დიმიტრი ქუმსიშვილი:ქვეყნის სტრატეგიული ადგილმდებარეობა ევროპა-აზიის გასაყარზე მაქსიმალურად გამოვიყენოთ!

დიმიტრი ქუმსიშვილი:ქვეყნის სტრატეგიული ადგილმდებარეობა ევროპა-აზიის გასაყარზე მაქსიმალურად გამოვიყენოთ!

თბილისის რიტუალების სასახლეში თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა, რომელზეც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა.

 

მიღებას დაესწრნენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სინძიან-უიღურეთის ავტონომიური რეგიონის მმართველი შოხრატ ზაკირი და სხვა ოფიციალური პირები.

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი მიზნად ისახავს იდეების, გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას როგორც აღდგენილი აბრეშუმის გზის მონაწილე ქვეყნებს, ასევე სხვა სახელმწიფოებს შორის.

 

"უკანასკნელ წლებში განხორციელებული რეფორმების წყალობით, აბრეშუმის გზის ქვეყნების ეკონომიკები მყარი და მზარდია. ამასთან, მიუხედავად იმისა, თუ რა წარმატებას შეგვიძლია მივაღწიოთ ინდივიდუალურად, ვერასოდეს მივაღწევთ საკუთარი პოტენციალის სრულ გამოყენებას რეგიონალური თანამშრომლობის გარეშე. ერთად მუშაობის შედეგად ჩვენ შევძლებთ გავუზიაროთ ერთმანეთს საუკეთესო გამოცდილება, მაქსიმალურად გამოვიყენოთ შესაძლებლობები და ეფექტურად გავუმკლავდეთ გამოწვევებს," - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

მინისტრის განცხადებით, "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმმა თავი მოუყარა სხვადასხვა ქვეყანას, ბიზნესს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოების სექტორს, რითაც მოხდება საყოველთაოდ მომგებიანი პროექტებისა და ინიციატივების განხილვის, აღორძინებისა და განვითარების, ძველი მეგობრული ურთიერთობების გაძლიერებისა და ახალი პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბების უზრუნველყოფა. სხვა მრავალი ახალი ინიციატივის ფეხდაფეხ, პეკინიდან ბრიუსელამდე გადაჭიმული სარტყელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის".

 

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, ბიზნესის კეთების თვალსაზრისით საქართველოს, როგორც რეგიონალური ჰაბის,  როლი სულ უფრო იზრდება.

"ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს რეგიონალურ პარტნიორებთან ურთიერთობების გამყარების მიმართულებით. ჩვენი მიზანია მაქსიმალურად გამოვიყენოთ ქვეყნის სტრატეგიული ადგილმდებარეობა ევროპა-აზიის გასაყარზე და აღვადგინოთ ჩვენი, როგორც ევროაზიის კონტინენტზე ვაჭრობისა და მიმოცვლის ხელშემწყობის როლი. ჩინეთის ხელმძღვანელობით შექმნილი ახალი აბრეშუმის გზის პროექტი მიზნად ისახავს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ხიდის აღდგენას. საქართველო მზადაა საკუთარი წვლილი შეიტანოს ამ მნიშვნელოვანი ხედვის წარმატებით ხორცშესხმაში," - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, ფორუმის მსვლელობისას გაგრძელდება მსჯელობა რეგიონალურ თანამშრომლობაზე ყველა ძირითადი მიმართულებით, როგორიცაა ტრანსპორტი, ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, ტურიზმი და ქვეყნებს შორის ვაჭრობა. გარდა ამისა, ქართული მხარე ასევე მნიშვნელოვან შედეგებს ელის ფართომასშტაბიანი ე.წ. B2B შეხვედრებიდან.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით 2015 წლის 15-16 ოქტომბერს ქ. თბილისში პირველად ტარდება "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი". მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს მთავრობა, თანაორგანიზატორი - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა. ქართული მხრიდან ფორუმის საორგანიზაციო საკითხებს წარმართავენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და საგარეო საქმეთა სამინისტროები.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: