გიორგი მარგველაშვილი: "რუსთავი 2"-თან დაკავშირებული საკითხის განხილვაში საქართველოში დაბრუნების შემდეგ ჩავერთვები

გიორგი მარგველაშვილი: "რუსთავი 2"-თან დაკავშირებული საკითხის განხილვაში საქართველოში დაბრუნების შემდეგ ჩავერთვები

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან დაკავშირებული საკითხის განხილვაში საქართველოში დაბრუნების შემდეგ კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთვება. ამის შესახებ მარგველაშვილმა ჟურნალისტებს ისრაელში განუცხადა, სადაც "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. 

 

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა და შედგება კიდევ უფრო ძლიერ დემოკრატიულად იმ ფონზე და ვითარებაში, როდესაც მედიის მრავალფეროვნება იქნება გარანტირებული, იქნება ეს "რუსთავი 2" თუ სხვა მედიასაშუალება. 

 

"ეს არის წინაპირობა ჩვენი დემოკრატიულობის. მე მუდმივი კავშირი მაქვს თბილისთან, მუდმივად ვადევნებ თვალყურს იმას, რაც მიმდინარეობს თბილისში, ამას გავაგრძელებ თბილისში დაბრუნების შემდეგაც. ჩვენი სახელმწიფოებრიობა დგას ქართული მედიის მრავალფეროვნებაზე, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და გასათვალისწინებელია ის ფონი, რომელშიც ჩვენ ახლა პოლიტიკურად ვიმყოფებით. ჩვენ ახლა ორიენტირებულები ვართ ევროპულ ღირებულებებზე, ევროპული ტიპის საზოგადოების და პოლიტიკური სისტემის აშენებაზე. ამ ფონზე მედიის მრავალფეროვნება, განსაკუთრებით იმ პროცესში, როდესაც ჩვენ რეალურად შევდივართ საარჩევნო წელიწადში, არის უმნიშვნელოვანესი. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კიდევ უფრო აქტიურად ჩავერთვები ჩემს კოლეგებთან ერთად ამ საკითხის განხილვაში", -განაცხადა პრეზიდენტმა. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: