თეა წულუკიანმა იუსტიციის სახლში სოციალური საწარმო გახსნა

თეა წულუკიანმა იუსტიციის სახლში სოციალური საწარმო გახსნა

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის ხელშეწყობის მიზნით , თბილისის იუსტიციის სახლში სოციალური საწარმო  – კაფეტერია – გახსნა.
გახსნის ცერემონიას შვეიცარიის ელჩი საქართველოში ლუკას ბეგლინგერი და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ილიანა დერილოვა დაესწრნენ.


სოციალურ საწარმოში 13 პირი დასაქმდა. კაფეტერიის ხელმძღვანელი, ბუღალტერი და 3 მზარეული პროფესიული ნიშნით შეირჩნენ, ხოლო დამხმარე პოზიციები ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის პროგრამის ბენეფიციარებმა და მათი ოჯახის წევრებმა დაიკავეს (3 ყოფილი პატიმარია, 5 კი – ყოფილი პატიმრის ოჯახის წევრი).


საწარმო  მიზნად ისახავს ყოფილი და რისკის ქვეშ მყოფი ნარკომომხმარებლების, მათ შორის, პოტენციური მიგრანტებისა და ყოფილი პატიმრების, დასაქმებას, რაც მათ საზოგადოებაში რესოციალიზაციას   შეუწყობს ხელს.


კაფეტერია თბილისის იუსტიციის სახლში მომუშავე პერსონალისთვის ამოქმედდა. სოციალური საწარმოს საშუალებით, ერთი მხრივ, იუსტიციის სახლში განთავსებული სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები ყოველდღიურად ხელმისაწვდომ ფასად შეძლებენ კაფეტერიითა და მაღალი ხარისხის პროდუქტით სარგებლობას, მეორე მხრივ კი, „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ ბენეფიციარებს შემოსავლის წყარო გაუჩნდებათ. გარდა ამისა, დასაქმებული ბენეფიციარები გაიუმჯობესებენ იმ შრომით და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევებს, რაც მომავალში მათ წარმატებულ საქმიანობას შეუწყობს ხელს.


სოციალური საწარმო იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ მიერ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საგრანტო პროგრამის ფარგლებში შეიქმნა.  მიგრაციის საკითხებში შვეიცარიის ფედერალური ოფისის მიერ საგრანტო პროექტი „სოციალური საწარმო დანაშაულის პრევენციისთვის“  87 500 შვეიცარიული ფრანკით დაფინანსდა. საგრანტო პროექტის ხანგრძლივობა 22 თვეა. ამავე პროექტის მიხედვით, უახლოეს ხანში გაიხსნება ავტოსამრეცხაო, სადაც, ასევე, ყოფილი ან რისკის ქვეშ მყოფი ნარკომომხმარებელი ყოფილი პატიმრები დასაქმდებიან. საგრანტო კონკურსი ჩატარდა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის  (IOM)   პროგრამის – „სოციალური საწარმოების განვითარება ქართველ მოქალაქეთა და პოტენციურ მიგრანტებს შორის ნარკომოხმარების პრობლემის შემცირებისა და მათი სოციოეკონომიკური ინტეგრაციის მიზნით“ – ფარგლებში.


საქართველოში „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა“ 2013 წლიდან იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით ამოქმედდა. პროგრამას სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახორციელებს. მისი მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, მათი დაბრუნება საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად. ყოფილ პატიმრებზე სახელმწიფო მზრუნველობა საზოგადოების განმეორებითი დანაშაულისაგან დაცვის წინაპირობაა. პროგრამით გათვალისწინებულია ყოფილ პატიმართა ოჯახის წევრების დახმარებაც.
 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: