დავით სერგეენკო: მართლაც უდიდესი შესაძლებლობების მქონე პროექტია!

დავით სერგეენკო: მართლაც უდიდესი შესაძლებლობების მქონე პროექტია!

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დღეს ტექნოლოგიურ ინსტიტუტის შექმნასთან დაკავშირებით უცხოელ სპეციალისტებს მასპინძლობდა.

 

მინისტრი ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის, CERN-ის სამეცნიერო დირექტორს სერჯიო ბერტოლუჩის, CERN-ის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის მრჩეველს ქრისტოფ შეფერს, ბირთვული ფიზიკის ეროვნული ინსტიტუტის პრეზიდენტ ფერნანდო ფერონის, ფიზიკოს გია დვალსა და საერთაშორისო ექსპერიმენტატორ თემურ ლომთაძეს შეხვდა. შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართა.

 

დავით სერგეენკომ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, საზოგადოებას სწორი აღქმა და მოლოდინები ჰქონდეს იმისათვის, რა იგეგმება და რა იქნება სწორი საქართველოსთვის.

 

"ზოგადად სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროექტის შესახებ, რომელიც სულ ახლახან გაცხადდა, ამ პროექტს შესაძლოა დიდი გავლენა აღმოაჩნდეს ჯანდაცვაში, კერძოდ, ონკოლოგიაში. ზოგადად კლინიკურ მედიცინაში სასწაულები არ ხდება ხოლმე, თუმცა ეს გვაძლევს შესაძლებლობას, რადიაციულ თერაპიაში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული მიმართულება, რომლითაც ათიათასობით პაციენტმა იმკურნალა, პოტენციურად ძალიან დადებითი გავლენა აღმოაჩნდეს ჩვენი პაციენტებისათვის. მოგვეცემა საშუალება, რომ ამ პროექტის ფარგლებში, მოვამზადოთ ჩვენი სპეციალისტები არა მხოლოდ ამ კონკრეტულ მიმართულებაში, არამედ ზოგადად რადიაციულ თერაპიაში. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ტექნოლოგიას, თავისთავად ის ვერ შექმნის ვერაფერს, თუ ის სწორად არ დაინერგა. ამ პროექტის ყველაზე დადებითი მხარე ის არის, რომ ჩვენ ამის შესაძლებლობა გვეძლევა. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას სწორი აღქმა და მოლოდინები ჰქონდეს იმისათვის, რა იგეგმება და რა იქნება სწორი საქართველოსთვის", - განაცხადა სერგეენკომ.

 

რაც შეეხება სერვისებით სარგებლობას, მინისტრის თქმით, ამას სჭირდება ტექნოლოგიების დაგეგმვა, რომელიც ხანგრძლივი პროცესია, თუმცა საწყისი ეტაპიდან შესაძლებლობა იქნება, რომ სპეციალისტები მომზადდნენ.

 

"რაც შეეხება იმას, როდის იქნება სრული ინფორმაცია, მეც ეს საკითხი წამოვჭერი დღევანდელ შეხვედრაზე. შევთანხმდით, რომ უმოკლეს ვადებში თბილისში იგეგმება კონფერენცია, ჩვენი სპეციალისტების და საერთაშორისო სპეციალისტების ჩართულობით, სადაც კონკრეტულად უკვე სპეციალისტები და ექსპერტები ისაუბრებენ ამ მიმართულების განვითარებაზე. რაც შეეხება იმას, ეს ტექნოლოგია როდის მიეწოდება პირველ პაციენტს, ვფიქრობ, ამაზე სპეციალისტებმა უნდა ისაუბრონ, რადგან ესაა დამოკიდებული ინფრასტრუქტურის შექმნასა და ტექნიკით აღჭურვაზე. როგორც გაცხადებული იყო, პროექტს 5 წელი დასჭირდება, შეიძლება უფრო მალე მივაღწიოთ ამას, თუმცა პირველი და მნიშვნელოვანი არის სწორი აღქმა და სწორი მოლოდინები საზოგადოების მიერ, რასაც აუცილებლად გავაკეთებთ უმოკლეს ხანებში. დამერწმუნეთ, ეს არის მართლაც უდიდესი შესაძლებლობების მქონე პროექტი", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

ტექნოლოგიური უნივერსიტეტის და ადრონული თერაპიის თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის ჩამოყალიბების ინიციატივა ფონდ "ქართუს" დამფუძნებელს, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. პროექტის ჯამური ღირებულება საორიენტაციოდ 500 მილიონ ევროს შეადგენს.

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: