რატომ გვიხარია "კუჩხა"?

რატომ გვიხარია "კუჩხა"?

ეს ნოველა პუბლიცისტმა  დავით ქობალიამ გამოგვიგზავნა. სახელწოდება ფრიად შთამბეჭდავი და ორიგინალურია- „კუჩხა“.

 

კიდევ ერთხელ ვულოცავთ „ივერიონის“ მკითხველებს შობა-ახალ წელს. კარს მომდგარ „კუჩხასაც“ ბედნიერად და ხალისიანად შეხვედროდეთ!

 

„კუჩხა“_ ეს პატარა ნოველა 2009 წლის იანვარის ბოლოს ჩავიწერე ზუგდიდიდან თბილისში მომავალმა. ტრადიცია არც იმ წელს დავარღვიეთ და „ძველით ახალ წელს“ ქობალიების „ჯინჯ-ოჯახში“ შევხვდით. კვირის ბოლოს, თბილისისკენ წამოსულებს აფხაზეთიდან მომავალი ქალბატონი დაგვემგზავრა, მე და ჩემს მეუღლეს, ხუთი წლის ვაჟთან ერთად. სწორედ მან გვიამბო, ის ამბავი, რასაც ქვემოთ წაიკითხავთ.

 

...მას შემდეგ შვიდი წელიწადი გავიდა _ კიდევ უფრო დაძველდა და დამძიმდა ენგურს გაღმელთა გასაჭირი!

 

_არც აფხაზეთის მარტოდმგლოვიარე სამეგრელოს ულხინს, დანარჩენ საქართველოსთან ერთად!

 

...წელს ვერ ჩავედით ზუგდიდში ქობალიების „ჯინჯ-ოჯახში“, მაგრამ „უფლის წლის“ დადგომას ვულოცავთ ყველა იმათ, ვინაც _ „ სიკეთე, ადამიანის და საქონლის სიმრავლე, ხვავი და ბარაქა, კეთილნათესავების და მეზობლების გახარება, ჯანმრთელობა და მშვიდობა“ ისურვოს, ისე, როგორც ჩემი ნოველის გმირი ქალბატონი მოგიყვებათ!

 

„კუჩხა“

 

სამეგრელოსა და სამურზაყანოში „კუჩხა“ მამაპაპისეულ ეზო-კართან, მტერ-მოყვარესთან, წინაპართა საფლავებთან, ოდაბადესთან, ბავშვობასთან, მეგობრებთან და მეზობლებთან (და ვინ მოსთვლის კიდევ რამდენ რამესთან!..) დაკავშირებული დღესასწაულია.

 

_გასული წლის აგვისტოს ტრაგედიის შემდეგ, საშინელი საინფორმაციო გრიგალიც დაგვატყდა თავს, მუდამ საკუთარ ყოფას რომ გვიმძიმებდა... 

 

_ზოგან ისეთ რამესაც მოვისმენდით, ყურს არ ვუჯერებდით:

 

– „ჩვენ რა გვიჭირს, ისინი ნახეთ რა დღეში არიანო!..“ თითქოს - “სხვის თავს დატეხილი ჩვენზე მეტი უბედურება” ჩვენ რაიმეს გვიმსუბუქებდეს!

 

... ლტოლვილებს საბანკო რა გაგვაჩნია, მაგრამ თვეში ერთხელ მაინც გვიწევს სახალხო ბანკში მისვლა დახმარების მისაღებად. იქ ვხვდებით ახალი და ძველი ნაცნობები, ახალი და ძველი მეზობლები ერთმანეთს. რას არ გაიგონებ იქ, ჭორი და მართალი ძნელი გასარჩევია... 17 წელი რას არ მიეჩვევა ადამიანი, მაგრამ ახალი წლის წინა დღეებში გაგონილი მაინც მძიმედ მომხვდა გულზე. 

 

_თურმე ვიღაცას ზუსტად დაუთვლია რამდენი ქართველი, აფხაზი და სომეხი დარჩა აფხაზეთში. ინფორმატორი ხმამაღლა ყვებოდა, რომ „...ჩვენ 40 ათასი ვართ, აფხაზები 60, ამასობაში სომხები 80 ათასამდე მოიყარნენ... ჩვენ თუ მხარი არ დავუჭირეთ, მომავალ არჩევნებზე აფხაზებს დედა ეტირებათ, სომხები მოვლენ მთავრობაშიო!..“

 

... ჩვენ, სოფელი არ მიგვიტოვებია აფხაზეთში. მეუღლე დარჩა იქ ორ ბავშვთან ერთად, ორი კი თბილისში მყავს წამოყვანილი. უმცროსი ასთმიანია, იქ მისი მოვლა ძნელია, თორემ იქაურობას არც ჩვენ დავტოვებდით. მონაცვლეობით ჩავდივართ მე – „ოდაბადეს“, ის კი „დედაქალაქში“. 

 

არ ვაპირებდი საახალწლოდ ჩასვლას, მაგრამ ბანკში მოსული არამკითხე ინფორმატორის „სასიხარულო“ განცხადებამ აფხაზების მოსალოდნელი „დედის ტირების შესახებ“ არ დამაყენა და მეუღლეს შევუთვალე – აუცილებლად უნდა ჩამოვიდე მეთქი! 

 

... მთელი დღეები, ბავშვობის დროინდელი „კუჩხა დილაუთენია“ მედგა თვალწინ: 

 

–ბაბუაჩემი, ოჯახის ყველაზე პატარა წევრთან ერთად „ქუჩუჩით“, საკუთარ ეზოში მოწეული ღვინის დოქით, თეფშზე დაყრილი ხურდაფულგარეული ღერღილით სავსე თეფშით ხელში, როგორ ამოიღებდა ჭიდან წყალს, იქვე ხელ-პირს დაიბანდნენ ბაბუა და შვილიშვილი, ეზო კარს შემოივლიდნენ, სასიმინდეს, ბოსელს, ღერღილს მიაფრქვევდნენ ყველგან და სახლის კარებს მოადგებოდნენ კაკუნით, სამჯერ შესძახებდნენ: 

 

_კარი გომინჯი-კარი გამიღე! 

 

იქიდანაც სამჯერ შეეხმიანებოდნენ 

 

_მუ მოიღუ-რა მოგაქვს! 

 

და სამჯერ ჩამოთვლიდნენ: 

 

_სიკეთე, ადამიანის და საქონლის გამრავლება, ხვავი და ბარაქა, კეთილნათესავების და მეზობლების ჯანმრთელობა, გახარება და მშვიდობა!..

 

ერთი სული მქონდა როდის ჩავიდოდი ტყვარჩელში, დავუვლიდი ყველა მეზობელს, განაწყენებულს თუ კეთილგანწყობილს და ვთხოვდი: 

 

_ჩემო დებო და ძმებო, დედებო და მამებო, შვილებო – მივუტევოთ და მოვეფეროთ ერთმანეთს, თორემ ჩვენი საერთო მტერი ყველგან დაგვყვება და დაგვცინის – თბილისში, სოხუმში, ტყვარჩელში, ზუგდიდში, მოსკოვში, ევროპასა და ამერიკაში... დავივიწყოთ ყველაფერი, მტერს ნუ გავახარებთ!.. 

 

...13 იანვარს, ენგურის ხიდზე მისულმა შევნიშნე, პასპორტი დამრჩენოდა სახლში. მხოლოდ სამსახურის საბუთი მქონდა თან, რომ ელსადგურის ლაბორატორიაში ვმუშაობდი. შეწუხებულმა ავტობუსის მძღოლს გავანდე ჩემი გასაჭირი. 

 

_დარდი ნუ გაქვს, მანქანაში დარჩი, არაფერს გეტყვიან და ისე გაგიყვანო!.. 

 

არ მომეწონა მისი თავდაჯერებულობა, მაგრამ მაინც დავყევი და ავტობუსში დავრჩი.

 

რუსი სამხედროები და მებაჟეების ხმაური იდგა გარეთ. ერთი, მომცრო ტანის სამხედროფორმიანი, გაღიზიანებული უღრენდა ისედაც დაშინებულ ქალებს და მოხუცებს. ეტყობოდა რომ აფხაზი იყო... 

 

რუსებმა შეამოწმეს ქვემოთ ჩასულები. ავტობუსის სალონში რომ მნახეს, მიყვირეს – რატომ არ ჩამოდიხარ, არ გეკადრებაო?!. 

 

_ინვალიდი ვარ, სიარული მიჭირს მეთქი! 

 

რუსებს არაფერი უთქვამთ, მაგრამ ის აფხაზი შემოვარდა ლანძღვა – გინებით: 

 

_გაეთრიე აქედან, შენმა ქართველებმა გიმკურნალონ! ყველანი გაეთრიეთ ჩვენი მიწიდან! უფლება რომ მქონდეს ყველას ერთიანად დაგხვრეტდითო!

 

... მომხდარით გაოგნებულს, თვალწინ ახალი წლის წინა დღეები და სახალხო ბანკის რიგში დაუპატიჟებლად მოსული მამლაყინწა ინფორმატორი დამიდგა, ყველას გასაგონად რომ ყვებოდა: 

 

„ჩვენ რა გვიჭირს, აფხაზებს დედა ეტირებათო!..“ 

 

_დიდხანს იჯერა გული ჩვენი ლანძღვა–გინებით სახალხო ბანკელი ინფორმატორის აფხაზმა „სულიერმა ძმამ“. ბოლოს ყველაფერი მოგვარდა.

***

 

...14 იანვრის „კუჩხა“ დილას სამჯერ დააკაკუნა მეკვლემ კარებზე, სამჯერ შევაგებეთ - მუ მოიღუ-რა მოგაქვსო! სამჯერ გვისურვა ყველაფერთან ერთად:

 

_„ სიკეთე, ადამიანის და საქონლის სიმრავლე, ხვავი და ბარაქა, კეთილნათესავების და მეზობლების გახარება, ჯანმრთელობა და მშვიდობა!..“ 

 

...დიდია ჩვენი „ოდაბადე“ სოფელი აფხაზეთში. წელს, მხოლოდ სამ ქართულ ოჯახში შემოუარა ეზო-კარს „ქუჩუჩით“ ხელდამშვენებულმა მეკვლემ და კეთილნათესავებზე ასჯერ მეტი აფხაზი მეზობლის _ გახარება, ჯანმრთელობა და მშვიდობა გვისურვა!..

 

დავით ქობალია

2009 წლის იანვარი

 

P.შ. ჩემმა თანამოსაუბრე ქალბატონმა სახელის და გვარის გამჟღავნებაზე უარი მითხრა – „არ ვიცი რომელი მხარე გამოიყენებს ჩემს ნათქვამს და პროვიკაციას მომიწყობსო!..“

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: