სოსო არჩვაძე: თუ კონფლიქტის ესკალაციამდე მივიდა საქმე, შეიძლება ტერორისტული სამიზნე ნავთობსადენიც გახდეს საქართველოს ტერიტორიაზე!

სოსო არჩვაძე: თუ კონფლიქტის ესკალაციამდე მივიდა საქმე, შეიძლება ტერორისტული სამიზნე ნავთობსადენიც გახდეს საქართველოს ტერიტორიაზე!

„ივერიონს“ რუსეთ-თურქეთს შორის მიმდინარე დაძაბულ მოვლენებზე, „ქართული პლატფორმის“ გამგეობის წევრი, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი, იოსებ არჩვაძე ესაუბრა.

 

-ბატონო იოსებ, თქვენ გაზეთ „რეზონანსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებთ, რომ რუსეთ-თურქეთის დაძაბული ურთიერთობა ნეგატიურ გავლენას იქონიებს საქართველოზეც, გამომდინარე იქიდან, რომ ორივე სახელმწიფო საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია.

 

თუმცა საომარი მოქმედებების ესკალაციის შემთხვევაში, სხვა მოსალოდნელი საფრთხეებიც არაა გამორიცხული...

 

-სამწუხაროდ, როდესაც მეზობელი ქვეყნები, ძალის არგუმენტებით ცდილობენ თავიანთი სიმართლის დამტკიცებას, მათ შორის მყოფი აბსოლუტურად უდანაშაულო მეზობელმა, თუ ძალა შესწევს მას, უნდა გააშველოს ისინი, თუ არადა, შეიძლება თვითონ აღმოჩნდეს საფრთხის წინაშე. საქართველოც ამ დღეშია.

 

რუსეთსა და თურქეთს საკმაოდ დიდი ეკონომიკური ინტერესები გააჩნიათ და ერთი ხელის აღებით ამ კავშირის გაწყვეტა ორივე მხარისთვის სერიოზული ზიანის მომტანი იქნებოდა.

 

ნებისმიერ შემთხვევაში ესკალაცია საქართველოზე ცუდად იმოქმედებს. თუკი ორივე ქვეყანა ჩაერთვება საომარ მოქმედებებში, ეკონომიკის ნაცვლად სამხედრო რესურსებზე გადასვლა ერთობლივი მოთხოვნების შემცირებას გამოიწვევს. ასევე შემცირდება ინვესტიციების შემოდინება, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. რა თქმა უნდა, ერთობლივი მოთხოვნის შემცირება პირდაპირ გავლენას მოახდებს საქართველოსთან მიმართებაშიც. რადგან, თურქეთი საქართველოსთვის ნომერი პირველი სავაჭრო პარტნიორია და მისი მყისიერი ცვლილება სხვა ქვეყნით შეუძლებელი იქნება.

 

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ესკალაციამ შეიძლება სერიოზული საფრთხე შეუქმნას ნავთობსადენისა და გაზსადენის უსაფრთხოებასაც. ვერ გამოვრიცხავ, რომ თუკი ესკალაციამდე მივიდა საქმე, ტერორისტული სამიზნე ეს ნავთობსადენი გახდეს, არა უშუალოდ თურქეთის, არამედ, საქართველოს ტერიტორიაზეც კი!

 

-იგივე ინტერვიუში თქვენ არ გამორიცხავთ, რომ საქართველოში საფრთხე შეექმნას ფინანსურ სტაბილურობასაც. ალბათ, მხედველობაში გაქვთ, ის ფულადი ტრანსაქციები, რომელიც საკუთარი თანამემამულეებისგან რეგულარულად შემოდის რუსეთიდან...

 

ჩვენი თანამემამულეების  ათეულ ათასობით სამუშაოს მაძიებელი ემიგრანტია თურქეთშიც...

 

რა პრევენციული ზომები უნდა გაატაროს კრიტიკული სიტუაციის შემთხვევაში საქართველომ? 

 

-საომარ ქმედებებს ყოველთვის თან სდევს ეროვნული ვალუტის დევალვაცია, ერთობლივი მოთხოვნის შემცირება და ა.შ. ამიტომ, ეს რესურსიც საკმაოდ შეზღუდული იქნება, თუ საერთოდ არ დაიკეტა. საქმე ისაა, რომ საომარი ვითარების დროს შეიძლება რუსეთმა მიიღოს გადაწყეტილება და  საერთოდ აკრძალოს ქვეყნიდან ფულადი რესურსების გადინება.

 

ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლებამ და პოლიტიკოსებმა იმაზე კი არ უნდა დახარჯონ დრო , თუ რომელი კომპანია ვის მფლობელობაშია, არამედ უფრო მაღალ საფრთხეებზე იფიქრონ!

 

ამ შემთხვევაში, აბსოლუტური თავდაცვის სისტემა არ არსებობს, მაგრამ კეთილმეზობლური ურთიერთობა უნდა შევინარჩუნოთ თურქეთთან და მეტი მუშაობა ვაწარმოოთ რუსეთთან, რათა საომარი ვითარების გამწვავების შემთხვევაში ჩვენს თანამემამულეებს საფრთხე არ შეუქმნათ.

 

იმის გამო, რომ ჩვენ რუსეთთან არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა,  ჩვენი თანამემამულეების ბედ-იღბალი და მათდამი დამოკიდებულება, მთლიანად რუსეთის ხელისუფლების კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული.

 

 

                            ესაუბრა მედეა შელია 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: