იოსებ არჩვაძე: ტერორისტულმა აქტებმა სერიოზული დარტყმა მიაყენეს, როგორც საფრანგეთის, ისე, ევროკავშირის ეკონომიკასაც!

იოსებ არჩვაძე: ტერორისტულმა აქტებმა სერიოზული დარტყმა მიაყენეს, როგორც საფრანგეთის, ისე, ევროკავშირის ეკონომიკასაც!

„ივერიონს“ პარიზში მომხდარ ტერაქტებსა და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პრობლემებზე, „ქართული პლატფორმის“ გამგეობის წევრი, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი, იოსებ არჩვაძე ესაუბრა.

 

 

-ბატონო სოსო, მსოფლიო შეძრულია საფრანგეთში მომხდარი ტერაქტებით. სპეციალისტები უკვე საუბრობენ, რომ ეს ერთჯერადი აქტი არ არის და სავსებით შესაძლებელია  სხვა სახელმწიფოებსაც მოედოს.

 

 

 საინტერესოა თქვენი აზრი, საიდან მოდის ტერორიზმის ფესვები და როგორ შეიძლება მისი შეჩერება?

 

 

ტორორიზმს თავისი ლოგიკური და სუბიექტური საფუძვლები გააჩნია. ტერორის იდეა შეიძლება დაიბადოს აბსოლუტურად ნორმალურ გარემოში დაბადებული და აღზრდილი პიროვნების გონებაშიც - მისი კონტროლი და პრევენცია ხშირად შეუძლებელია.  თუმცა, ტერორიზმს უფრო ღრმა ფესვებიც აქვს - ესაა საზოგადოების გარკვეული ნაწილის წარმოდგენა იმ ფასეულობებზე და უსამართლობებზე, რომელიც მათი აზრით სუფევს ქვეყანაში, მათ მიაჩნიათ, რომ ამგვარი გზით ამ უსამართლობას ებრძვიან.

 

 

გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მსოფლიო ცივილიზაციის განვითარების კვალობაზე: ინფორმატიკის, ინტერნეტის, მასობრივი საინფორმაციო გზის განვითარება ერთგვარად ხელს უწყობს ტერორის ჩანაფიქრის ასრულებას ისე, რომ ამაში დრო და მანძილი კარგავს თავის არსებით მნიშვნელობას.

 

 

მარტივად რომ ვთქვათ ტერორისტები დღევანდელ ცივილიზაციას იმ მიღწევებით ებრძვიან, რაც ა ცივილიზაციამ მთელი ისტორიის მანძილზე დააგროვა!

 

 

ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ, მარტო ერთჯერადი აქტებით და ძალისხმიერი მეთოდებით, როგორიცაა: ვთქვათ, მათი სავარაუდო შტაბ-ბინის, ან ინფრასტრუქტურის განადგურება, საკმარისი არ იქნება. ზოგადად ამ უკეთური აზრის გაჩენის მომენტში უნდა მოხდეს მისი პრევენცია.

 

 

აღსანიშნავია ისიც, რომ ამ აქტების შემდგომ პარალიზებული იყო პარიზი. შესაბამისად, ტურისტული ნაკადის 1%-ით შემცირებაც კი საგრძნობლად ვნებს საფრანგეთის ეკონომიკას. ამიტომ, ამას აქვს არა მარტო ფსიქოლოგიური ტერორის სახე, არამედ, წმინდა ეკონომიკური შინაარსითაც სერიოზული დარტყმა მიაყენა საფრანგეთს და აქედან გამომდინარე, ევროკავშირის ეკონომიკასაც.

 

-„ივერიონთან“ საუბარში პოლიტოლოგმა ჰამლეტ ჭიპაშვილმა ხაზგასმით განაცხადა, რომ „დღეს რუსეთი არის ერთადერთი ძალა, რომელიც კატეგორიულად ცდილობს ალაგმოს ტერორიზმი იქ, სადაც მისი ბუდეა“- ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას და ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ სერიოზული საფრთხისადმი რუსების ასეთი დამოკიდებულება კიდევ უფრო გაზრდის მის ავტორიტეტს მსოფლიოში?

 

-რუსეთზე ფსონები გარკვეულწილად იზრდება. საფრანგეთსა და რუსეთს შორის ფაქტობრივად გაფორმებულია არაფორმალური სამოკავშირეო ხელშეკრულება. რომელიც გულისხმობს ერთობლივი ძალისხმევის გატარებას ამ ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“  წინააღმდეგ. თუმცა, მიუხედავად გაზრდილი ფსონებისა და თვით მისი მზარდი რესურსული და სამხედრო რიტორიკის მიუხედავად , მას აღნიშნულ პრობლემასთან  მარტო ბრძოლა გაუჭირდება. ეს არის გლობალური პრობლემა და ძალისხმევაც გლობალური მასშტაბით უნდა იქნეს განხორციელებული, ბუნებრივია, რუსეთის აქტიური მონაწილეობით.

 

-ექსპერტები და პოლიტიკოსები „ივერიონთან“ საუბარში აცხადებენ, რომ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, დღეს არ შესწევს უნარი განახორციელოს ეფექტური ანტიტერორისტული ღონისძიებები. აქ იგულისხმება არა მარტო სამხედრო კონტიგენტი და ეკონომიკური მდგომარეობა, არამედ ის ფსიქოლოგიური პრობლემებიც, რომლის გადალახვა დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით ძალიან ძნელია.

 

თქვენი კომენტარი...

 

-პრობლემას, რომლის წინაშეც აღმოჩნდა მთელი მსოფლიო და მათ შორის საქართველოც, ჩვენ  უნდა შევხედოთ საქართველოს რეალური მდგომარეობით - სად ვართ და რა პოტენციალი გაგვაჩნია!

 

ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობა საკმაოდ დამაფიქრებელი რომ არის, ეს აშკარად გამოჩნდა იმ ფონზე, როცა დიდი ოცეულის სამიტს სპეციალური სტუმრის სტატუსით ესწრებოდა აზერბაიჯანის ლიდერი, ილჰამ ალიევი. ხოლო საქართველოს ხელისუფლება ამას ტელევიზიით ადევნებდა თვალყურს.

 

ქვეყანაში არსებული სუსტი ეკონომიკური პოტენციალი, მძიმე დემოგრაფიული ვითარება არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენი შიდა ძალისხმევით შევძლოთ ბრძოლა, შესაბამისად გვჭირდება მეტი კოორდინაცია იმ ძალებთან, რომლებმაც ღიად გამოხატეს  თავიანთი დამოკიდებულება ამ ტერორისტული სახელმწიფოს მიმართ.

 

-„ქართული პლატფორმის“ელექტრონული მთავრობის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა რატი აბულაძემ „ივერიონში“ დაბეჭდილ პუბლიკაციაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტერორიზმის პრევენციისთვის საქართველო კიბერარმიას არ ფლობს, მისი აზრით, კავკასიაში უნდა შეიქმნას ინკრუზიული ელექტრონული მთავრობა, რომელიც კიბერსაფრთხეებისა და კიბერტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი სისტემა იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ რომ სახელმწიფოს უსაფრთხოება ელექტრონულადაც დაცული არ არის?

 

-აბსოლუტური დაცულობის სისტემა არ არსებობს! ჩვენ ეს საკუთარ თავზე ვიწვნიეთ, როცა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, რუსმა ჰაკერებმა ჩვენი ხელისუფლების უმაღლლესი ორგანოების საიტები გატეხეს.

 

კიბერუსაფრთხოება ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ხდება და მას სახელმწიფოები უფრო და უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ. ამიტომ, ამ მხრივ უკეთ მომზადება, არამარტო ინფორმატიზაცია და ინტერნეტიზაცია, არამედ, გარკვეული წესების დაცვა არის იმის პირობა, რომ შევძლოთ გარედან მოახლოებული საფრთხეებისა და კიბერშეტევებისგან თავის დაცვა.

 

სამწუხაროდ, საქართველო არ მიეკუთვნება იმ სახელმწიფოთა რიგს, სადაც მაღალ დონეზეა ლიცენზირებული პროგრამის გამოყენება.  პირადული პროგრამების გამოყენება შედარებით ადვილად  მოწყვლადს  ხდის ამ კიბერშემოტევებისთვის.

 

-ტერორიზმი-ტერორიზმად, მაგრამ ახლა ისევ საქართველოს დაუბრუნდეთ, უკვე თითქმის ორი კვირაა შუალედური არჩევნების გაყალბების მოტივით შიმშილობენ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები და მათი მხარდამჭერები. ისინი გარდა გაყალბების მიმართ გამოხატული პროტესტისა, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების და მაჟორიტარული არჩევნების გაუქმების მოთხოვნასაც აყენებენ.

 

სამწუხაროდ, ხელისუფლების მხრიდან არანაირი რეაქცია და დაინტერესება არ ჩანს.

 

რა პროგნოზის გაკეთება შეგიძლიათ? თქვენი აზრით, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები და რა შედეგით შეიძლება დასრულდეს ეს შიმშილობა?

 

-საქართველო მიუხედავად იმისა, რომ 25-წელიწადია ახდენს დეკლარაციას დამოუკიდებლობის თაობაზე, ფაქტობრივად, ჯერ კიდევ დამოუკიდებლისგან გარდამავალ სტადიაშია და იმპროვიზაციებისა და სიახლეების შეტანა ყოველ საარჩევნო ციკლს თან ახლავს.

 

მე მიჭირს პასუხის გაცემა, თუმცა, ხელისუფლებას ვურჩევდი იმ პირობებისა და ვალდებულებების შესრულებას, რომელიც მისცეს საზოგადოებას 2012 წლის არჩევნების დროს.

 

ხელისუფლება რაც მალე გადადგამს ნაბიჯებს სამართლიანი, საზოგადოებისთვის მისაღები საარჩევნო სისტემისთვის, მით უფრო კარგი იქნება და მმართველ ძალასაც, მომდევნო საარჩევნო ციკლში მეტი შანსები ექნება.

 

-შეიძლება ითქვას ჩაქრა „რუსთავი 2“-ის გარშემო ხელოვნურად ატეხილი აჟიოტაჟი. მოსამართლე ურთმელიძემ საკუთარი გადაწყვეტილება ისევ გააუქმა და „რუსთავი 2“-ი ისევ ძველი მენეჯმენტის განკარგულებაში დარჩა.

 

თქვენი აზრით, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ხელისუფლებამ გარეშე ძალების ზეწოლის შედეგად უკან დაიხია და სასამართლოც მისი ნების უნებლიე შემსრულებელი გახდა?

როგორ ფიქრობთ, „რუსთავი 2“-ის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი კერძო დავას შეიძლება მივაკუთვნოთ , თუ აქ ხელისუფლების პოლიტიკური ინტერესებიც იკითხება?

 

-ამას უფრო ფართოდ შევხედავ, ეს არამარტო კერძო დავაა და არამარტო ხელისუფლებისა და „რუსთავი 2“-ის უკან მდგარი ძალების, არამედ, გარკვეულწილად  საქართველოს მომავლისა და მსოფლმხედველობის დაპირისპირებაცაა.

 

დიდი ხნის მანძილზე „რუსთავი 2“-ი, კონკრეტული პოლიტიკური ძალის ინტერესებს გამოხატავდა, რომელიც მოვიდა გადატრიალების გზით.

 

„რუსთავი 2“-ი, არ არის უბრალოდ  ტელევიზია, ის ტელევიზიაზე მეტია. ეს არის ინსტრუმენტი, რომელსაც საზოგადოების მიმართ, შეუძლია გარკვეული ფსიქოლოგიური ზემოქმედებისა და მანიპულაციის განხორციელება. ამიტომ სასურველია ის იყოს იმ ჩარჩოებში, რასაც ქართული მედია ითვალისწინებს.

 

რაც შეეხება ურთმელიძის გადაწყვეტილებას, შეიძლება ითქვას, რომ ეს არ იყო მთლად დამოუკიდებელი.  ვფიქრობ, ადგილი ჰქონდა ზეწოლას. თუმცა, ის, თუ ვის მიერ იყო ეს განხორციელებული  და ვის ვინ სთხოვა, ეს უფრო საფეხუროვან ფაქტორებს უკავშირდება და შეიძლება ითქვას, რუსული „მატრიოშკას“ პრინციპს ემსგავსება.

        

 

           ესაუბრა კარინა გრიგორიანი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: