რას ელოდება თინათინ ხიდაშელი?!

რას ელოდება თინათინ ხიდაშელი?!

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ჰოლანდიის, ალბანეთისა და მონტენეგროს თავდაცვის მინისტრებს შეხვდა. 

 

შეხვედრები უცხოელ კოლეგებთან  ჰალიფაქსის ფორუმის ფარგლებში გაიმართა. 

 

ნიდერლანდების სამეფოს თავდაცვის მინისტრი ჯანინ ჰენის-პლასჩერტი, ალბანეთის თავდაცვის მინისტრი მიმი კოდელი, მაკედონიის თავდაცვის მინისტრი ზორან იოლევკსი და მონტენეგროს თავდაცვის მინისტრი მილიცა პეიანოვიჩ-დურიშიჩი კანადაში საერთაშორისო ფორუმს ესწრებიან.

 

შეხვედრების ძირითადი თემა იყო საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები. მხარეებმა ისაუბრეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის საკითხზე. ყურადღება გამახვილდა პაკეტით გათვალისწინებული ელემენტების განხორციელებაში ჰოლანდიის წვლილზე და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე. თავდაცვის მინისტრმა ჯენინ ჰენის-პლასჩერტი საქართველოში მოიწვია.

 

„ეს კონფერენცია იძლევა საშუალებას, რომ ორმხრივ ფორმატებში ბევრი არაფორმალური შეხვედრა გვქონდეს. ვისაუბრეთ ალბანეთის თავდაცვის მინისტრთან, რომელსაც დეკემბერში ვეწვევით. შეხვედრისას ვიზიტის დეტალები დავაზუსტეთ. საუბარი გვქონდა ასევე ჰოლანდიის თავდაცვის მინისტრთან - ჰოლანდიისგან ჩვენ ვითხოვთ მეტ თანამონაწილეობას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში. იმედი მაქვს, რომ ქალბატონი ჯანინი უკვე კონკრეტულად ჩაერთვება ამ პროცესის წარმატებით განხორციელებაში. ისიც დავპატიჟეთ საქართველოში და რამდენიმე კონკრეტულ ფორმატზე დავიწყეთ საუბარი, რომლის ფარგლებში შეიძლება საქართველოში დიდი ღონისძიება გავმართოთ, ვისაუბრეთ მიმდინარე პროექტების გაგრძელებაზეც. შევხვდით მაკედონიის თავდაცვის მინისტრს, ასევე მონტენეგროს თავდაცვის მინისტრს, რაც ამ მომენტისთვის ყველაზე ცხელი საკითხია, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ყველას ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ნატოს „ღია კარის“ პოლიტიკა კიდევ ერთხელ დადასტურდება პირველ დეკემბერს, მინისტერიალის დროს, სწორედ, მონტენეგროს ნატოში მიწვევით. ეს არის მნიშვნელოვანი ამბავი, რასაც ველოდებით ნატოსგან. თავდაცვის მინისტრები აქტიურად ვართ ჩართული საადვოკატო პროცესში, რათა ყველა სკეპტიკოსის საწინააღმდეგოდ დადასტურდეს, რომ ნატოს კარი ღიაა“ , - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: