გიორგი ახვლედიანი: "ნაციონალური მოძრაობა" ყველანაირად ცდილობს წყლის ამღვრევას!

გიორგი ახვლედიანი:  "ნაციონალური მოძრაობა" ყველანაირად ცდილობს წყლის ამღვრევას!

"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრი გიორგი ახვლედიანი პრეზიდენტ, გიორგი მარგველაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელიც სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს ეხებოდა და აცხადებს, რომ პრეზიდენტის განცხადება მიკერძოებული იყო. ამის შესახებ ახვლედიანი "რეპორტიორს" ესაუბრა და აქვე აღნიშნა, რომ პრეზიდენტს უნდა დაესაბუთებინა, რომ, თუ ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე შეიქმნებოდა, ეს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ იქნებოდა გამოწვეული.

 

"სამოქალაქო დაპირისპირების რეალობა დღეს ჩვენს ქვეყანაში არ დგას. მე პირდაპირ ვუთხარი პრეზიდენტს, როდესაც მასთან შეხვედრაზე ვიყავით, რომ ასეთ სიტუაციაში, როგორიც დღეს არის შექმნილი, როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" ყველანაირად ცდილობს წყლის ამღვრევას, არ შეიძლება ისეთი განცხადების გაკეთება, სადაც ძალიან კონკრეტულად არ იქნება ხაზგასმული, რომ ეს ყველაფერი დღეს "ნაციონალების"ინტერესში შედის და მათი ქმედებების შედეგია. "ნაციონალური მოძრაობა" არის პოლიტიკური ძალა, რომელიც შესანიშნავად ხედავს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები მშვიდობიან გარემოში თუ ჩატარდა, "ქართული ოცნება" ვეღარ გადაარჩენს და "ნაციონალურ მოძრაობას" მოუწევს სცენიდან გაქრობა. 50 კაცი რომ აღარ ეყოლებათ პარლამენტში, ეს ოდიოზური პოლიტიკური ძალა დაიშლება მარტივ მამრავლებად. ამიტომ, მათთვის პარლამენტში დარჩენის ერთადერთი საშუალება არის სამოქალაქო დაპირისპირების მოხდენა და ვითარების რევოლუციამდე მიყვანა. მაგრამ ეს არის მათი ოცნებები, სურვილები, რომლებიც საერთოდ არ შეესაბამება მოსახლეობის განწყობასა და სურვილებს. შესაბამისად, ეს განუხორციელებელი ოცნება. მე ვუთხარი ბატონ პრეზიდენტს, რომ კარგი იქნებოდა, გვესაუბრა არა მხოლოდ იმაზე, თუ ვინ ასხამს ცეცხლზე ნავთს, არამედ აუცილებლად უნდა ვისაუბროთ, რომ ძირი და თავი ამ ყველაფერისა არის "ნაციონალური მოძრაობა". ამ შემთხვევაში პრეზიდენტი შეძლებდა ობიექტური პოზიციის დაჭერას. ახლა კი გამოვიდა მიკერძოებული", - განაცხადა ახვლედიანმა. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: