მამუკა არეშიძე: ცივილიზებული სამყარო უფრო „ეფექტურ“ ტერაქტებზე რეაგირებს!

მამუკა არეშიძე: ცივილიზებული სამყარო უფრო „ეფექტურ“ ტერაქტებზე რეაგირებს!

„სამწუხაროდ ცივილიზებული სამყარო უფრო „ეფექტურ“ ტერაქტებზე რეაგირებს“- ამის შესახებ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე, პოლიტოლოგმა, მამუკა არეშიძემ განაცხადა.

 

არეშიძის  განცხადებით, საფრანგეთი ევროპული უსაფრთხოების სისტემაში სუსტი წერტილია. იგი ვარაუდობს, რომ მსგავსი ტერაქტები სხვადასხვა ქვეყნებში  სხვადასხვა „ეფექტურობით“ კვლავ განმეორდება:

 

„სამწუხაროდ ცივილიზებული სამყარო „ეფექტურ“ ტერაქტებზე უფრო რეაგირებს, რადგან მსგავსი ტერაქტები მანამდეც მოხდა პაკისტანში, კენიაში, ინდონეზიაში... ეს ტერაქტი განსაკუთრებით ეფექტური იმიტომ გამოდგა, რომ ის „პარიზში“ მოხდა. ვინაიდან, საფრანგეთი მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთი ცენტრია- ამან ძალიან დიდი რეზონანსი გამოიწვია. დარწმუნებული ვარ, რომ ტერაქტების სერიები სხვადასხვა ქვეყნებში  სხვადასხვა ეფექტურობით კვლავ გაგრძელდება.

 

 

სამწუხაროდ, პარიზი ევროპული უსაფრთხოების სისტემაში სუსტი წერტილია. სუსტია არა იმიტომ, რომ მისი სპეცსამსახურები სუსტია, არამედ, იმ პოლიტიკის გამო, რომელსაც ისინი გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან აწარმოებენ. მათ ძალიან მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვეს მაშინ, როდესაც ყოფილი კოლონიების ქვეყნის მოსახლეობისთვის საფრანგეთის კარი ძალიან ფართოდ გააღეს და საფრანგეთის მოქალაქეობის მიღება ძალიან ადვილი გახდა.“

 

არეშიძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე-მოხდება თუ არა ტერაქტი საქართველოში, განაცხადა, რომ ამაზე პირდაპირ საუბარი ძალიან რთული და შეუძლებელია:

 

„მოხდება თუ არა ტერაქტი საქართველოში, პირდაპირ ამის თქმა როგორ შეიძლება? მაგრამ თუ შესაბამისი ბრძანება იქნება გაცემული, მიუხედავად იმისა, რომ ამის არანაირი საფუძველი არ მაქვს, ვთვლი, რომ სავარაუდოდ პირველ რიგში თავდასხმის ობიექტები ის უცხოური წარმომადგენლობები და საელჩოები იქნებიან, რომლებიც კოალიციაში მონაწილეობენ.  საქართველო იმ სივრცეში მოიაზრება, რომელსაც „საერთაშორისო ტერორიზმი-პოლიტიკური ისლამი“ ჰქვია. საქართველო და მისი ხელმძღვანელობა აღიქმება, როგორც მტერი, ოღონდ, ბევრად უფრო პასიური, ვიდრე საფრანგეთია“- განაცხადა მამუკა არეშიძემ.

 

 

კარინა გრიგორიანი

მედეა შელია

 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: