დემურ გიორხელიძე: აუდიოჩანაწერი სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირება იყო

დემურ გიორხელიძე: აუდიოჩანაწერი  სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირება იყო

ექსპერტი დემურ გიორხელიძე საქართველოს ექს-პრეზიდენტისა და "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის დიალოგის აუდიოჩანაწერზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამ ჩანაწერში ჩანს სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირება. ამის შესახებ გიორხელიძე "რეპორტიორს" ესაუბრა და აქვე დასძინა, რომ ხელისუფლება ვალდებულია, სამართლებრივ ჩარჩოში იმოქმედოს და სამოქალაქო არეულობის ყველა შესაძლებლობა აღმოფხვრას.

 

"ეს არის ძალიან მძიმე მოსასმენი. 2003 წლის დიდი მოვლენების დროს პარლამენტში გახლდით, როცა ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა მოხდა. სამწუხაროდ, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა ამ წლების განმავლობაში ვერაფერი ისწავლეს და კვლავ დაადგნენ იმ გზას, რა გზითაც ისინი ხელისუფლებაში მოვიდნენ. მიმაჩნია, რომ როდესაც ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები უშვებენ დანაშაულს და ეს დანაშაული დაუსჯელი რჩება, დამნაშავეთა თავხედობა მით უფრო იზრდება და გუშინ ჩვენ მივიღეთ კვლავ მცდელობა, რეალური დაგეგმვა იმ მოვლენებისა, რაც მოვისმინეთ. ანუ სახელმწიფო კვლავ საფრთხის წინაშე უნდა დამდგარიყო. ვფიქრობ, აქ არის ერთადერთი სცენარი მოვლენების განვითარებისა. ხელისუფლება ვალდებულია, კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში იმოქმედოს და არა პირადი სიმპათია-ანტიპათიის მიხედვით. თუ ხელისუფლება გამოიჩენს სისუსტეს და ვერ შეძლებს, სამართლებრივ ფარგლებში გადაიყვანოს ეს პროცესი, ჩვენ მივიღებთ კვლავ დაპირისპირებას. დღეს არანაირი სამოქალაქო დაპირისპირების საფუძველი ქვეყანაში არ არსებობს, მაგრამ თუ ხელისუფლება თავის ადგილზე არ იქნება და შეცდომებს დაუშვებს, ჩვენ შესაძლოა მივიღოთ სამოქალაქო დაპირისპირება. რადაც არ უნდა დაჯდეს, ეს ყველაფერი უნდა შეფასდეს სასამართლოს გზით და დაე, სასამართლომ გამოიტანოს დასკვნა.

 

"ნაციონალური მოძრაობა" არ არის პროგრესული ძალა, რომელიც ძალადობრივი გზით მოვა ხელისუფლებაში და ქვეყნის წინსვლას შეუწყობს ხელს. ვიცით, ცხრა წელი რა იყო. არა მგონია, ამ ადამიანების აზროვნებაში რაიმე პროგრესი ყოფილიყო. დღეს ერთადერთი პასუხისმგებლობის მქონე სუბიექტია ხელისუფლება, რომელიც კრიტიკულ სიტუაციაში ვალდებულია, მკაცრად სამართლებრივ ფარგლებში იმოქმედოს", - განაცხადა დემურ გიორხელიძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: