დავით საგანელიძე: არც ერთი შეთანხმება ორ სახელმწიფოს შორის საზოგადოების ფარულად არ იქნება!

დავით საგანელიძე: არც ერთი შეთანხმება ორ სახელმწიფოს შორის საზოგადოების ფარულად არ იქნება!

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ აზერბაიჯანული გამოცემა "ჰაქინის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, რომ არც ერთი შეთანხმება ორ სახელმწიფოს შორის ხალხისგან ფარულად არ იქნება.

 

"ხელისუფლება აბსოლუტურად ღიაა, გახსნილია საზოგადოებისთვის. ყველა იმ მიმართულების შესახებ, რაზეც ჩვენ ვმუშაობთ, პირველ რიგში, ინფორმაცია მიწოდებული აქვს პარლამენტს, მაგრამ, თუ მუშა პერიოდში არსებობს შეხვედრები, რომელზეც დღესდღეობით საუბარი არ არის, რათა გარკვეულად ამ პროექტის შეფერხება არ მოხდეს, შესაძლოა, ამაზეა საუბარი, თუმცა საბოლოო ჯამში, მინდა დაგარწმუნოთ, რომ არც ერთი გადაწყვეტილება, არც ერთი შეთანხმება ამ ორ სახელმწიფოსა და ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს შორის ხალხისა და საზოგადოების ფარულად არ იქნება", - განაცხადა დავით საგანელიძემ.

 

აზერბაიჯანი თბილისში საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოებს, - ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული გამოცემა "ჰაქინი" ავრცელებს. გამოცემის თანახმად, აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერი აბიდ შარიფოვი და "აზერბაიჯანის რკინიგზის" თავმჯდომარე ჯავიდ ყურბანოვი საქართველოს მოულოდნელი ვიზიტით ესტუმრნენ.

 

"აღსანიშნავია, რომ მეზობელ სახელმწიფოში აზერბაიჯანელი მაღალჩინოსნების დაგეგმილ ვიზიტზე არანაირი ინფორმაცია არ გავრცელებულა. შარიფოვისა და ყურბანოვის ვიზიტზე ცნობილი გახდა სახელმწიფო სააგენტო "აზერტაჯის" მწირე ინფორმაციიდან, რომლის მიხედვითაც, ჩინოვნიკებმა თბილისში ჰეიდარ ალიევის ძეგლი ყვავილებით შეამკეს.

უცნობია აზერბაიჯანელი ჩინოვნიკების ვიზიტის მიზანიც. თუმცა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ აზერბაიჯანულმა დელეგაციამ ქართულ მხარესთან მოლაპარაკებების დროს მთელი რიგი პრობლემები უნდა მოაგვაროს. პირველ რიგში, ეს არის გაზის ომი ქართული ბაზრისთვის, საიდანაც "გაზპრომი" "სოკარის" განდევნას ცდილობს. ამასთანავე, დელეგაციაში "აზერბაიჯანის რკინიგზის" თავმჯდომარეობის მონაწილეობა შეიძლება ავხსნათ იმ პრობლემებით, რომლებიც უკავშირდება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ქართული მონაკვეთის ექსპლუატაციაში შეყვანას", - წერს გამოცემა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: