კახა კალაძე: პოლიტიკურად გაკოტრებული პარტიები ცდილობენ, თავი შეახსენონ მოსახლეობას!

კახა კალაძე: პოლიტიკურად გაკოტრებული პარტიები ცდილობენ, თავი შეახსენონ მოსახლეობას!

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე "გაზპრომთან" გამართული სამუშაო შეხვედრის გამო, ბოლო დღეებში ზოგიერთი პოლიტიკოსის თუ პარტიის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, არაჯანსაღ ეიფორიას უწოდებს.

 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, "გაზპრომთან" დღეს მოქმედ ხელშეკრულებას 2003 წელს მოეწერა ხელი და მას შემდეგ 21 დამატება იქნა გაფორმებული, ვადის გაგრძელებისა და სხვადასხვა ტექნიკური საკითხების დარეგულირების მიზნით.

 

"მაქსიმალურად გადავდეთ ჩვენი კომენტარი იმ არაჯანსაღ ეიფორიაზე, რაც ეს ბოლო დღეები ზოგიერთი პოლიტიკოსის თუ პოლიტიკური პარტიის მიერ იქნა ატეხილი "გაზპრომთან" გამართული სამუშაო შეხვედრის გამო. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ წლებია, არსებობს კომუნიკაცია და ხელშეკრულება აღნიშნულ კომპანიასთან და ეს პირველ რიგში მათ იციან, ვინც ახლა ყველაზე ხმამაღლა ყვირის. "გაზპრომთან" დღეს მოქმედ ხელშეკრულებას 2003 წელს მოეწერა ხელი და მას შემდეგ 21 დამატება იქნა გაფორმებული ვადის გაგრძელებისა და სხვადასხვა ტექნიკური საკითხების დარეგულირების მიზნით. "გაზპრომთან" არსებული ხელშეკრულების ფარგლებში ყოველწლიური შეხვედრები იმართებოდა ახლაც, სააკაშვილის რეჟიმის დროსაც და მანამდეც... გარდა ტრანზიტის საფასურად მიღებული გაზისა, ომის შემდგომაც კი ხდებოდა დამატებითი მოცულობების მიღება რუსეთიდან, მაგრამ რატომღაც ამ ფაქტებს ივიწყებენ", - განაცხადა კალაძემ.

 

ბრიფინგზე ენერგეტიკის მინისტრმა კონკრეტული ციფრებიც წარადგინა, თუ საიდან და რა მოცულობებით შემოდიოდა საქართველოში დამატებით ბუნებრივი აირი.

 

"მე დღეს წარმოგიდგენთ ფაქტებს, დოკუმენტებს, ციფრებს და ყველას მოგიწოდებთ, თავისი სახელი დავარქვათ ყველაფერს. ბოლო წლებში კი არა, უკვე ბოლო თვეების დინამიკაში იცვლება რეგიონში მოვლენები, საქართველოს დომინანტი როლი, მომგებიანი გეოპოლიტიკური განლაგება და სამომავლო პერსპექტივები ნებისმიერი ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანისთვის ნათელია. ჩვენ ყველამ მაქსიმალური ძალისხმევა უნდა მივმართოთ იმისკენ , რომ ადამიანებს ჰქონდეთ განცდა - ისინი ცხოვრობენ პერსპექტიულ, განვითარების გზაზე მყოფ ქვეყანაში, რომელსაც საერთაშორისო ურთიერთობებში და პოლიტიკის წარმოებაში თავისი არცთუ უმნიშვნელო და ზოგ საკითხებში საკვანძო ადგილი აქვს. საქართველოს აქვს წონა და დანიშნულება მტრისთვისაც და მოყვარისთვისაც. და ამას გონივრულად უნდა მივუდგეთ. ამჯერად მაინც უნდა უარი ვთქვათ პოპულიზმზე, პარტიულ და პირად ანგარებაზე და შევხედოთ ქვეყნის მომავალს. ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობა და მისი ინტერესების დაცვა არის ჩვენი ხელისუფლების ვალდებულება, მიზანიც და მოტივაციაც, რათა დაცული იყოს საქართველოს თითოეული მოქალაქე, უზრუნველყოფილი იყოს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება და ეკონომიკური განვითარება", - აღნიშნა კახა კალაძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: