეთის ველზე". მრავალგზის მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი, საქართველოს დიდი მეგობარი ალექსანდრე ივანიცკი პატარა ბავშვივით ტიროდა…სპექტაკლის გმირებს, დიმა ჯაიანს და ლილი ხურითს დიდი სიყვარული დაუდასტურეს – რუსმაც, ოსმაც, აფხაზმაც. ეს მართლაც დიდი დღე იყო. საქართველოს მომავალზე მშვიდობიან კავკასიაზე ფიქრის დღე.


ამ დღიდან მოყოლებული ასზე მეტი დიდი და პატარა ღონისძიება ჩავატარეთ. საყრდენი შოთა რუსთაველი იყო:


"ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია".


დიდი ზეიმი იყო ქართულ და ოსურ ენებზე დარიალის ხეობაში ამ წარწერით ბარელიეფის გახსნა. ვამაყობ იმით, როგორი ერთობით ცხოვრობენ ქართველები და ოსები ვლადიკავკაზში, როგორი პატივისცემით არიან ოსები ქალაქის ცენტრში მდებარე ქართული სკოლისადმი, როგორ უვლიან იმ სახლს, სადაც საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქი ილია მეორე დაიბადა, იმ ეკლესიას, სადაც მოინათლა საქართველოს სულიერი მამა. ამაში ნათლად დარწმუნდნენ საქართველოს დელეგაციის ის წევრები, რომლებიც ასამბლეამ მოიწვია ვლადიკავკაზში ქართველთა და ოსთა მეგობრობის დღეებზე. სწორედ ამ შეხვედრების გამოძახილი იყო თბილისში "ქართულ-ოსური მისიის" დაფუძნება. ვფიქრობ, ამ მისიას მისი შემადგენლობიდან და იდეიდან გამომდინარე, დღეს განსაკუთრებული როლის შესრულება შეუძლია. ეჭვი არ მეპარება, შეძლებენ კიდეც.


გული მწყდება, რომ საქართველოში ბევრმა არ იცის, რა მოხდა ერთი წლის წინ სოჭის დრამატულ თეატრში ოსური კულტურის დღეების დახურვისას, როცა ქართველმა პატრიოტმა და ოსების დიდმა მეგობარმა, თემურ შაშიაშვილმა თავისი ემოციური და უაღრესად მეგობრული გამოსვლა ასე დაიწყო: "ერთდროულად ვნანობ და ამაყი ვარ…" და თქვა: "ქართველებს, აფხაზებს, ოსებს, ერთმანეთის გარეშე არ გვაქვს მომავალი – ნუ შევწირავთ ჩვენს მომავალს პოლიტიკოსებს" – დარბაზში საოცარი ემოცია მოყვა, ხოლო როცა მან ცნობილი მოქანდაკის მერაბ ბერძენიშვილის მილოცვა და რეზო ამაშუკელის მიმართვა წაიკითხა ოსი ხალხისადმი – დარბაზში წარმოუდგენელი რამ მოხდა. ბატონი რეზოს სიტყვებზე:


"ძმებო, ოსებო, მეც ალანი ვარ და ის ქართველი, რომელსაც ვერასოდეს ააგლეჯენ გულიდან თქვენს სიყვარულს და პატივისცემას! შეჩვენებული მყავს ყოველი, ვინც ჩვენს შორის წყალი აამღვრია. უცოდველი ღმერთია მხოლოდ.სამი შვილიშვილი მყავს და სამივე ვაჟია. მათ აქედანვე ვუნერგავ თქვენდამი ძმობას" – მსოფლიოს 40 ქვეყნიდან ჩამოსული ოსები ფეხზე დაუდგნენ, დარბაზი სიხარულის ცრემლით, და, ასე მგონია, იმედით გაივსო.


ეს დარბაზი დიდი გაკვეთილი იყო ყველასათვის, განსაკუთრებით პოლიტიკოსებისა და ხელისუფალთათვის. ამის თაობაზე კარგად თქვა ცნობილმა დიპლომატმა, ამ შეხვედრაზე იუნესკოს სახელით გამოსულმა ალექსანდრე ძასოხოვმა. ამ დარბაზმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ქართველებსა და ოსებს შორის პოლიტიკური ფარიკაობა უნდა დასრულდეს – დღეს "სიმდისა" და "დაისის" დროა.


ამ განწყობით ვემზადებით "საქართველოს ხალხთა ასამბლეის" ოთხი წლისთავისათვის, რომლის ჩატარებას მომდევნო წლის მაისში ვგეგმავთ თბილისში. ჩვენ ვაპირებთ ანგარიშის ჩაბარებასაც და მომავლის პროგრამის წარდგენასაც. ამაზე მუშაობა უკევ დიდი ხანია დავიწყეთ. ხალხი ნახავს ჩვენი მუშაობის შედეგებს და შეფასებასაც მისცემს.
დღეს, როცა ყველაფერ ამას ვაანალიზებ და ვფიქრობ მომავალზე, მტანჯავს ერთი აზრი: როგორ შეიძლება ქვეყანა არ იყენებდეს იმ ინტელექტუალურ პოტენციალს, რომელიც საქართველოს გარეთ გასულების სახით აქვს ჩვენს ქვეყანას. ნებისმიერი სახელმწიფო, როგორი დიდიც არ უნდა იყოს იგი, იამაყებდა იმ სამეცნიერო და სახელოვნებო მიღწევებით, რომლებიც საქართველოდან წასულებს აქვთ უცხოეთში. ეჭვი მეპარება, რომ პრეზიდენტს, ან სხვა მაღალი რანგის რომელიმე ხელმძღვანელს შეუძლია უცხოეთის ქვეყნებთან ისეთი კავშირების დამყარება, როგორიც შეუძლიათ ამ ქვეყნებში მცხოვრებ საქართველოსთან დაკავშირებულ ადამიანებს. ვიცი, ევროპის ქვეყნებში, უკრაინაში, საერთოდ დსთ-ს ქვეყნებში, განსაკუთრებით რუსეთში მოღვაწე საქართველოს მოქალაქეების პოტენციალი, ავტორიტეტი, ადგილობრივ ხელისუფალთა განწყობა მათდამი და სულ ვფიქრობ, რომ მხოლოდ მტერი უნდა იყო შენი ქვეყნის, რომ ეს არ გამოიყენო. სწორედ მტერი უნდა იყო შენი ქვეყნის, რომ არ გამოიყენო საქართველოსა და ქართველი ხალხისადმი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ხალხების, განსაკუთრებით მეცნიერთა და კულტურის მოღვაწეთა კეთილი განწყობა. უდიდეს პოტენციალს ვგრძნობ რუსი და ქართველი მოღვაწეების (და არა პოლიტიკოსების) თანამშრომლობაში საქართველოსათვის. ჩვენ ვმუშაობთ ამ პროექტებზე, რომელთაგან ერთის განხორციელება მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტთან ერთად უკვე წელსვე იგეგმება. მისი მხარდამჭერი და ინიციატორი მსოფლიოში ცნობილი მეცნიერი, საქართველოს დიდი მეგობარი, მოსკოვის უნივერსიტერის რექტორი აკადემიკოსი სადოვნიჩია. მხოლოდ ქვეყნის მტერს შეუძლია ამ ურთიერთობების ხელის შეშლა, უნივერსიტეტების თანამშრომლობაში მონაწილეობაზე უარის თქმა.


მარტივი რამ არის საჭირო, რომ არ იყო შენი ქვეყნის მტერი: გიყვარდეს შენი ხალხი და ქვეყანა, უარი თქვა სიძულვილის ენაზე, ეყრდნობოდე ბიბლიურ ჭეშმარიტებას: "გიყვარდეს მტერი შენი", შეგეძლოს შენდობა და მონანიება.


შენდობისა და მონანიების გარეშე საქართველოს, საერთოდ კავკასიის შვილებს არ გვაქვს მომავალი. სიძულვილის ენაზე მოლაპარაკე არც ერთ ადამიანს, მით უფრო პოლიტიკოსს და კიდევ უფრო, ამ ენაზე მოლაპარაკე ხელისუფლების ქვეყანას არ აქვს მომავალი.


სიძულვილის ენის შედეგია 2007 წლის 7 ნოემბერი, 2008 წლის 8 აგვისტო, 2011 წლის 26 მაისი. სიყვარულის ენამ მოიტანა 2012 წლის 1 ოქტომბერი.


საქართველო რომ მომავლის ქვეყანაა, ეს დაადასტურეს საქართველოს მოქალაქეებმა, ქართველმა ხალხმა, საქართველოში მცხოვრებმა ოსმაც, აფხაზმაც, სომეხმაც აზერბაიჯანელმაც, რუსმაც, ებრაელმაც პირველ ოქტომბერს, როდესაც უარი უთხრეს სიძულვილის ენაზე მოლაპარაკე ხელისუფლებას.


იმედიანად ვარ. საქართველოში ტრადიციული სიყვარული ბრუნდება, ადამიანთა ურთიერთობები თბება, იმედი ძლიერდება.


ბიძინა ივანიშვილმა საოცარი გონიერებით წარმართა ის პროცესი, რომლის გამოცდილებაც საერთოდ არ ჰქონდა და მოიგო არჩევნები და დღეს იმის კეთების დრო მოიყვანა, რაც კარგად იცის, რაშიც წარმატებულია… ეჭვი არ მეპარება, რომ სამართლიანობა აღდგება, საქართველო დემოკრატიის გზით ივლის, ადამიანი თავისუფალი იქნება. თავისუფალ ადამიანთა ერთობას კი სასწაულის მოხდენა შეუძლია.


მწამს და მჯერა, რომ საქართველოს მომავალიც ეს არის", – აღნიშნულია წერილში.