ჯონდი ბაღათურია: „სოკარი“ განაციონალებულია, ხელისუფლება კი... გაკოტრებული!

ჯონდი ბაღათურია: „სოკარი“ განაციონალებულია, ხელისუფლება კი... გაკოტრებული!

„ივერიონს“ ქვეყანაში მიმდინარე აქტიურ შიდა პოლიტიკურ საკითხებზე, „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია ესაუბრა.

 

-ბატონო ჯონდი, თქვენი აზრით, რას უკავშირდება „გაზპრომის“ გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი და რისი თქმა სურს დღეს ამ თემის წინ წამოწევით დღევანდელ ხელისუფლებას?

 

-ამ თემის წინ წამოწევას და სპეკულაციას ცდილობს „ნაციონალური მოძრაობა“. ამის ერთადერთი მიზეზი ისაა, რომ ჩვენი ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობა“ ფინანსდება „სოკარისგან“.

 

„სოკარს“ ეს მონოპოლისტური მდგომარეობა სწორედ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეუქმნა მისი ხელისუფლებაში ყოფნისას. ახლა კი ცდილობს შეუნარჩუნოს ეს მონოპოლისტური მდგომარეობა, რადგან, „სოკართან“ დაკავშირებით აქვს ფინანსური ინტერესები.

 

„ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რომ „სოკარს“ არ გაუჩნდეს კონკურენტი - „გაზპრომის“, ან ირანული გაზის სახით. თუმცა, ცხადია, ეს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგაცაა მიმართული.

 

გასათვალისწინებელია ის, რომ თუ მონოპოლისტია ენერგეტიკულ ბაზარზე, მას შეუძლია გამოიწვიოს ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისები. შესაბამისად, მონოპოლისტი, თავის მონოპოლისტურ მდგომარეობას იყენებს შანტაჟისთვის. სწორედ ამის შთაბეჭდილებას ტოვებს „სოკარის“ განცხადებები და საქციელი და „სოკარის“ მიერ დაფინანსებული „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური სპეკულაციაც, რაც მათთვის ჩვეულებრივი მდგომარეობაა.

 

-საკმაოდ დიდი კამათის თემა გახდა, თუ ვინ შეიძლება იყოს პოლიტიკოსი...

 

როგორ ფიქრობთ, ვინ შეიძლება იყოს პოლიტიკოსი და აქვს თუ არა არსებითი მნიშვნელობა მის პროფესიას, ვთქვათ: იურისტი იქნება იგი, ეკონომისტი, თუ მსახიობი?

 

-პოლიტიკოსი უნდა იყოს ადამიანი ვისაც თავში ჭკუა აქვს და უყვარს სამშობლო. გარდა ამისა, უნდა იყოს პრინციპული და გამბედავიც. პოლიტიკაში ბევრ რაღაცას სჭირდება გამბედაობა, ამიტომ, გაბედულება პოლიტიკოსის და ლიდერის აუცილებელი კომპონენტია!

 

დანარჩენი კი, თუ რა პროფესიისაა, ამას არა აქვს არსებითი მნიშვნელობა. 

 

თუმცა, არსებითი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ადამიანებს, რომლებსაც ხელი მოეცარებათ რაღაც საქმეში და გადაწყვეტენ წამოვიდნენ პოლიტიკაში და ეტენებიან პოლიტიკას, საბოლოოდ ასეთი ნაყარ-ნუყარის სახით ბევრი გროვდება. ამიტომ, ყველამ, რომ თავის საქმეს მიხედოს და ვთქვათ, მოჭიდავემ იჭიდავოს და მომღერალმა იმღეროს სცენაზე ცუდი არ იქნებოდა... 

 

მაგრამ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოჭიდავეს ან მომღერალს ვინმე უკრძალავს პოლიტიკაში მოსვლას. თუ კი მას აქვს შესაბამის ცოდნა, აქვს გაბედულება და პატრიოტიზმი - შეუძლია მოვიდეს პოლიტიკაში. თუმცა, არ შეიძლება ადამიანი ასე პირდაპირ ადგეს და მოვიდეს პოლიტიკაში. აქვე ერთ რუსულ გამოთქმას თუ გავიხსენებთ: „ გემიდან პირდაპირ კარნავალზე მოხვდესო“. ანუ, სადღაც რაღაცას აკეთებდე და უცებ გადმოხტე პოლიტიკაში - ეს არ შეიძლება. 

 

იმისთვის, რომ მოხვდე პოლიტიკაში უნდა გაიარო რაღაც გზები. არ შეიძლება ადამიანი მოუმზადებლად ინიშნებოდეს მინისტრის, პრემიერ-მინისტრის, ან სხვა მაღალ თანამდებობებზე. პოლიტიკური გზა, მართვის ტექნოლოგია და ა.შ. ეს ყველაფერი უნდა გესმოდეს!

 

-პრეზიდენტმა ხელი მოაწერა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომელიც მაჟორიტარული ოლქების გამსხვილებას ეხება, ანუ იცვლება ადრე არსებული ტერიტორიალური პრინციპი და საარჩევნო ოლქები იქმნება არა რაიონების, არამედ ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით, რა სრული აბსურდია...

 

თქვენი კომენტარი...

 

-ამ კანონპროექტს მე არ ვეთანხმები. ეჭვი მაქვს, რომ ამის პრაქტიკული უზრუნველყოფა  ამ ხელისუფლებას გაუჭირდება და არჩევნები ჩაუვარდებათ. საერთოდ კი, ამ არჩევნებზე ველოდები საკმაოდ ტემპერამენტიან სახალხო მღელვარებას. იმიტომ, რომ ჯერ-ჯერობით ხელისუფლების ალტერნატივა ვერ შეიქმნა. მხოლოდ ესაა მიზეზი, რომ ეს ხელისუფლება ინარჩუნებს ძალაუფლებას. როგორც კი შეიქმნება ალტერნატივა, ხელისუფლება დაკარგავს ძალაუფლებას! ეს შეიძლება არჩევნებამდეც მოხდეს... სრულიად კანონიერი გზით. 

 

ამიტომ, თუ ალტერნატივა არ შეიქმნა სრულიად ნდობა დაკარგული და რეიტინგ დაცემული კოალიცია, რომლის სათავეში უსუფაშვილი და ხიდაშელი არიან, რა თქმა უნდა, ვერ მიიღებს ხმებს, 18-20%-ზე მეტს, ცოტას გაყალბებით მიამატებენ, რითაც შეიძლება 25%-ამდე ავიდეს. სხვა პარტიები ამ ხმებს ვერ მიიღებენ და ამას მოჰყვება მღელვარება, რადგან ხალხი აღმოაჩენს, რომ სახელმწიფოს სათავეში შერჩა იგივე ხელისუფლება. ამას კი მოჰყვება ქუჩაში გამოსვლები!..

 

როგორც გახსოვთ, 2008-ში არავის არ უნდოდა სააკაშვილის არჩევა, საზოგადოების დიდი ნაწილი დარჩა სახლში, რადგან ჩვენს მაშინდელ გაერთიანებულ ოპოზიციაში - ძირითად მთავარ ძალაში ვერ დაინახეს ხელისუფლების ალტერნატივა. სააკაშვილმა მნიშვნელოვნად გააყალბა არჩევნები და დადგა ის შედეგი, რაც ყველამ ვნახეთ, შედეგად ხალხი გამოვიდა ქუჩაში.

 

ჩვენი კანონი და სისტემა იძლევა იმის საშუალებას, რომ იმ ადამიანის ხმა, რომელიც არ მივიდა არჩევნებში, მას იყენებს ხელისუფლება. სწორედ ესაა კრიზისი. ეს ადამიანები კი მხოლოდ არჩევნების შემდეგ ხვდებიან, რომ მათი ხმა გამოიყენა მათთვის არასასურველმა პოლიტიკურმა ძალამ. ამაზე კი მერე იწყება მღელვარება, რაც ცხადია, კიდევ უფრო დასწევს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას და გაამწვავებს სოციალურ ვითარებას.

 

ეს კი სასურველი არაა. თუმცა, თუ ქართველმა პოლიტიკოსებმა, რომლებიც მოდიან ხელისუფლებაში, ჩანაცვლების სხვა გზა ვერ იშოვეს ქუჩაში დროშის ფრიალისა და ქვების სროლის გარდა, მაშინ ისევ ამ გზით უნდა ვიაროთ, მანამ, სანამ არ ავირჩევთ ისეთ ხელისუფლებას, რომელიც, როგორც მოვა ისე ლამაზად დატოვებს თანამდებობას სამართლიანი არჩევნების გზით!

 

       ესაუბრა კარინა გრიგორიანი

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: