დავით ნარმანია: დროულად მივხედოთ მოსახლეობის ამ ნაწილს!

დავით ნარმანია: დროულად მივხედოთ მოსახლეობის ამ ნაწილს!

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე რაიონულ გამგეობებს, საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს და "თბილსერვის ჯგუფს" შესაბამისი დავალებები მისცა.

 

მისი განცხადებით, სოციალურად დაუცველი მოსახლეობა, რომელსაც არ გააჩნია გათბობის შესაძლებლობა, უზრუნველყოფილი იქნება შეშით.

 

"ზამთრის სეზონი მოახლოვდა. ტრადიციულად, ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით მოსამზადებელი სამუშაოებია აუცილებლად ჩასატარებელი. ვავალებ რაიონულ გამგეობებს, რომ მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც სოციალურად დაუცველია და არ გააჩნია გათბობის შესაძლებლობა, მოხდეს მათი უზრუნველყოფა შეშით. ამიტომაც დროულად მივხედოთ მოსახლეობის ამ ნაწილს", - განაცხადა ნარმანიამ.

 

თბილისის მერმა ასევე საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს მისცა დავალება, რომ გათბობასთან დაკავშირებით შემოწმდეს ყველა საბავშვო ბაღი.

 

"საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს ვავალებ, რომ შეამოწმოს ყველა საბავშვო ბაღი და ბაღებში არსებული მდგომარეობა. ჩვენ ყველა საბავშვო ბაღი მოვიყვანეთ მწყობრში და ყველგან არის გათბობა უზრუნველყოფილი, თუმცა გათბობის საშუალებების შემოწმება და კიდევ ერთხელ ზამთრის დადგომამდე შესაბამისი სამუშაოების ჩატარება აუცილებელია. ამიტომ ეს უახლოეს დღეებში უნდა იქნეს წარმოებული", - განაცხადა ნარმანიამ.

 

თბილისის მერმა "თბილსერვის ჯგუფს" ასევე ზამთრის სეზონისთვის გზების მოვლა-პატრონობა დაავალა.

 

"ასევე "თბილსერვის ჯგუფმა" უნდა მოამზადოს ტექნიკა და შესაბამისი საშუალებები ზამთრის სეზონზე გზების მოვლა-პატრონობასთან და შესაბამის მომსახურებასთან დაკავშირებით", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: