გიორგი კვირიკაშვილი: საქართველოს აქვს ბევრი პირობა, რაც უცხოური ინვესტიციებისთვის მიმზიდველია!

გიორგი კვირიკაშვილი: საქართველოს აქვს ბევრი პირობა, რაც  უცხოური ინვესტიციებისთვის მიმზიდველია!

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა "აბრეშუმის გზის" ფორუმის მონაწილეებს მიმართა. მინისტრმა მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში თემაზე: "აბრეშუმის გზის აღორძინება - ახალი შესაძლებლობები სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად" და ვრცლად ისაუბრა საქართველოს როლზე "აბრეშუმის გზის" პროექტში და მთავრობის სტრატეგიაზე გაზარდოს და გააძლიეროს ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია.

 

"ეს ინიციატივა დააახლოებს ქვეყნებს, გაზრდის თანამშრომლობის დონეს. ეს არის სტრატეგიული იდეა, რომელიც შეცვლის თანამშრომლობის დონეს და სასიკეთო იქნება აბრეშუმის გზის ყველა ქვეყნისთვის. ჩვენ გვწამს ამ პროექტის სტრატეგიული მიზნების. საქართველოს აქვს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა, თუმცა მარტო გეოგრაფიული მდებარეობა არაფრის მომცემია, თუ ჩვენ არ გავატარებთ მნიშვნელოვან რეფორმებს და არ გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას. საქართველოს მთავრობა თანმიმდევრულად მიჰყვება რეფორმების გზას, ჩვენ ახლა ვადგენთ 2015 წლის შემდგომი განვითარების მიზნებს და შესაბამისად პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობა ისეთ სფეროებში როგორიცაა ვაჭრობა, ტრანსპორტი, ეკონომიკა და ადამიანური კონტაქტები მნიშვნელოვანია 2015 წლის შემდგომი განვითარების დღის წესრიგის რეალიზაციისთვის"-აღნიშნა მინისტრმა.

 

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს აქვს ბევრი პირობა, რაც მას მიმზიდველს ხდის უცხოური ინვესტიციებისთვის, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მეზობელ ქვეყნებთან და თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება ევროკავშირთან. მისივე მოსაზრებით აბრეშუმის გზის პროექტის წარმატება დიდწილად არის დამოკიდებული მასში მონაწილე თითოეული ქვეყნის ძალისხმევაზე განავითაროს საკუთარი შესაძლებლობები და ინფრასტრუქტურა.

 

"ყოველივე ეს საქართველოს ხდის მიმზიდველს პირდაპირი ინვესტიციების განხორციელებისათვის ევროპიდან, შუა აზიიდან და ახლო აღმოსავლეთიდან. ეს კონფერენცია ასრულებს საინფორმაციო როლსაც, რათა მეტ ქვეყანას მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის შესახებ. საქართველომ მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა, გვაქვს რეფორმების დღის წესრიგი და ძალიან ბევრს ვაკეთებთ, რომ ეს რეფორმები წარმატებულად განხორციელდეს. ერთი პარალელი მინდა მოვიყვანო. ფიზიკაში არის ორი ტიპის ელექტროკავშირი - პარალელური და მიმდევრობითი. თუ ამ მიმდევრობით წრედში რომელიმე ნათურა გადაიწვა, ის არ მუშაობს. მაგრამ თუ პარალელურია, არის რამდენიმე მარშუტი , რომელიც კომპენსაციას მოახდენს მეორე მარშუტისა. ამიტომაც ეს აბრეშუმის გზა, პრაქტიკულად არის ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც ყველა ქვეყანას უნდა ახსოვდეს, რომ იმისთვის, რომ ამ სტატეგიული პროექტიდან სარგებელი მიიღოს, ისინი უნდა იყვნენ სათანადოდ მომზადებული, საჭიროა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, იმას რასაც ვაკეთებთ საქართველოში, კონკურენცია და მნიშვნელოვანი რეფორმები" -განაცხადა მინისტრმა.

 

დისკუსიაში მონაწილეობდნენ ცნობილი ეკონომისტი სიმეონ ჯანკოვი, ყაზახეთის ეროვნული ეკონომიკის მინისტრი ერბოლატ დოსაევი, ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრი აბდულ სატარ მურადი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შანხაის პროვინციის ვიცე-გუბერნატორი უანგ ლისია, გაეროს ევროპული ეკონომიკური კომისიის (UNEჩE) მდგრადი ტრანსპორტის განყოფილების დირექტორი ევა მოლნარი და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (ჭთO) გენერალური დირექტორის მოადგილე დევიდ შარკი.

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: