Iverioni
«    სექტემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
მარტი 2019 (9)
16-11-2015, 12:52
ნანახია: 1170

ანა ნინუა - ახალი სიტყვა ქართულ ლიტერატურაში!

ანა ნინუა ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენა იყო. როცა მის პირველ რომანს („მეძავი“) გავეცანი, დავეჭვდი: როგორ შეიძლება ასეთ დახვეწილ და მაღალი გემოვნების მწერალს, წიგნი აქამდე გამოცემული რომ არ ჰქონდეს-მეთქი. ბოლოს, იმდენად მოვიხიბლე, რედაქტორობაც ვიკისრე.

 

წიგნის გამოსვლისთანავე მოკრძალებით ვკითხე: ხომ არ მუშაობდა მეორე რომანზე. პასუხად მივიღე, რომ რამდენიმე რომანი მზად იყო, მაგრამ ფინანსური სიმწირის გამო გამოცემაზე არც ფიქრობდა.

 

არც მე ვარ დალხინებული, მაგრამ, რაც შემძელო მხარდაჭერა აღვუთქვი და შევაგულიანე, პატარა ტირაჟით მაინც გამოგვეცა.

 

ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა მისი ახალი სქელტანიანი რომანი „მეზღაპრე“ წავიკითხე - ჩემს წინაშე იდგა დახვეწილი, რაფინირებული მწერალი, ღრმა მწერლური ფანტაზიით და საკმაოდ ორიგინალური ხელწერით. უკვე წიგნის რედაქტორობა საპატიო მისიად ჩავთვალე და მეორე რომანმაც დღის სინათლე იხილა!..

 

გავიმეორებ ჩემს დამოკიდებულებას ქალბატონი ანას შემოქმედების მიმართ, რომელიც „მეზღაპრეს“ ანოტაციად წავუმძღვარე:

 

„მეზღაპრე“ ქალბატონ ანა ნინუას მეორე, სქელტანიანი რომანია. ავტორი მკითხველის ყურადღებას იპყრობს ხალასი, ბუნებრივი თხრობით და სიუჟეტის თანამონაწილედ გხდის.

 

მწერლის უსაზღვრო ფანტაზიის წყალობით, კომაშიც „ვარდები“ და „იმ სამყაროშიც“ მოგზაურობ. ისე ოსტატურად გითრევს ამქვეყნიური ცხოვრების წუმპეში, ერთი სული გაქვს, როდის გამოაღწევ იქიდან...

 

თამამად შეიძლება ითქვას, ანა ნინუა ნამდვილი აღმოჩენა და თანამედროვეობის თვალსაჩინო მწერალია. გამორჩეულია მისი წერის მანერა, მისი ფანტაზია ოსტატურადაა შეზავებული მწარე რეალობასთან“...

 

დიახ, დღეს, როცა თანამედროვე, ქართული ლიტერატურა ღრმა კრიზისს განიცდის, როცა სანთლით საძებნი გახდა ჭეშმარიტი პროზა და პოეზია, როცა ფაქტობრივად, არ არსებობს ლიტერატურული კრიტიკა, რომელიც ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს, სასიხარულოა, რომ ქართული ლიტერატურის კაბადონზე  შესანიშნავი მწერალი გამოჩნდა.

 

ეკონომიკური სიდუხჭირე, ლიტერატურისადმი და ზოგადად  ჭეშმარიტი ფასეულობებისადმი საზოგადოების ნიჰილისტური დამოკიდებულება რომ არა, ანა ნინუას რომანები დიდი ტირაჟით უნდა გამოდიოდეს და ლიტერატურული კრიტიკის შესწავლა-შეფასების ობიექტი უნდა ხდებოდეს!

 

გამომცემლობა „ივერიონმა“ პოლიგრაფიული უზრუნველყოფისთვის უკვე მოამზადა ანა ნინუას მესამე რომანი „აფროდიტას ორქიდეები“, რომლის გამოცემა ფინანსური პრობლემების გამო შეიძლება გაჭიანურდეს!..

 

დღეს, როცა ქართული ბიზნესი (გამონაკლისებს არ ვგულისხმობ) ნაკლებად წყალობს ლიტერატურას და ხელოვნებას, როცა სახელმწიფომ ხელი აიღო ხელოვნებისა და კულტურის მესვეურობაზე (თუ აფინანსებენ, ისიც პირადი სიმპათიებით, ან ჩაწყობით) მწერლის მხარდაჭერის მისია თავად მკითხველმა უნდა იკისროს. მითუმეტეს, ამ მხარდაჭერას ანა ნინუას ჭეშმარიტი შემოქმედება ნამდვილად იმსახურებს. ვინც უკვე გამოქვეყნებულ რომანებს გაეცნობა, ამაში თავადაც დარწმუნდება.

 

P.S.  პირადად ქალბატონ ანას არასოდეს შევხვედრივარ.  ჩემი ყურადღება სოციალურ ქსელში არაორდინალური სტატუსით მიიპყრო. როცა გავიგე, რომანებზე მუშაობდა, მხარდაჭერა აღვუთქვი და არც გავწბილებულვარ. მიხარია, რომ ქალბატონ ანა ნინუას ქართულ მწერლობაში დამკვიდრებაში მოკრძალებული წვლილი „ივერიონმაც“ შეიტანა!

 

 

ზაურ ნაჭყებია