რა გადაწყვეტილება გამოიტანა სასამართლომ, გიგა ფარტენაძის საქმეზე?

რა გადაწყვეტილება გამოიტანა სასამართლომ, გიგა ფარტენაძის საქმეზე?

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, გაიზიარა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მსჯავრდებულ გიგა ფარტენაძის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდებულები ლევან მოისწრაფიშვილი, შოთა შანიძე და გიორგი სეხნიაშვილი დამნაშავედ სცნო.

 

მოსამართლემ საჯელის სახედ და ზომად, ლევან მოისწრაფიშვილს და შოთა შანიძეს 11-11 წლით, ხოლო გიორგი სეხნიაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ 2014 წლის 4 მარტს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის # 14 დაწესებულებაში, მსჯავრდებულებს ლევან მოისწრაფიშვილს, შოთა შანიძეს, გიორგი სეხნიაშვილსა და გიგა ფარტენაძეს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შოთა შანიძემ, გიორგი სეხნიაშვილმა და ლევან მოისწრაფიშვილმა, გიგა ფარტენაძე იატაკზე წააქციეს. მიუხედავად იმისა, რომ გიგა ფარტენაძემ გონება დაკარგა, აღნიშნული პირები აგრძელებდნენ მის ცემას გულმკერდის, კისრისა და სახის არეში და ბეტონის იატაკზე არტყმევინებდნენ თავს. გიგა ფარტენაძე # 14 დაწესებულების სამედიცინო ნაწილში გადაიყვანეს, სადაც გაწეული დახმარების მიუხედავად გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

ლევან მოისწრაფიშვილი, შოთა შანიძე და გიორგი სეხნიაშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში 2014 წლის 26 მარტს მიეცნენ. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117 - ე მუხლის მეხუთე ნაწილის “ე“ ქვეპუნქტით, მეექვსე ნაწილით, მეშვიდე ნაწილის “ბ“ და “ე“ ქვეპუნქტებით და მერვე ნაწილით წარედგინათ.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ლევან მოისწრაფიშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, შოთა შანიძეს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო გიორგი სეხნიაშვილს ასევე დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 3 000 ლარი და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით.

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: