ბიძინა ივანიშვილი: პრეზიდენტის უფლებებს კანონი განსაზღვრავს და ის ვალდებულია მას დაექვემდებაროს

ბიძინა ივანიშვილი: პრეზიდენტის უფლებებს კანონი განსაზღვრავს და ის ვალდებულია მას დაექვემდებაროს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, ამერიკაში საქართველოდან ორი დელეგაციის ვიზიტის გამო მსოფლიოს თვალში "სასაცილოები გავხდით". ამის შესახებ ივანიშვილმა "ქრონიკასთან" ინტერვიუში განაცხადა და აქვე დასძინა, რომ აღნიშნული ფაქტის გამო თავად ამერიკელებიც შეწუხებულები იყვნენ.

 

შექმნილ უხერხულობაში ივანიშვილმა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დაადანაშაულა და აღნიშნა.

 

"ნახეთ ნიუ იორკში რა გააკეთა? - სასაცილოები გავხდით მთელი მსოფლიოს თვალში. ჩემი ერთი ნათესავი რაგბის მატჩებზე იყო წასული და მომიყვა: სტადიონზე მეზობელი მყავდა და რომ ვუთხარი საიდან ვიყავი, მითხრა, შენ იმ ქვეყნიდან ხარ, ნიუ იორკში ერთდროულად ორი უმაღლესი დელეგაცია რომ ჩავიდაო? _ მე ამერიკელებთანაც ბევრი ვისაუბრე და თავად ამერიკელებიც შეწუხებულები იყვნენ. ესეც გინესის წიგნში მეორე რეკორდი. ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა და ამ კაცმა მოახერხა. ამ დროს პოლიტიკოსები გამოდიან, მათ შორის ჩვენი გუნდიდან და კითხვებს სვამენ, ელჩი ღარიბაშვილთან უნდა ყოფილიყო, თუ მარგველაშვილს უნდა დახვედროდა? ეს არის ჩვენი საზოგადოების პრობლემა: აქცენტებს სწორად ვერ აკეთებენ. რა უნდოდა, რისთვის წავიდა და რატომ წავიდა? შარშან თუ შეიკავა თავი და ვერ მოახერხა თუ ვერ გაბედა, წელს მაინც წავიდა. არაფერს ანგარიშს არ უწევს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

ყოფილი პრემიერის თქმით, პრეზიდენტის უფლებებს კანონი განსაზღვრავს და ის ვალდებულია მას დაექვემდებაროს.

 

"ქვეყნის ინტერესს იცავს კანონი და კანონს უნდა დავექვემდებაროთ ყველა. კანონმდებლობით ისეა განსაზღვრული, რომ მთავრობა წყვეტს იქ ვინ წავა და მთავრობამ გადაწყვიტა ვინც უნდა წასულიყო. კანონივე მიანიშნებს, სად უნდა იყოს პრეზიდენტი და კეთილი ინებოს და მას დაექვემდებაროს.

 

ეს კაცი ვერ მალავს, რომ არჩევნებიდან მეორე დღესვე ოპოზიციაში წავიდა თავისივე გუნდთან და მე არ მიკვირს რატომ წავიდა. ის დაპირისპირებაში ჩემთან კი არაა, საკუთარ მარგველაშვილთანაა. დღეს კი, რა თქმა უნდა, "ნაციონალური მოძრაობის" დაკნინებული გუნდის გამაგრებას ცდილობს მისი ქმედებებით", - აღნიშნა ივანიშვილმა. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: