Iverioni
«    ივლისი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
ივლისი 2020 (4)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
27-10-2015, 12:17
ნანახია: 726

დავით უსუფაშვილი: პოლიტიკური პროცესი ისე უნდა წარმოვაჩინოთ, რომ მედია არ დავაზარალოთ

მინდა, რომ პოლიტიკოსებმა პოლიტიკური პროცესი წარვმართოთ როგორმე ისე, რომ არ დავაზარალოთ მედია არც ზედმეტი შეტევებით და არც ზედმეტი მეურვეობით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე, იზიარებს თუ არა უსუფაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ზვიად კვაჭანტირაძის მიერ "რუსთავი 2"-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადების პათოსს, უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ ზვიად კვაჭანტირაძე არის უმრავლესობის ლიდერი, თუმცა ამის გამო მას სიტყვის თავისუფლება არ აქვს წართმეული და მას აქვს უფლება, თავისი პოზიციები გამოხატოს.

"მე არ ვიცი, რატომ გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა; მე თავად ვესწრებოდი იმ შეკრებას, სადაც ბატონმა ზვიადმა ბრძანა, რომ მას ჰქონდა განცხადება, როგორც უმრავლესობის ლიდერს. ეს არ იყო უმრავლესობის მიერ მომზადებული, უმრავლესობასთან შეთანხმებული, მაგრამ უმრავლესობის ლიდერი რადგან არის, ამის გამო მას სიტყვის თავისუფლება არ აქვს წართმეული. მას აქვს უფლება თავისი პოზიციები გამოხატოს. ასე რომ, ამ თვალსაზრისით, არ მგონია, გაუგებრობა იყოს. ეს იყო მისი განცხადება და ჩვენ გვითხრა, რომ ასე აპირებდა", - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, რაც შეეხება დანარჩენ ასპექტებს, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ამ პროცესში პოლიტიკურმა ძალებმა დაიკავეს სრულიად ცალსახა პოზიციები. 

"რაც შეეხება დანარჩენ ასპექტებს, ვინ რას ფიქრობს და ვინ როგორ უყურებს, არ მგონია, ზვიად კვაჭანტირაძის განცხადება იყოს საჭირო იმის გასააზრებლად, რომ დიახ, ამ პროცესში პოლიტიკურმა ძალებმა დაიკავეს სრულიად ისეთი ცალსახა პოზიციები. მე არ მინდა დეტალებში ჩასვლა, მე მინდა, რომ პოლიტიკოსებმა პოლიტიკური პროცესი წარვმართოთ როგორმე ისე, რომ არ დავაზარალოთ მედია, არც ზედმეტი შეტევებით და არც ზედმეტი მეურვეობით. მე ვხედავ ორივე ნიშნებს ამ კონკრეტულ შემთხვევაში", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ, გუშინ "რუთავი 2"-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა: 

"თავისუფალი სიტყვის დაცვა, მედია-პლურალიზმი, სამართლიანობის დამკვიდრება, ჩვენი ხელისუფლების მთავარი ორიენტირებია და ამ ფასეულობების დაცვის გარეშე ქვეყნის აღმშენებლობა წარმოუდგენლად გვესახება. 

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 -ის ირგვლივ მოვლენების დაძაბვას აშკარად შეგნებულად და უპასუხისმგებლოდ ინსპირირებას უკეთებს ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების, კერძოდ კი ყოფილი ხელისუფლების რევანშისტული ნაწილი. სახეზეა მცდელობა, კერძო სამოქალაქო დავა ყველა გზით და საშუალებით, მათ შორის სამართლებრივ სივრცეს აცდენილი ქმედებებით პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანონ. ამან, საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან მწვავე უკურეაქცია გამოიწვია, რაც ზოგჯერ ვანდალურ აქტებშიც გამოიხატა. რა თქმა უნდა, ჩვენ ასეთ აქტებს კატეგორიულად ვგმობთ და ვემიჯნებით. 

რუსთავი 2 ერთ დროს, ხალხის ტელევიზიად და საერთო-სახალხო მონაპოვრად ითვლებოდა. ჩვენ ანგარიშს ვუწევდით, ვუწევთ და პატივს ვცემთ მისი ჟურნალისტების პროფესიონალიზმს და ხშირად გამოჩენილ თავდადებას, მიუხედავად იმისა, რომ ამ მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის ხარისხი დღეს კრიტიკას ვერ უძლებს. 

ჩვენ, არასოდეს გავურბოდით მწვავე დებატებს და ჩართვებს რუსთავი 2-ის ეთერში, შეუზღუდავად ვთანამშრომლობდით მაუწყებელთან და არც ერთი ნაბიჯი არ გადაგვიდგამს, რათა ხელოვნურად, წინა რეჟიმის მსგავსად შეგვეზღუდა მედიის ფუნქციონირება. ასევე გაგრძელდება მომავალშიც. საბედნიეროდ, ამ პროცესებს ყურადღებით ადევნებენ თვალს, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც და გარდა კეთილმოსურნე, პრევენციული განცხადებებისა არავის გამოუთქვამს მოსაზრება, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში მედია-პლურალიზმს საქართველოში საფრთხე ექმნება .

ყველასათვის აშკარაა, რომ თავისუფალი სიტყვის შეზღუდვასა და მედიის კონტროლზე ჩვენ კატეგორიული უარი ვთქვით. ყველა მედიასაშუალება ქვეყანაში დაუბრკოლებლად მუშაობს, მათ შორის რუსთავი 2-იც. ისინი შეუფერხებლად კრებენ მოქალაქეებს პროტესტის გამოსახატად, მართავენ საჯარო კონცერტებს, რაც წინა რეჟიმის პირობებში. დაუშვებელი იყო ხელისუფლების ოპონენტი მაუწყებლებისთვის და მედიისთვის. უფრო მეტიც, სწორედ წინა რეჟიმის მმართველობის პერიოდში განხორციელდა ვანდალური აგრესია "ტელეიმედის" წინააღმდეგ, რაც ყველას კარგად გვახსოვს. 

ჩვენ მომავალშიც ვიქნებით სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების უპირობო დამცველები. და მზად ვართ, კვლავაც გავაგრძელოთ თანამშრომლობა საზოგადოებასთან, საერთაშორისო პარტნიორებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ამ მიმართულებით. 

საქართველოში არსებობს თავისუფალი მედია და არსებობს თავისუფალი სასამართლო. არავის, განურჩევლად პარტიული კუთვნილებისა, ჩინისა, თანამდებობრივი მდგომარეობისა, არა აქვს უფლება ჩაერიოს და ზეწოლა მოახდინოს სასამართლოს მუშაობაზე. ჩვენ მომავალშიც, მკაცრად გავაკრიტიკებთ ზეწოლის ნებისმიერ მცდელობას და არ დავუშვებთ, ვინმემ საფრთხის ქვეშ დააყენოს ჩვენი ქვეყნის ევროპული, ევრო-ატლანტიკური პერსპექტივა და რეფორმების ბედი საქართველოში.

მოვუწოდებთ ჩვენს საზოგადოებას და მათ შორის პოლიტიკურ ოპონენტებს მაქსიმალურად გავერიდოთ მერკანტილური, რევანშისტული და ანტისახელმწიფოებრივი ინტერესებით შეპყრობილ ადამიანთა მცირე, აგრესიულ ჯგუფს და ჩვენთვის ჩვეული ისტორიული კულტურით, ჩვენი სამშობლოს, სახელმწიფოს სიყვარულით ერთად ვიზრუნოთ საზოგადოების სრულ კონსოლიდაციაზე, ქვეყანაში სამართლებრივი კულტურის მყარად დამკვიდრებაზე, საქართველოს წინაშე არსებული აქტუალური გამოწვევების და ამოცანების საპასუხოდ", - ნათქვამია ზვიად კვაჭანტირაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.