ნინო ბურჯანაძე: ეს ძალიან აზარალებს ქვეყანას!

ნინო ბურჯანაძე:  ეს ძალიან აზარალებს ქვეყანას!

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე, NATO -ს სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში, ჯეიმს აპატურაის შეხვდა.

 

"არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს არცთუ ხშირად გვაქვს შესაძლებლობა, გავაცნოთ საერთაშორისო თანამეგობრობას ჩვენი ხედვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ყველა ის თემა, რომელზეც მე საჯაროდ ვსაუბრობ, ბუნებრივია, ამ შეხვედრაზეც გავახმოვანე. ვისაუბრე იმ სკეპტიციზმზე, რომელიც მე გამაჩნია NATO -ს წევრობასთან და ვიზალიბერალიზაციასთან მიმართებაში. იმაზე მეტი რაც საჯაროდ ითქვა, აპატურაის მხრიდან არ თქმულა, ასე რომ მე კვლავ ჩემ აზრზე ვრჩები - ხელისუფლება არ უნდა ატყუებდეს ხალხს საქართველოს NATO -ში გაწევრიანების უახლოეს პერსპექტივასთან დაკავშირებით, ეს ძალიან აზარალებს ქვეყანას," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

მისი თქმით, მან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ დასავლეთმა თავის დროზე არ მიაქცია ყურადღება იმ პრობლემებს რაც "ნაციონალური მოძრაობის" დროს იყო.

 

"ვფიქრობ, ამ ტიპის შეხვედრები უნდა გაგრძელდეს, რათა საერთაშორისო თანამეგობრობას ჰქონდეს მრავალმხრივი ხედვა საქართველოში არსებულ რეალობასთან დაკავშირებით. ხელისუფლების არაეფექტურობა, ცრუ დაპირებები და ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა დამნაშავე "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ, ნამდვილად იწვევს დასავლური ფასეულობების გაუფასურებას და ქვეყანაში არაჯანსაღი გარემოს შექმნას," - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: