რითი ამაყობს თინათინ ხიდაშელი?

რითი ამაყობს თინათინ ხიდაშელი?

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის განცხადებით,  ის ამაყობს საქართველოში არსებული მედიის თავისუფლების ხარისხით. მისი თქმით, სამი წლის წინ, საქართველოში ყველა ნაციონალური მედიასადგური ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ იმართებოდა.

 

ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა  აშშ-ს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში (CSIS) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც აუდიტორიის შეკითხვებსაც უპასუხა. 

 

„სამი წლის წინ ყველა ნაციონალური მედიასადგური ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ იმართებოდა. არ არსებობდა მთელ ქვეყანაში მაუწყებელი, არც ერთი ტელესადგური და მედიასაშუალება, რომელიც მმართველი პარტიისგან დამოუკიდებელი იქნებოდა. ასეთი წარსულის შემდეგ, თუკი რამით მე პირადად ვამაყობ, ეს ქვეყანაში მედიის თავისუფლების გაუმჯობესებაა“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა

 

მისივე თქმით, თუ ვინმეს საქართველოში მედიის თავისუფლების შესახებ არ სმენია, მაშინ შესაძლოა, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული ვითარება, „მახინჯად გამოჩნდეს“. ხიდაშელის განცხადებით, „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული საქმე დღეს სასამართლოში განიხილება. 

 

„თუ თქვენ არ იცით რეალობა, თუ არ იცით, რომ ერთი ტელეარხი, რომელიც დღეს პოპულარულია ჩვენი დემოკრატიული რეფორმის კრიტიკაში, იმართებოდა ჩემი წინამორბედი თავდაცვის მინისტრების მიერ, მაშინ ვითარება შეიძლება მახინჯად გამოჩნდეს. ზოგიერთ დამკვირვებელს შესაძლოა, ჰქონდეს წარმოდგენა, რომ მთავრობა ამ ტელევიზიას ებრძვის და საქმე ამიტომაა სასამართლოში, თუმცა თუ ვინმემ იცის ამ კონკრეტული და სხვა ტელევიზიების შესახებ, რომლებიც 2012 წლის არჩევნებამდე არსებობდა, მაშინ შეკითხვები აღარ წამოიჭრება“, - განმარტა თავდაცვის მინისტრმა. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: