Iverioni
«    ივლისი 2019    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
მარტი 2019 (9)
თებერვალი 2019 (10)
7-12-2015, 13:54
ნანახია: 1062

მამუკა გიორგაძე: ეკლესიას უნდა ჰქონდეს მნიშვნელოვანი როლი პატიმრების შეწყალების საქმეში მაგრამ, ეს არ ნიშნავს პატრიარქმა პოლიტიკური თანამდებობა შეითავსოს!

 

„ივერიონს“ პატრიარქის განცხადებაზე პატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებთ და საზოგადოებაში გავრცელებულ აზრთასხვადასხვაობაზე,  „სახალხო პარტიის“ ლიდერი მამუკა გიორგაძე ესაუბრა.

 

-ბატონო მამუკა, ძალიან დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა 5 დეკემბერს რუსთაველის თეატრში გაკეთებულ პატრიარქის განცხადებას, რომ მას პატიმრების შეწყალების უფლება უნდა ჰქონდეს. 

 

როგორც გუშინ, საპატრიარქომ განაცხადა, მისმა უწმინდესობამ ეს განცხადება ემოციურ ფონზე გააკეთა. ეს იყო პატიმრებისადმი სოლიდარობის გამოხატვა და არა მოთხოვნა - საკანონმდებლო დონეზე დაწყებულიყო ამ წინადადების განხილვა...

 

თქვენ რა კომენტარს გააკეთებთ აღნიშნულთან დაკავშირებით?

 

-ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ გამოავლინა გარკვეული ჯგუფებისა და პიროვნებების დამოკიდებულება საქართველოს სახელმწიფოსა და ზოგადად, საქართველოს ეკლესიის მიმართ.

ამ შემთხვევაში ემოციურ ფონს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მისმა უწმინდესობამ დასვა საკითხი, რათა მომხდარიყო მსჯელობა. ქართულ საზოგადოებას მშვიდად, წყნარად, ყველა ასპექტის გათვალისწინებით და ყველა არგუმენტის მოხმობით უნდა ემსჯელა ამ საკითხზე და მიეღო სათანადო გადაწყვეტილება.

 

ის, რომ საპატრიარქოს მონაწილეობა შეწყალების საქმეში, ამ ჰუმანური აქტის განხორციელებაში მისი როლის და ფუნქციის გაზრდა საჭიროა, ყველამ დავინახეთ, თუნდაც იმ მაგალითიდან, რომ საპატრიარქოს მიერ დღეს რეკომენდირებულ სიაში შესულია მრავალი სხვა აღმსარებლობის ადამიანი.საქართველოს ეკლესია ამ თავის სოციალურ ფუნქციას, მხოლოდ და მხოლოდ, მართლმადიდებლების მიმართ არ ახორციელებს, არამედ სრულიად საქართველოს მოქალაქეების მიმართ. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია დაისვა ეს საკითხი. მაგრამ კარგად დავინახეთ რა აჟიოტაჟიც მოჰყვა ამ ყველაფერს! 

 

ამ ყველაფერმა დაგვანახა, რომ ის ადამიანები, რომლებიც თითქოსდა, სიტყვის გამოხატვის თავისუფლებისთვის და საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარებისთვის იბრძვიან, სინამდვილეში ავლენენ ბოლშევიკური მართვის სახეს. ავლენენ იმას, თუ რამდენადაა მათთვის მიუღებელი ყოველივე ქართული და ნებისმიერი ადამიანის მხრიდან გამოთქმული მოსაზრება, რომელიც მათ ზრახვებში არ შედის!

 

შემაშფოთებელია ხელისუფლების მოქმედებაც, რომლებიც არასოდეს არ ითვალისწინებენ მისი უწმინდესობის ბრძნულ და სახელმწიფოებრივ პოზიციას. ამ დროს კი გამოვიდნენ და განაცხადეს, რომ მხარს დაუჭერენ პატრიარქის ამ ინიციატივას. ინიციატივას, რომელიც ჯერ დაკონკრეტებულიც არაა. ე.ი., რაც მიმდინარე საკითხებია, თავიანთი რელიგიურობის და პატრიოტიზმის გამოსახატავად მზად არიან დაუჭირონ მხარი და რასაც პატრიარქი ასწავლის - სახელმწიფოებრივს, ფუნდამენტურს და მუდმივი ღირებულებების მქონეს, ამ საკითხებში მათ არ უნდათ პატრიარქის აზრის გათვალისწინება!

 

ამ მოვლენამ კიდევ ერთხელ გამოაჩინა ქართული საზოგადოების რაგვარობა და მათი დამოკიდებულება ქართული ეკლესიის მიმართ!

 

-ბევრმა ეს ინიციატივა პატრიარქის შეურაცხყოფისთვის გამოიყენა. იყო ბრალდებებიც, რომ მას საერო ძალაუფლების ხელში ჩაგდება სურს და თეოკრატიული სახელმწიფოსკენ მიყავს ქვეყანა.

 

რა კომენტარს გააკეთებთ აღნიშნულთან დაკავშირებით?

 

-ესაა აბსურდი! ეკლესიას არაფერში არ სჭირდება საერო ხელისუფლებაში რაიმე ფორმით მონაწილეობა. ეს არაა ეკლესიის ფუნქცია და მიუღებელია ეკლესიისთვის. ეს, რომ იციან, სწორედ ამიტომაც აბრალებენ მისთვის მიუღებელს!

 

სახელმწიფო უშიშროების სამსახურებმა უნდა გამოიკვლიონ და გამოიძიონ, თუ რატომ ხდება გეგმაზომიერად ამ ადამიანების მხრიდან აპელირება იმაზე, რომ თითქოს საქართველოს საპატრიარქო დემოკრატიულ ნორმებს არღვევს. 

 

შესაბამისად, უნდა ითქვას, რომ ხელოვნურად ხდება ეკლესიისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ გარკვეული ორგანიზაციული ქმედებების ინსპირირება, რათა ქართულ სახელმწიფოს სახელი გაუტყდეს!

 

დღეს საქართველოში ქართული ეკლესია ყველაზე დემოკრატიული და ევროპული ღირებულებების მქადაგებელია. ის ქადაგებს - ტოლერანტობას, ჰუმანურობას, კაცთმოყვარეობას და ა.შ. ეს ადამიანები კი ყველაფერს აკეთებენ საიმისოდ, რომ ჩრდილი მიაყენონ ამ უმნიშვნელოვანეს სახელმწიფოებრივ საქმეს.

 

ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ამ ხალხის ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები განიხილონ შესაბამისმა სამსახურებმა. ეს ხალხი ხელს უშლის საქართველოს ევროპულ გზაზე სიარულს! ისინი ეწინააღმდეგებიან საქრთველოს ევროპეიზაციას და ჯანსაღი პოლიტიკური პროცესების წარმართვას. მათ სურთ ქვეყანაში იყოს მონოპოლისტური გარემო, რაც ჩვენთვის მიუღებელია და ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა დამთავრდეს!

 

-თქვენი აზრით, რა ფუნქცია შეიძლება ჰქონდეს ერის სულიერ მესაჭეს პატიმრების შეწყალების პროცესში?

 

უნდა იზიარებდეს, თუ არა მის რეკომენდაციებს ხელისუფლება?

 

-აქ არაა საუბარი მხოლოდ და მხოლოდ რელიგიურ შემადგენლობაზე. პროფესიულობა არაფერ შუაშია. საქართველოს ეკლესია გრძნობს თავის დედობრივ ზრუნვას და ფუნქციას საქართველოს ყველა მოქალაქის მიმართ. 

 

მნიშვნელოვანია ის, თუ რა გვაინტერესებს ციხეებში - გვაინტერესებს ის, რომ იქ შესულმა დამნაშავემ იგრძნოს სინანული მის მიერ ჩადენილ ქმედებაზე და მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი, რომ მოხდეს მისი კვლავ რეინტეგრაცია საზოგადოებაში. ამ ფუნქციას საქართველოს ეკლესიაზე უკეთ ვერავინ შეასრულებს! ზედამხედველები და სადამსჯელო აპარატი ვერ შეასრულებს ადამიანების ცხოვრებისკენ მობრუნების ფუნქციას! აქედან გამომდინარე, საქართველოს ეკლესიას უნდა ჰქონდეს მნიშვნელოვანი როლი პატიმრების შეწყალების საქმეში. თუმცა, ეს როლი არ ნიშნავს იმას, რომ პატრიარქმა შეითავსოს ის, რაც პოლიტიკური თანამდებობის ადამიანებისთვისაა შესაძლებელი. 

 

შეწყალებაზე ხელმოწერის უფლებას, სჭირდება კონსტიტუციური ცვლილებები. დღევანდელ ვითარებაში ეს მიუღწეველია, რაც კარგად უნდა იცოდეს ამა, თუ იმ საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ თუ მინსიტრმა. შესაბამისად, ამ მოვლენეზე ხელისუფლების ეიფორია, ჩემთვის შემაშფოთებეილი იყო.

 

საქართველოს ეკლესიას არაფერში არ სჭირდება ხელმოწერით შეწყალების უფლების მოპოვება. საქართველოს ეკლესიის გავლენა, პატივისცემა და როლი იმდენად დიდია, რომ ყოველგვარი ოფიციალური სტატუსების გარეშე, თუ კი იქნება ხელისუფლების კეთილი ნება, ეკლესიას შეუძლია უდიდესი როლის თამაში ადამიანების ცხოვრებისკენ შემობრუნების გზაზე!

 

ხელისუფლება, ცხადია უნდა ითვალისწინებდეს პატრიარქის რეკომენდაციებს. არ შეიძლება პატრიარქის და რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაცია ერთი წონის იყოს! 

 

აქედან გამომდინარე, უნდა მოხდეს პატრიარქის რეკომენდაციების გათვალისწინება. არ შეიძლება არ გავითვალისწინოთ ასეთი ავტორიტეტული დაწესებულების და პიროვნებების ხედვები! მაგრამ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ კონსტიტუციაში მოხდეს ცვლილებების შეტანა და სასულიერო პირს მიეცეს საერო საკითხებში გადაწყეტილებების მიღების უფლება. 

 

        ესაუბრა კარინა გრიგორიანი