დეკანოზი პეტრე (კვარაცხელია): ზოგს ჯვრისწერისთვის მიზერული თანხის გადახდა ენანება, არადა, მღვდლების უმეტესობა მხოლოდ ტაძრის შესაწირით ცხოვრობს!

დეკანოზი პეტრე (კვარაცხელია): ზოგს ჯვრისწერისთვის მიზერული თანხის გადახდა ენანება, არადა, მღვდლების უმეტესობა მხოლოდ ტაძრის შესაწირით ცხოვრობს!

„ივერიონს“ საპატრიარქოს საბიუჯეტო დაფინანსების გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზე და სასულიერო პირების მატერიალურ მდგომარეობაზე ესაუბრება სვეტიცხოვლის ტაძრის დეკანოზი პეტრე (კვარაცხელია).

 

- დიდი აჟიოტაჟია ატეხილი საპატრიარქოს დაფინანსებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ამადლიან იმ 25 მილიონს, რომელსაც სახელმწიფო აძლევს საპატრიარქოს, თან აუდიტის შესვლით და შემოწმებებით ემუქრებიან...

 

- „დათა თუთაშხია" გამახსენდა - „კაცი უნდა ეყოს ჯამაგირს და არა ჯამაგირი კაცს". სირცხვილია ამ თემაზე დაუსრულებელი საუბარი. გავიგეთ, რომ სახელმწიფო ეკლესიას 25 მილიონით ეხმარება. ვალდებულიც არის დაეხმაროს! საერთოდ, საკითხავია, სახელმწიფო თუ, პირიქით ეკლესია ეხმარება სახელმწიფოს ბევრ რამეში?! თუ თანაბრად გადანაწილდება, არც ერთი ეპარქია არ დარჩება უკმაყოფილო, მაგრამ ერთის ხარჯზე სხვები თუ შიმშილობენ, პრობლემა ყოველთვის იქნება და მუდმივად სხვაში დავიწყებთ „მტრის ხატის" შექმნას!

 

ქრონიკულად იმას გაჰკივიან, სასულიერო პირები გამდიდრდნენ და აღარ იციან რა მოიფიქრონ, ფულები რომ დახარჯონო. რატომ იმას არავინ ამბობს, მღვდლების უმეტესობა, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში რომ იმყოფება?! ხშირად ლუკმა პურის ფული რომ არ გააჩნიათ. ჩაცმაზე და სწავლაზე აღარ არის საუბარი!

 

ზოგს ჯვრისწერისთვის მიზერული თანხა რომ გადაიხადოს, ისიც ენანება. არადა, მღვდლების უმეტესობა, მხოლოდ ტაძრის შესაწირით ცხოვრობს. მერე დაუმსახურებლად იტყვიან, კორუფციაა ეკლესიაშიო. ამ წუთას ბევრის სათქმელს ვამბობ, მაგრამ ყველას სხვის დანთებულ კოცონზე უნდა ხელების მოთბობა. საქმე საქმეზე რომ მიდგეს, ვინც ყველაზე მეტს საუბრობს კულუარებში, პირველი გამოიდებს თავს და იტყვის, გიჟია პეტრე, რაებს ამბობს, რამ შეაწუხა ასეო. არადა, ორი მღვდელი ქუჩაში შემთხვევით რომ შეხვდნენ ერთმანეთს, ან დანარჩენი სამღვდელოების განკითხვით კავდებიან, ანდა მუდმივად ყულაბებზე და შემოსავლებზეა საუბარი!

 

ვფიქრობ, მშიერი მღვდელი ვერც ღვთის სამსახურში და ვერც ერის სამსახურში იქნება სრულყოფილად... მილიონები თუ არა, კაპიკები მაინც შეახვედრონ ყველაზე ,,მდიდარ", სინამდვილეში კი ყველაფრით ღარიბ სამღვდელოებას...

 

- თქვენი აზრით, რამდენად საკმარისია ეს თანხა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისთვის, რას სეიძლება ხმარდებოდეს იგი და ზოგადად ვინ უნდა არჩინოს ეკლესია?!

 

- გვახსოვს, ბიზანტიის იმპერია როგორ ედგა მხარში ეკლესია-მონასტრების მშენებლობას. თანამედროვე ეკლესიის როლი ნებისმიერი ქვეყნის პოლიტიკურ ჭრილში მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია. ჩემი აზრით საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, არსებობდეს სოფლის მეურნეობა, რომელსაც თავად დაამუშავებდნენ ბერები და მონაზვნები. უმეტესობა მონასტრებისა ასეც იქცევა, მაგრამ მსგავს ქმედებას მასობრივი ხასიათი არ მიუღია!

 

როცა დამოუკიდებელი იქნები ყველასგან, არც სალაპარაკო გახდება ვინ და რამდენს გეხმარება. ეკლესიას უნდა გააჩნდეს როგორც სულიერი, ისე მატერიალური რესურსი, ყველა განსაცდელს სამართლიანად გაუძლოს!.. ქართველი მეფეები გამუდმებით ეხმარებოდნენ ტაძრებს. გაიხსენონ და წაიკითხონ აღმაშენებლის დროს შიომღვიმის მონასტერს რამდენი სოფელი ებოძა. რატომ არის ეს ფაქტი ასეთი გაუგებარი, მართლა გაუგებარია. პრობლემა დაფინანსება კი არ არის, არამედ არასწორი გათვლაა...

 

- რა პრაქტიკაა ამ თვალსაზრისით ჩვენთან, საქართველოში და ზოგადად ქრისტიანულ სამყაროში. ესეც ხომ არ არის ეკლესიის წინააღმდეგ დაწყებული„ჯვაროსნული" ლაშქრობის გაგრძელება, რომლის მიზანი მართლმადიდებლობის საბოლოო დისკრედიტაციაა?

 

- ასე არ ვთვლი. ეკლესია ქრისტეს მისტიური სხეულია, ის განსაკუთრებით მაშინ ძლიერდება, როცა ებრძვიან. ასეც უნდა იყოს. სხვანაირად საუკუნეების მანძილზე ვერ იქნებოდა ჭეშმარიტების დამცველი. გარეშე მტერი ვერაფერს დააკლებს, მთავარია შიგნით არ მოხდეს გაყოფა. ქართული სამოციქულო ეკლესია პირველივე საუკუნიდან იბრძოდა სიწმინდეების დასაცავად. უბრალოდ, ჩვენში არსებული სისუსტეები უნდა დავძლიოთ და გარეშე ძალები ვერაფერს დაგვაკლებენ. გრიგოლ ხანძთელი თუ აშენებდა, მას აშოტ კურაპალატი ედგა მხარში... ეს ერთი და იგივეა, განუყოფელი მთლიანობაა. ასეც უნდა ხდებოდეს. ,,უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვის მშვიდობით"....

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: