Iverioni
«    აპრილი 2021    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 
აპრილი 2021 (2)
მარტი 2021 (4)
თებერვალი 2021 (9)
იანვარი 2021 (6)
დეკემბერი 2020 (4)
ნოემბერი 2020 (9)
6-10-2015, 18:18
ნანახია: 1014

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კვებითი მომსახურების შესყიდვის მიზნით 2013-2014 წლებში ჩატარებულ ტენდერებში მონაწილეობა ნებისმიერ კომპანიას შეეძლო და ამ კუთხით რაიმე სახის შეზღუდვა არ ყოფილა. 

"სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნასთან დაკავშირებით, რომელიც 2013-2014 წლებში კვებითი მომსახურების შესყიდვის მიზნით ჩატარებულ ტენდერებს და ამავე წლებში გაცემულ პრემიების საკითხს ეხება, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო აცხადებს, რომ როგორც იმდროინდელი დოკუმენტაციით ირკვევა, კვებითი მომსახურების შესყიდვის მიზნით 2013-2014 წლებში ჩატარებულ ტენდერებში მონაწილეობა ნებისმიერ კომპანიას შეეძლო და ამ კუთხით რაიმე სახის შეზღუდვა არ ყოფილა. 

ამავე დოკუმენტების თანახმად, დროის უქონლობის გამო შეიქმნა ექსტრემალური ვითარება და სატენდერო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც თავიდან აიცილა მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა კვების ორგანიზების ჩაშლა", - აღნიშნულია განცხადებაში. 

რაც შეეხება 2013-2014 წელს გაცემული პრემიების საკითხს, რაზეც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში ასევეა საუბარი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განმარტებით, "თუ სახელმწიფო აუდიტის სამსახური თვლის, რომ როგორც კვების ტენდერების, ისე პრემიების გაცემის საკითხში შეინიშნება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, მიმართოს მთავარ პროკურატურას კანონით დადგენილი წესით გამოძიების დაწყების მიზნით". 

"სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მიესალმება, ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში, ობიექტური გამოძიების მხრიდან ჭეშმარიტების დადგენას და მომავალშიც მზადყოფნას გამოთქვამს იყოს ღია და გამჭვირვალე საზოგადოების წინაშე", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, სასჯელაღსრულების სამინისტროში 2013-2014 წლებში თანამშრობლებზე გაცემული პრემიების გადაწყვეტილება ხშირად დაუსაბუთებელია. ასევე მათივე განმარტებით, აღნიშნულ პერიოდში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კვებითი მომსახურების შესყიდვის მიზნით 14 ტენდერი ჩატარდა და ყველა ტენდერში გამარჯვებულად შპს "G.M.M." გამოვლინდა.