ჰამლეტ ჭიპაშვილი: პუტინი არ ხუმრობს, ამერიკა და თურქეთი კი რუსეთს ცუდად ეთამაშებიან!

ჰამლეტ ჭიპაშვილი: პუტინი არ ხუმრობს, ამერიკა და თურქეთი კი  რუსეთს ცუდად ეთამაშებიან!

 

„ივერიონს“ აქტუალურ საშინაო და საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე, პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი ესაუბრა.

 

-ბატონო ჰამლეტ, თქვენი აზრით, რა გავლენას იქონიებს რუსეთსა და თურქეთს შორის მოვლენების შემდგომი ესკალაცია  ცნობილი ინციდენტის შემდეგ. მხედველობაში გვაქვს, თურქეთის მიერ რუსეთის მოიერიშე თვითმფრინავის ჩამოგდება სირიის ტერიტორიაზე.

 

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ორივე მეზობელი სახელმწიფო საქართველოს სავაჭრო და სტრატეგიული პარტნიორია...

 

-დავიწყოთ ბოლოდან -  რამდენად სავაჭრო-სტრატეგიული  და ეკონომიკური პარტნიორია რუსეთი საქართველოსთვის ძნელი სათქმელია. ამ კუთხით, საქართველოს ხელისუფლება დაბეჯითებით ამტკიცებს, რომ რუსეთთან ცუდი ურთიერთობა აქვს, გარდა პრიმიტიული ეკონომიკური კავშირებისა.

 

საქართველო-თურქეთის სტრატეგიულ პარტნიორობაზე კი, ცხადია, საქართველოს საგარეო ეკონომიკურ-სავაჭრო ტვირთბრუნვის 75%-ი მოდის თურქეთიდან.

 

ცხადია, რუსეთთან თურქეთის ურთიერთობის გაუარესება სერიოზულ გავლენას იქონიებს საქართველო-თურქეთის ურთიერთობებზე. ეს ეხება არა მარტო ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებს, არამედ, არის საფრთხეები უსაფრთხოების თვალსაზრისითაც. მათ შორის მდგომარეობის ნებისმიერი გაუარესების შემთხვევაში, რაღაც ჩვენზეც იმოქმედებს.  ჩვენ შუაში ვართ მოქცეულნი ამ ორ დიდ სახელმწიფოს შორის და წარმოუდგენელია წყლიდან მშრალი გამოვიდეთ.

 

რაც შეეხება თურქეთ-რუსეთის ურთიერთობას, ცხადია, გაუარესებისკენ წავა. რუსეთის პრეზიდენტის გუშინდელი განცხადება, რომ ის მიიღებს შესაბამის ზომებს, უბრალოდ ჰაერში ნათქვამი სიტყვები არაა - პუტინი ისე არაფერს არ ამბობს, რომ მის ნათქვამს რაღაც შედეგი არ მოჰყვეს!

 

თურქეთმა დაუშვა უაღრესად გამოუსწორებელი შეცდომა, რითაც სამომავლოდ გაიუარესა რუსეთთან ურთიერთობა. ეს კი, თურქეთის ეკონომიკისთვის მძიმე შედეგს გამოიღებს.

 

პოლიტიკური თვალსაზრისითაც რუსეთი არ გაჩერდება და შეეცდება თურქული მხარე უკიდურესად დააზარალოს პოლიტიკურ არენაზე.

 

-როგორ შეფასებთ დასავლეთის და ამერიკის რეაქციას აღნიშნულ ინციდენტთან  დაკავშირებით?  რა იგულისხმებოდა პუტინის სიტყვებში -„ზურგში დანა ჩაგვარტყეს“?

 

და კიდევ, ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების ანალიზის ფონზე, ხომ არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რუსეთი „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში მარტო დარჩა და ეს მისთვის წინასწარ დაგებული მახეა.

 

თქვენი კომენტარი...

 

-„ისლამური სახელმწიფო“ შეიქმნა ამერიკის უშუალო მონაწილეობით. შეიქმნა, რათა სირიის და ერაყის ტერიტორიებზე გაჩენილიყო არა ე.წ., არამედ, რეალური სახელმწიფო, რომელიც მათ კონკურენციას გაუწევდა.

 

უპირველეს ყოვლისა, „ისლამური სახელმწიფო“ ბაშარ ასადის ჩამოსაგდებად შეიქმნა. მას სერიოზულ დახმარებას უწევს არა მარტო ამერიკა, ასევე თურქეთიც, რომელიც თავს ბაშარ ასადის ნომერ პირველ მტრად მიიჩნევს.

 

ამერიკის და თურქეთის მიზანი იყო „ისლამური სახელმწიფო“ ყოფილიყო ძლიერი და შეექმნა ქაოსი ახლო აღმოსავლეთში. ეს ქაოსი კი შეიქმნა არა მარტო ახლო აღმოსავლეთში, არამედ  მოედო ევროპასაც. დღეს „ისლამური სახელმწიფო“  მსოფლიოსთვის საფრთხეს წარმოადგენს. 

 

მნიშვნელოვანია ის, რომ „ისლამურ სახელმწიფოს“ დატყვევებული აქვს სირიის და ერაყის ის ტერიტორიები, სადაც ნავთობის საბადოები და ნავთობგადამამუშავებელი კომპლექსებია. სწორედ ამ კომპლექსებიდან ხდება თურქეთის ტერიტორიაზე ნავთობის გადინება. ეს შავი ბიზნესია, რომელშიც თურქი ბიზნესმენები არიან ჩართული. არის ინფორმაცია, რომ ამ ბიზნესს ერდოღანის შვილი აკონტროლებს. ცხადია, თურქეთისთვის ეს დიდი შემოსავალია. 

 

დასავლეთისთვის რუსეთი სერიოზული საფრთხე აღმოჩნდა. რუსეთის იერიშმა სირიაში და ნავთობგადამამუშავებელი სისტემების მწყობრიდან გამოყვანამ სერიოზული ზარალი მიაყენა „შავ ბიზნესში“ ჩართულ ორივე მხარეს. რუსეთის გამოჩენა სირიის ტერიტორიაზე და მისი სამხედრო თვითმფრინავებით იერიშის მიტანა „ ისლამურ სახელმწიფოზე“, დიდი ტრაგედია იყო დასავლეთისთვის. შესაძლებელია თურქული მხარის ნაბიჯი და თვითმფრინავის ჩამოგდება იყოს წინასწარ დადგმული ოპერაცია, რომ რუსეთი გაფრთხილდეს,  შეწყვიტოს  თავისი სამხედრო მოქმედება  და საერთოდ წამოვიდეს სირიიდან! ამერიკა და თურქეთი რუსეთს ცუდად ეთამაშებიან.

 

     ესაუბრა კარინა გრიგორიანი 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: