ლია მუხაშავრია: დღეს ნიკა გვარამია იმკის იმას, რაც 10 წლის წინ დათესა!

ლია მუხაშავრია: დღეს ნიკა გვარამია იმკის იმას, რაც 10 წლის წინ დათესა!

„ივერიონის“ პრესკლუბში უფლებადამცველმა, ცნობილმა ადვოკატმა ლია მუხაშავრიამ ბრიფინგი გამართა. მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ სასამართლოს, რომელსაც საზოგადოებაში არავინ არ ენდობა, ძალიან ბევრის გაკეთება მოუწევს იმისათვის, რომ ეს ნდობა აღადგინოს.

 

როგორც მუხაშავრიამ  განაცხადა: ის, რაც ხდება ჩვენს თვალწინ, არამარტო სასამართლოს სისტემის რეპუტაციის დამცირებაა, არამედ ეს არის სახელმწიფოს დანგრევისთვის ხელისშემწყობი ფაქტორი.

 

„ჩვენ გვჭირდება სახელმწიფო, სადაც სასამართლო წყვეტს არა იმას, თუ ვინ არის მტყუანი და ვინ მართალი, არამედ სასამართლო, რომელიც მიუჩენს საქმეს თავის კონსტიტუციურ ადგილს.  დღეს ჩვენ გვაქვს სასამართლო, რომელიც ასრულებს პირდაპირ დაკვეთებს და ამას ვადებში ასრულებს,“- ამბობს ლია მუხაშავრია.

 

მან ასევე ისაუბრა „რუსთავი 2“-ის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზე, კერძოდ,  გაიხსენა ის პერიოდი, როდესაც 10 წლის წინ ასამართლებდნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს და გვარამია იყო ბრალმდებელი.

 

მუხაშავრიას თქმით, „გვარამია მაშინ იყო შეიარაღებული არა არგუმენტებით, არამედ ძალაუფლებით, რომელიც მას დღეს არ გააჩნია. მაშინ როდესაც გვარამია არ აღიარებდა სასამართლოს პრინციპებს და იმას, რომ ის უნდა იყოს დაცული, დღეს ის მოითხოვს სამართლიანი სასამართლოს არსებობას“,  იგი თვლის, რომ გვარამია იმკის იმას, რაც თვითონ დათესა:

 

„მაშინ, როდესაც გვარამიას ვეუბნებოდით, რომ არ შეიძლება ისე მოექცეს მოსამართლეს, როგორც ის ექცეოდა. ვეუბნებოდით იმასაც, რომ, როცა შენ დაგჭირდება სასამართლო და მიხვალ სასამართლოში, იქ დაგხვდება ისეთი უმსგავსი მოსამართლეები, რომელ სისტემასაც შენ იცავ, დრო მოვა და ინანებ ამის შესახებ.

 

დღეს სწორედ ის დროა, რომ გვარამია იმკის იმას, რაც დათესა 10 წლის წინ და მე ეს მომწონს!“- განაცხადა უფლებადამცველმა ლია მუხაშავრიამ. 

 

 

კარინა გრიგორიანი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: