მანანა კობახიძე: ქალ პარლამენტარებს საქმიანობის იდენტური სტილი და გამოწვევები გვაქვს

მანანა კობახიძე: ქალ პარლამენტარებს საქმიანობის იდენტური სტილი და გამოწვევები გვაქვს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მანანა კობახიძე მეხიკოში მიმდინარე "პარლამენტარ ქალთა გლობალურ ფორუმში" მონაწილეობს.

 

ღონისძიებას 80 ქვეყნის პარლამენტარი ქალები ესწრებიან. მანანა კობახიძემ დღეს კოლეგებს სიტყვით მიმართა და ყურადღება გაამახვილა საქართველოში კანონმდებელი ქალების საქმიანობაზე, ქალთა უფლებების დაცვასა და პოლიტიკურ პროცესებში მათი ჩართულობის ხარისხზე. მოხსენებაში საუბარი შეეხო დევნილი ქალების პრობლემებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქალთა და გოგონათა უფლებების დარღვევის ფაქტებს.

 

"გასული სამი დღის მანძილზე ძალიან სიღმისეულად განვიხილეთ უმნიშვნელოვანესი თემები და, შეიძლება ითქვას, მივედით იმ დასკვნამდე, რომ როდესაც საუბარი შეეხება გენდერული თანასწორობის იდეას, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რომელ სახელმწიფოს, რეგიონს ან კონტინენტს წარმოადგენს თითოეული ჩვენგანი - ქალ პარლამენტარებს გვაქვს საქმიანობის იდენტური სტილი, მსგავსი პრობლემები და გამოწვევები. დიახ! ჩვენ მოგვეთხოვება, ვიყოთ საუკეთესო დედები, საუკეთესო მეუღლეები, საუკეთესო შვილები, საუკეთესო დები და ამავდროულად ვიყოთ სანიმუშო პოლიტიკოსები.

ეს ნამდვილად არ არის მარტივი. ამის თქმის საშუალებას, პირველ ყოვლისა, პირადი გამოცდილება მაძლევს - როდესაც მე და ჩემი კოლეგები ოპოზიციური ფლანგიდან უმძიმეს პირობებში ვიბრძოდით ხელისუფლებაში მოსასვლელად და განსაკუთრებით მწვავე სიტუაციაში  სწორედ ქალბატონებს გვიწევდა მუშაობა. თუმცა, დღეს მე ვარ ამაყი. ამაყი იმით, რომ ჩვენი კოალიცია 2012 წელს მოვიდა ხელისუფლებაში და პირველად, როგორც კანონმდებელს, საშუალება მეძლევა, თანამოაზრეებთან ერთად ვიზრუნო ქვეყნის განვითრებაზე. ზემოთქმულის ფონზე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ქალებისთვის პოლიტიკურ ასპარეზზე წარმატების მისაღწევად გადამწყვეტ ფაქტორს განათლება და პროფესიული უნარ-ჩვევები წარმოადგენს. ამდენად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ახალგაზრდებს, გოგონებს მივცეთ რაც შეიძლება ფართო შესაძლებლობები განათლების მისაღებად, იქნება ეს პროფესიული თუ უმაღლესი განათლება; ამავდროულად ხელი შევუწყოთ მათი ცნობიერების ამაღლებას ადამიანის ძირითადი უფლებების, განსაკუთრებით კი, ქალთა უფლებების კუთხით. ეს ყოველივე საბოლოო ჯამში პიროვნებას ჩამოაყალიბებს დამოუკიდებელ და აქტიურ მოქალაქედ, რაც წარმატებული პოლიტიკური საქმიანობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა მანანა კობახიძემ.

 

 

მისი თქმით, საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლებს, ყოველდღიურად უწევთ კანონშემოქმედებითი საქმიანობა და აღნიშნული ბერკეტი გამოყენებული უნდა იყოს თითოეული მოქალაქის, მათ შორის ქალბატონებისა და გოგონების განათლების უფლების რეალიზაციის, მათი პიროვნული განვითარებისთვის სათანადო გარანტიების შექმნის კუთხით.

 

 

"აღნიშნული მიზნით უპრიანია გენდერულად სენსიტიური ბიუჯეტების დაგეგმარება, რომელიც ორიენტირებული იქნება თანაბრად, ქალებისა და კაცებისთვის სათანადო პირობების შექმნაზე. ხოლო საჭიროებისამებრ მასში გათვალისწინებული იქნება ქალთა როლის გაძლიერებისთვის დამატებითი რესურსები. სწორედ ამიტომ, პარლამენტებს ეკისრება განსაკუთრებული როლი გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის საქმეში," - აღნიშნა კობახიძემ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: