დავით უსუფაშვილი: ჩვენი ძალა კოალიციურ ერთობაშია!

დავით უსუფაშვილი: ჩვენი ძალა კოალიციურ ერთობაშია!

მადლობა ირმა ინაშვილს სასარგებლო "ტესტ-მატჩისთვის", მათ შორის კოალიციის სიმტკიცის ტესტისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აცხადებს . უსუფაშვილი საგარეჯოში ჩატარებულ პარლამენტის შუალედურ არჩევნებს "ფეისბუქით" გამოეხმაურა. 

"ჩემი აზრით, საგარეჯოს არჩევნებიდან რამდენიმე მკაფიო გზავნილი მივიღეთ "ქართულ ოცნებაში": 

 

1. ამომრჩეველი რაც უფრო თავისუფალია, მით უფრო მომთხოვნი და არაერთგვაროვანია, ამიტომ, მეტი შრომა, მეტი უშუალო კომუნიკაცია და მეტი პოლიტიკური ინოვაციაა საჭირო მომავალ, კიდევ უფრო თავისუფალ და კონკურენტულ, არჩევნებში წარმატებისთვის.

 

2. "ნაციონალური მოძრაობა" აღარ არის ერთადერთი ანგარიშგასაწევი ოპოზიციური ძალა, ამიტომ მხოლოდ მათთან ოპონირებით მომავალ არჩევნებში ფონს ვეღარ გავალთ და შესაძლოა ამით დასახული მიმართულებით ქვეყნის განვითარებაც შევაფერხოთ.

 

3. ძლიერი კონკურენტი რამდენადაც რთული დასამარცხებელია, იმდენადვე სასურველი სპარინგ-პარტნიორია, ამიტომ მადლობა ირმა ინაშვილს სასარგებლო "ტესტ-მატჩისთვის" (მათ შორის, კოალიციის სიმტკიცის ტესტისთვის...).

 

4. ჩვენი ძალა კოალიციურ ერთობაშია, ამიტომ ცალკ-ცალკე ნურც ერთ პარტნიორს ნუ გვექნება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში განსაკუთრებული წარმატების ილუზიები.

 

5. თუ მანამდე თავად ვერ შევიცვლებით, ერთი წლის შემდეგ ამომრჩეველი შეგვცვლის, ამიტომ დაუყოვნებლივ უნდა შევთანხმდეთ ყველაფერზე და დავიწყოთ იმის კეთება, რაც ვიცით, რომ გასაკეთებელი გვაქვს კოალიციაშიც და პარტიებშიც", - წერს დავით უსუფაშვილი. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: