დავით უსუფაშვილი: სწორი გზით მივდივართ!

დავით უსუფაშვილი: სწორი გზით მივდივართ!

გამორიცხულია, მსოფლიო შეეგუოს იმ ვითარებას, როდესაც რუსეთი ცდილობს,  დანარჩენ ცივილიზაციას უკარნახოს, რომ რაღაც სხვა გზით განვითარდეს , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში განაცხადა, სადაც საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია მიმდინარეობს. 

 

ღონისძიებაზე დავით უსუფაშვილი სიტყვით გამოვიდა და მან თავის სიტყვაში რუსეთთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს სიტყვით გამოსვლის შემდეგ განუცხადა, რუსეთი საფრთხეს უქმნის, არა მხოლოდ საქართველოს და პოსტსაბჭოური სივრცის ქვეყნებს, არამედ მან გამოამჟღავნა სრულიად მკაფიო მისწრაფება იქით, რომ უკარნახოს დღის წესრიგი მთელ მსოფლიოს. 

"მსოფლიო ამას არ შეეგუა იმ დროს, როდესაც ასპარეზზე იყო საბჭოთა კავშირი, გაცილებით ძლიერი სახელმწიფო, რომელსაც მართლა შეეძლო იმ პერიოდში ძალიან დიდი ზიანის მიყენება მსოფლიოსთვის. ამიტომ შეუძლებელია, გამორიცხულია, მსოფლიო შეეგუოს იმ ვითარებას, როდესაც რუსეთი ცდილობს, უკარნახოს დანარჩენ ცივილიზაციას, რომ რაღაც სხვა გზით განვითარდეს. ამიტომ ისტორიული თვალსაზრისით, ყველაფერი ნათელია", - განაცხადა უსუფაშვილმა.

 

მისივე თქმით, ჩვენ უნდა მოვახერხოთ ის, რომ ამ ისტორიულ ქარტეხილებს, რომლის საბოლოო შედეგი სრულიად ცალსახაა, რომ თავისუფლება, დემოკრატია და მშვიდობა გაიმარჯვებს, რომ ამ პროცესში ჩვენ არ აღმოვჩნდეთ ყველაზე უფრო დაზარალებული ქვეყანა.

 

"ჩვენ მზად ვართ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ პროცესში, ეს მხოლოდ ავღანეთში ჩვენს მონაწილეობაში არ გამოიხატება, მაგრამ უნდა გვეყოს ჭკუა და გამოცდილება იმისთვის, რომ არ ვიყოთ ყველაზე უფრო დაზარალებული და დასახიჩრებული ამ პროცესში. ამაშია მომენტის მთელი სირთულე, მაგრამ ამასობაში სინათლეც. ვიცით, სწორი გზით მივდივართ, ვიცით, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდება, მაგრამ დანაკარგები უნდა შევამციროთ", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: