ვალერი ხაბურძანია: ყველანაირი სცენარი სისხლიანი გაგრძელებისკენ მიდის...

ვალერი ხაბურძანია: ყველანაირი სცენარი სისხლიანი გაგრძელებისკენ მიდის...

სამი წელი ხელისუფლებაში და გადატრიალების უკვე მესამე მცდელობა... ყოველ შემთხვევაში ასე გვიჩვენებს ზედაპირული სტატისტიკა და მოვლენათა თანმიმდევრობაც ერთ ხელწერაზე მიუთითებს. თუმცა ხელწერის ავტორის ძიებამ შესაძლოა, დიდი დაბნეულობა გამოიწვიოს, ვინაიდან ამ შემთხვევაში ლოგიკა გამორიცხვის მეთოდზე არ იგება. შანსების ალბათობა თანაბარია.

 

სამი წელი ხელისუფლებაში და სამი ცხელი შემოდგომა გადატრიალების მოლოდინით

 

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინაც იყო მითქმა-მოთქმა, რომ სააკაშვილი მშვიდობიანად არ წავიდოდა. მაშინდელი ვერსიების მიხედვით, საპრეზიდენტო ვადის მიწურულს მიშამ უამრავი კრიმინალი შეიწყალა. სწორედ მათ თავისუფლებაზე აკეთებდნენ გათვლას ექსპერტები, როდესაც მოსალოდნელ გადატრიალებას აანონსებდნენ, რომელიც სამეგრელოდან უნდა დაწყებულიყო და მას სააკაშვილისგან საპრეზიდენტო ვადის მიწურულს შეწყალებული თენგიზ გუნავა უნდა ჩასდგომოდა სათავეში... ხელისუფლებისთვის ამ საფრთხის მოსაგვარებელ იარაღად პროკურატურა იქცა, თუმცა დააგვიანა, ვინაიდან სანამ სამართალდამცველები მის მიმართ აღძრული საქმეების სიას დააანონსებდნენ, სააკაშვილმა ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტის სტატუსით დატოვა საქართველოს საზღვრები და ათასობით კილომეტრის დისტანციიდან დაიწყო მუშტების ქნევა...

 

გავიარეთ 2014 წლის შემოდგომაც და ისევ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მოლოდინით. მაშინ ეს საფრთხეები არასამთავრობოებისგან გახმოვანდა. უფლებადამცველი ნიკა მემანიშვილის პროგნოზებით: "ნაციონალური მოძრაობა" მინიმუმ მილიარდი ლარის დახარჯვას გეგმავდა სახელმწიფო გადატრიალების სისრულეში მოსაყვანად: "ჩვენ მოვიპოვეთ ინფორმაცია, რომ რეგიონებში "ნაციონალური მოძრაობა" ქმნის ზონდერჯგუფებს, საუბარია რაიდენიმე ათას ადამიანზე... უშუალო მითითებები მიიღეს სააკაშვილთან შეხვედრაზე სარფში. ამის შემდეგ აღნიშნული საქმე ჩაიბარა გიორგი ვაშაძემ. "ნაციონალური მოძრაობა" აპირებს, ძალიან დიდი ფული დახარჯოს და სახელმწიფო გადატრაილება მოახდინოს... ნაციონალების ხელშია რამდენიმე მილიარდი ლარი და ამ თანხებს გამოიყენებენ იმისთვის, რომ, რაც შეიძლება მალე დაბრუნდნენ ხელისუფლებაში... მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს დაჯგუფებების შექმნა. განსაკუთრებით შემოდგომაზე აპირებენ გააქტიურებას. თითოეულ დაჯგუფებას ეყოლება სამი ხელმძღვანელი. თითოეული მათგანი გადაინაწილებს ფუნქციებს. თითოეულ დაჯგუფებაში ეყოლებათ ათობით ადამიანი. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან, წავიდნენ ნებისმიერ პროვოკაციასა და საქმეზე..." - დაახლოებით ასე გამოიყურებოდა ნიკა მემანიშვილის მიერ გაშიფრული ნაციონალური რევანშის სქემა.

 

მოგვიანებით, შს მინისტრმა, ალექსანდრე ჭიკაიძემაც "პრაიმტაიმთან" ინტერვიუში დაადასტურა შესაძლო გადატრიალების მცდელობა.

 

ოქტომბერმა მშვიდობით ჩაიარა და დაანონსებულმა გადატრიალებამ ნოემბრისთვის გადაინაცვლა. აქ უკვე სცენაზე "თავისუფალი თაობის" ლიდერი, ლადო სადღობელაშვილი შემოდის. პათოსი და შინაარსი უცვლელია, მხოლოდ გადატრიალების ორგანიზების ადგილია სხვა - ბაქო... თუმცა ნაციონალების 15 ნოემბრის აქციამაც მშვიდობიანად ჩაიარა და გასული წლის მოლოდინმა სახელმწიფო გადატრიალებაზე მომავალ, ანუ ამ წლის, შემოდგომამდე გადაინაცვლა. თუმცა მანამდე იყო გეგმა "ბა", რომელიც ასევე ჩავარდა. ახალი კრიზისის კონტურები მოიხაზა: კონსტიტუციის მიხედვით, 5 მინისტრის დათხოვნის შემთხვევაში სამთავრობო გუნდი უნდა შეცვლილიყო, რასაც ღარიბაშვილის პრემიერობა გადაყვებოდა. ეს ის დროა, როდესაც ირაკლი ალასანია აშკარად იწყებს მკვეთრ განცხადებებს პრემიერის წინააღმდეგ და დემარშით ტოვებს ხელისუფლებას. უწინდელი პროგნოზები იმის შესახებ, რომ ალასანია-უსუფაშვილი-მარგველაშვილის სამეული ჩაანაცვლებდა ხელისუფლებას, ჩავარდა ერთი მარტივი მიზეზით - არასწორი გათვლა გაკეთდა თეა წულუკიანსა და თამარ სანიკიძეზე, რომლებმაც არათუ მხარი აუბეს კონსტიტუციური გადატრიალების სქემას, პირიქით, საკმაოდ მკვეთრი განცხადებებიც გააკეთეს ალასანიას მისამართით...

 

ისევ ოქტომბერია და მოცემულობა - უცვლელი. ამჯერად უკრაინულმა საიტმა აუწყა მსოფლიოს, რომ სააკაშვილმა და ბოკერიამ ათა თურქის აეროპორტში დაგეგმეს სისხლიანი გადატრიალება. მათ, ვისაც ჯერ არ წაუკითხავთ ეს დიალოგი, გთავაზობთ ფრაგმენტებს:

 

გიგა ბოკერია: "...კიდევ გეუბნები, ის ბიჭები მზად მყავს, თორმეტივე, მაგრა გადაუვლიან, მიანგრევენ ყველაფერს. ერთი კი არი, ეს უნდა იცოდე! მსხვერპლი შეიძლება იყოს!

 

მიხეილ სააკაშვილი: "მერე იყოს, ეგ არ გვინდა! ნიკა არ დააინვალიდონ, დაასხისხლიანონ მხოლოდ, ასე ეფექტური იქნება. ქალი რომ დაიბრიდოს, აჯობებს, თან შვილიანი თუ იქნა, დედა, უკეთესი იქნება. უნდა შეარჩიო ეგეთი კოლექტივიდან! მაგარი ბომბი გამოვა. პინგვინას ქოცების თავდასხმა თავისუფალ მედიაზე მთელ მსოფლიოს შეძრავს. ესე გაუშვებთ. ყველაფერი უნდა დაფიქსირდეს კამერაზე, აუცილებლად. გვარამია გმირად უნდა ვაქციოთ დაღუპული დედით კი მთელ საქართველოს დავაყენებთ ფეხზე. ბიჭო, შენი ნიღბიანები დროზე უნდა გაძვრნენ მერე იქიდან, შეუმჩნევლად. ეს კარგად გათვალე!

 

გიგა ბოკერია: მიშა, ეგ რაც ვილაპარაკეთ, არავინ იცის, ნიკასაც არ ვეტყვი. რო გაბაზრდეს, ჩაგვეშლება. მე პირდაპირი კონტაქტი ბიჭებთან არ მაქვს, გაგუშა არის მაგათთან. ამიტომ არსად გამოვჩნდებით. სცენარი უკვე გავლილი გვაქვს, ოპერატორი "რუსთავი 2"-დან იქნება. იმას ეცოდინება, რომ ყველაფერი უნდა დააფიქსიროს. მაგას არ ახლებენ ხელს. მერე ყველა თურქეთში გადავა. ამაზე სულ 160 გვინდა და...

 

მიხეილ სააკაშვილი: მოიცა, ხომ გითხარი, ბეჟო გადაწყვიტავს-მეთქი, ეხლა ეგ თბილისში არ არის. ზურა გააფრთხილებს და მაგ თანხას მოგიტანენ. მთავარია, ყველაფერი სწორად ააგო. რუსთავის დარბევას და მსხვერპლს გადავაყოლებთ მაგ ნაბიჭვრებს. ვინ არის მოძალადე, დაინახავს ყველა, მონაგონი იქნება ის კადრები, რაც გამივრცელეს. ხო, გიორგი ნახე, რა, გიგა! ჩემგან მადლობა უთხარი და სთხოვე, რეაგირება გააკეთოს. განცხადებით გამოვიდეს, ელჩები მოიწვიოს, კაროჩე ატეხოს რა ამბავი, თავისუფალი მედიის დაცვა, კონსტიტუცია... უკმაყოფილოს არ დავტოვებთ, იცის მაგან!

 

გიგა ბოკერია: მარგველას ვნახავ დილიდან, ჩაფრენისთანავე. ამოძრავდება და გამოვა, აბა რას იზამს. რეალურად ეს ჩვენი გეგმა გადაარჩენს "რუსთავსაც" და "მოძრაობასაც". თანხა როგორც მოვა, დავიწყებთ.

 

მიხეილ სააკაშვილი: შენ შეეცადე, სასამართლომდე გააკეთო ყველაფერი, მერე სასამართლო აღარც ჩატარდება.

 

გიგა ბოკერია:  მე მგონი, მოვასწრებთ! ის ურთმელიძე მოსამართლე რომ არის, ნაწყენი ყოფილა ადეიშვილზე და იმიტომ დასთანხმდა. სასამართლოში ყველა ჩვენია თითქმის და გამოაძვრინეს ეგ ტიპი. მაგას დავაშინებთ კარგად, ვიცი, როგორც! ზაზა მეიშვილი და შავლიაშვილი უზენაესიდან აქტიურად არიან ჩართული, ზურას მიჰყავს ეგ თემა. მთავარია, რაც დაიგეგმა, გაკეთდეს და როგორც შენ თქვი, სასამართლოს აზრი აღარ ექნება...

 

ხელისუფლება ისევ ნაცად მეთოდს მიმართავს და კვლავ 315-ე მუხლის პირველი ნაწილით იწყებს გამოძიებას. ისევ ბოკერიას იბარებენ პროკურატურაში და ისევ არსებობს გეგმა "ბ", რომელსაც ამჯერად ბოკერიას მეუღლე, თამარ ჩერგოლეიშვილი აჟღერებს, თუმცა კონკრეტიკის გარეშე...

 

 

სისხლიანი დაპირისპირების მოლოდინში

 

ერთი სიტყვით, მესამე მცდელობა ისევ ნაცად წრეზე გადის, მაგრამ შეიკვრება თუ არა ის საწყის წერტილთან, ამაზე ექსპერტებს არაერთგვაროვანი პროგნოზები აქვთ.

 

მამუკა არეშიძე: - ჩემთვის მთავარი ის საერთო სურათია, რაც ჩვენს თვალწინ ვითარდება: "რუსთავი 2"-ის პრობლემა ხელოვნურად გადაიქცა ეროვნულ ტრაგედიად. ამაზე აიგო კამპანია, ზოგჯერ - ძლიერი, ზოგჯერ - სუსტი, მაგრამ ეს გახდა მთავარი თემა ქვეყნისთვის. თანაც თემა აიწია ისეთ კონტექსტში, რაც თავის დრზე თვითონ აქვთ ჩადენილი. ეს ცინიზმია ჩემთვის ყველაზე მეტად გამაღიზიანებელი.

 

- ამ ხელისუფლების პირობებში ეს უკვე მესამე შეთქმულების მცდელობაა, თუმცა დაუსრულებელი სამართლებრივი შეფასებებით...

 

- ასეთი შეთქმულებების რეჟიმში ვცხოვრობთ 2003 წლიდან. ხან - ფსევდო, ხან კი - რეალური... წინა ხელისუფლების პირობებში რამდენი გვახსოვს 315-ე მუხლით აღძრული საქმე. ფაქტია, რომ ძალიან ცუდი სურათი გვაქვს. ხალხს სჭირდება განვითარებაზე ორიენტირებული მთავრობა, რომელიც, პირველ რიგში, სამართლიანობას აღადგენს. რაკი ეს ვერ ხერხდება, იმიტომაც ვართ სულ შეთქმულების რეჟიმში. მაგრამ ის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" თავის მდგომარეობას არ შეურიგდებოდა, წარმოუდგენელი იყო ვინმესთვის? ის, რომ ჩატოვებულია უზარმაზარი მეხუთე კოლონა სამთავრობო და სხვა სტრუქტურებში, ესეც ხომ ფაქტია? მდგომარეობა ძალიან რთულია. საზოგადოება გახლეჩილია. ისტორია მეორდება. ზუსტად იგივე განწყობებია, რაც გამსახურდიას დროს იყო. ამას ემატება ჩვენი მძიმე ბიოგრაფია, რაც ქვეყანამ 2003-2012 წლებში გადაიტანა. შესაბამისად, გაღიზიანებისა და დაძაბულობის ხარისხიც ძალიან მაღალია. ძალიან მეშინია, ქუჩის ექსცესებში არ გადაიზარდოს. ეს ყველაფერი ახდენს ქვეყნის იმიჯის დისკრედიტაციას. შეიძლება 25 წლის განმავლობაში ესმოდეს დასავლეთს, რომ საქართველოში გამუდმებით გადატრიალების წინაპერიოდია?

 

- დასაშვებად მიგაჩნიათ პროგნოზი მოსალოდნელი მსხვერპლის შესახებ, რომელიც სიტუაციას კიდევ უფრო მეტად დაძაბავს?

 

- ასეთი მეთოდი ცნობილია პიარტექნოლოგიაში. მახსოვს ერთ-ერთი პოლიტიკური ფიგურის მიერ დაცხრილული საკუთარი მანქანა, რომელიც მოწინააღმდეგის თავდასხმად გასაღდა... სხვა ამბებიც მახსოვს. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, გააჩნია, სადამდე მიუშვებს სიტუაციას ხელისუფლება. თუ ხელისუფლება არ მიიღებს გადამჭრელ ზომებს, პროცესები უმართავი გახდება.

 

ირაკლი კაკაბაძე:

 

- სააკაშვილისგან ყველაფერი მოსალოდნელია. ის ყველაფერზე წავა. მთავრობა ამ შემთხვევაში არაეფექტურად მოქმედებს. სამი წელია, სულ არსებობს ხელისუფლების დამხობის საფრთხე და ეს ხდება იმიტომ, რომ ხელისუფლება არაადეკვატურად რეაგირებს იმ ტერორისტული ორგანიზაციის მისამართით, რომელმაც მოსახლეობის დიდი ნაწილი აწამა და ამოჟლიტა. მათ მიმართ ლოიალური დამოკიდებულების ბრალია, რომ დღესაც ხელისუფლების დამხობის მოლოდინში ვართ. თუმცა, სააკაშვილის განზრახვებს ამ შემთხვევაში ხალხი დაუდგება წინ და თუ მას უნდა, რომ საქართველოში რუსის ჯარი შემოვიდეს, უკვე ყველაფერი გასაგებია.

 

- ვარაუდობთ, რომ მსხვერპლი მოსალოდნელია?

 

- სააკაშვილს ისეთები უკეთებია საქართველოში, არც ახლაა გამორიცხული, ვინმეს მოკვლას გეგმავდეს სიტუაციის უფრო მეტად დასაძაბად:

 

ვალერი ხაბურძანია:

 

- თქვენ პროცესების სისხლიან განვითარებას ერთი კვირით ადრე ვარაუდობდით, ვიდრე სოციალურ ქსელში სააკაშვილი-ბოკერიას სკანდალური დიალოგი გამოქვეყნდებოდა. რა გაძლევდათ ამ ვარაუდის საფუძველს?

 

- თვითონ ნაციონალთა ლიდერების აზროვნების სტილი... მათ არ მოსწონთ დაუმთავრებელი ღონისძიებები. ის, რაც "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით აგორდა, არა მგონია, მათ სასარგებლოდ დასრულდეს, რადგან ამ ტელევიზიას არც სათანადო მხარდაჭერა აქვს და არც 2003 წელია. აქედან გამომდინარე, ნაციონალები არ დაკმაყოფილდებიან მოკლე გამოსვლებით. ყველანაირი სცენარი სისხლიანი გაგრძელებისკენ მიდის...

 

- რამდენად ადეკვატურია ხელისუფლება მიმდინარე პროცესების მიმართ?

 

- საქმე აღუძრავთ და მიანტერესებს, რა ფაქტი აქვთ, ან აქვთ თუ არა საერთოდ რამე ხელჩასაჭიდი მასალები.

 

ვინ არის პროცესების დირიჟორი?

 

უკვე შევთანხმდით, რომ ხელწერა ნაცნობია, ნაცნობია მოქმედი პირები თავისი განზრახვებითა და მიზნებით. არსებობს კითხვები მსოფლმხედველობის მიხედვით: ერთნი პროცესების ავტორად ხელისუფლებას ასახელებენ, რომელსაც ნაციონალების გაქრობა სურს პოლიტიკური ორბიტიდან და ეს სურვილები განსაკუთრებით არჩევნების მოახლოების პარალელურად მძაფრდება...

 

მეორე ნაწილს სჯერა, რომ ნაციონალები ყველაფერზე წავლენ იმის გამო, რომ ხელიდან არ გამოეცალოთ ის დასაყრდენი, რომლითაც რევოლუციის მოხდენა ერთხელ უკვე შეძლეს. მით უმეტეს, რომ ყოვილ ხელისუფლებას მალე გამოეცლება პროცესების მართვის დასაყრდენი ეროვნულ ბანკსა და საკონსტიტუციო სასამართლოში, საკონსტიტუციო ვადების გასვლის გამო... ტელეკომპანიის დაკარგვის შემთხვევაში ეს პოლიტიკური ძალა რეალურად დგება პოლიტიკური ორბიტიდან გაქრობის საფრთხის წინაშე...

 

არსებობს მესამე მოსაზრება, რომ პროცესებს მართავს ოლიგარქი კოლომოისკი, რომელიც სააკაშვილის დაუძინებელი მტერია და ნებისმიერ თანხას გამოდის მისი კომპრომეტირებისთვის...

 

სამივე პოზიციას თანაბრად აქვს მიზეზი, იყოს პროცსების დირიჟორი. სწორედ ამ დროს არსებობს ყველზე სახიფათო მოლოდინი, რომ მღვრიე წყალში თევზი სრულიად უცნობმა მეთევზემ დაიჭიროს, რაც ქართულ პოლიტიკურ დინებას სულ სხვა კალაპოტში გადაიყვანს...

 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: