Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (6)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
21-12-2015, 14:48
ნანახია: 822

სოსო არჩვაძე: ვფიქრობ, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო ობიექტურად შეაფასებს თითოეულ კანდიდატს და მიიღებს ოპტიმალურ გადაწყვეტილებას!

 

„ივერიონი“თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერობის ერთ-ერთ კანდიდატს, სოსო არჩვაძეს ესაუბრა.

 

-ბატონო სოსო, რამდენადაც ვიცით, თქვენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერობის კანდიდატი ბრძანდებით.

 

რას ითვალისწინებს თქვენი სამოქმედო პროგრამა და რა რეფორმების გატარებას აპირებთ კანცლერად არჩევის შემთხვევაში?

 

-ამაზე მოკლედ საუბარი ცოტა ძნელია. ეს კონცეფცია 10 გვერდზეა ჩამოყალიბებული და სათანადო კომისიას გადაეცა.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, არა მარტო საგანმანათლებლო, არამედ, ქართული სულიერების, კულტურის და მეცნიერების ერთ-ერთი უძლავრესი კერაა! მის მდგომარეობაზე ბევრდაა დამოკიდებული ქვეყნის ცნობადობა საზღვარგარეთ, მისი ავტორიტეტი, პრესტიჟულობა და მთლიანობაში - სახელმწიფოს წარმატებული ფუნქციონირება!

 

შესაბამისად, მისდამი დამოკიდებულება განსაკუთრებით ხაზგასმული უნდა იყოს. ის საჭიროებს გაცილებით მეტ ყურადღებას და თანადგომას, როგორც საზოგადოებრივ, ისე ინსტიტუციურ-სახელმწიფოებრივ დონეზე!

 

აქედან გამომდინარე, უნდა მომზადდეს სპეციალური გადაწყვეტილება - ეს იქნება სამთავრობო დადგენილება, თუ კანონის დონეზე - სადაც დაფიქსირებული იქნება ის ისტორიული როლი და დამსახურება, რაც თითქმის ბოლო ერთი საუკუნის მანძილზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გასწია,  ჩვენი ერის მომავლის აღზრდის, ინტელექტუალური პოტენციალის ჩამოყალიბების, მეცნიერების განვითარების საქმეში და სათანადო მხარდაჭერა და  შესაბამისი სამართლებრივი გარანტიები ჰპოვოს!

 

-გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებთ, რომ განათლების სისტემის გასაუმჯობესებლად დამატებითი რესურსების მოზიდვაა საჭირო, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს სტუდენტთა სწავლის საფასურის გაზრდის ხარჯზე...

 

როგორ აპირებთ რესურსების მობილიზებას?

 

-ამ მიმართულებით საჭიროა მუშაობა. მსოფლიოში, ბევრი მოწინავე უმაღლესი სასწავლებელი, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან დახმარებით სარგებლობს. ყალიბდება არაკომერციული დატვირთვის ფონდები, რომელთა მიზანი საგანმანათლებლო სისტემის და კერძოდ,  უმაღლესი სასწავლებლებისთვის დახმარების გაწევაა. 

 

მარტო სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ვერ შეძლებს იმ გამოწვევებისა და სიმაღლეების დაკავებას!

 

სახელმწიფოს მხრიდან უფრო აქტიური მხარდაჭერაა საჭირო. უნდა მოხდეს მუშაობა სხვადასხვა კომერციულ სტრუქტურებთან, რათა შეიქმნას უნივერსიტეტის მხარდამჭერის ფონდი. უნდა მოხდეს სპონსორების გარკვეული წახალისება. 

 

ვფიქრობ, უნდა მომზადდეს გარკვეული წინადადებები შესაბამისი ღონისძიებებისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანისთვის, რომლის მიხედვითაც, სპონსორობა და საერთოდ, განათლებაში ჩადებული სახსრები იქნება პრესტიჟული - არა მარტო, სოციალურად, არამედ, ეკონომიკურადაც გარკვეულწილად იქნება წახალისებული!

 

-თქვენი გადასახედიდან, რა თვისებებით უნდა გამოირჩეოდეს უნივერსიტეტის კანცლერი? რამდენად ოპტიმალურია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საკადრო სისტემა და მოიცავს, თუ არა თქვენი სამოქმედო პროგრამა საკადრო სისტემის ოპტიმიზაციას?

 

-სამწუხაროდ, ბოლო წლების პრაქტიკა ასეთ ტრადიციებს ამკვიდრებს. ზოგადად, ქვეყანაში, როდესაც მოდის ახალი ხელმძღვანელი, ის იწყებს საკადრო ცვლილებებს. 

 

ვფიქრობ, საკადრო ცვლილებები უნდა გამომდინარეობდეს, მხოლოდ და მხოლოდ, იმ ამოცანებიდან, რომელთა განხორციელებასაც ესწრაფვის ესა თუ ის ხელმძღვანელი. 

 

თვითმიზანი კადრების შეცვლის, ან საკუთარი გუნდით (ბრჭყალებში, ან ბრჭყალებს გარეშე) მოსვლისა, არ უნდა იყოს ასეთი თანამდებობის პირის ღირსების მანიშნებელი.

 

პრობლემის არსიდან გამომდინარე, უნივერსიტეტს უნდა ჰყავდეს ის კოლექტივი, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება აღნიშნულ მოთხოვნებს. რამდენადაც ვიცი, უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ პერსონალს საკმაოდ კარგი კვალიფიციური კონტიგენტი ჰყავს. შესაბამისად, ამ შემთხვევაში საჭიროა ამ კონტიგენტის კიდევ უფრო გააქტიურება. ჩემი კანცლერად არჩევის შემთხვევაში ვიცი, როგორ უნდა გამოვიყენო ეს რესურსები.

 

-რას იტყვით თქვენს კონკურენტებზე, რამდენად სამართლიანად შეიძლება ჩატარდეს კანცლერის არჩევნები?

 

-ვფიქრობ, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო ყოველგვარი კომპლიმენტებისა და ლიქნის გარეშე ობიექტურად შეაფასებს თითოეულ კანდიდატს, მათ პროფესიულ მზაობას და მიიღებს ოპტიმალურ გადაწყვეტილებას.

 

        ესაუბრა კარინა გრიგორიანი