Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (5)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
13-01-2016, 19:21
ნანახია: 685

გიორგი კვირიკაშვილი: კომპანია „სოკართან

"მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სტრატეგიული თანამშრომლობა კომპანია „სოკართან"  უაღრესად მნიშვნელოვანია"–ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, კომპანია „სოკარის" პრეზიდენტ, როვნაგ აბდულაევთან გამართულ  შეხვედრაზე განაცხადა.

 

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრას, საქართველოს მხრიდან ენერგეტიკის მინისტრი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი და ბიზნესომბუდსმენი, აზერბაიჯანული მხრიდან კი- კომპანია „სოკარის" ვიცე-პრეზიდენტი, კომპანიის საინვესტიციო დეპარტამენტის უფროსი და "სოკარ ჯორჯია"-ს გენერალური დირექტორი დაესწრნენ.

 

მხარეებმა არსებული პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარე საკითხები განიხილეს და შეთანხმდნენ, რომ საქართველოსა  და კომპანია „სოკარს" შორის გააგრძელდება და გაღრმავდება სტრატეგიული თანამშრომლობა.  

 

„აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. მიუხედავად ბოლო პერიოდში არსებული  პოლიტიკური სპეკულაციებისა, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სტრატეგიული თანამშრომლობა კომპანია „სოკართან"  უაღრესად მნიშვნელოვანია და ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ მომავალი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები. აზერბაიჯანი საქართველოს მეგობარი ქვეყანაა და  ეს არის ყველაზე მთავარი. ჩვენ გვსურს პარტნიორებთან ერთად განვიხილოთ სამომავლო ურთიერთობები და ერთად გადავჭრათ პრობლემები. ვფიქრობ, არანაირ ტექნიკურ წინაღობას არ შეუძლია ხელი შეუშალოს ჩვენი თანამშრომლობის განვითარებას,"–აღნიშნა პრემიერ–მინისტრმა.

 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ ტექნიკურ პრობლემებს, რომელიც საქართველოში ზამთარ-ზაფხულისგანმავლობაში ბუნებრივი აირის მიწოდების სეზონური დაბალანსების თვალსაზრისით არსებობს.

 

ამ ეტაპზე ორივე მილსადენი, რომლითაც საქართველო ბუნებრივ აირს იღებს აზერბაიჯანიდან, მაქსიმალურ სიმძლავრეზე მუშაობს, თუმცა ფაქტია, რომ ზამთრის პერიოდში ქვეყნის სრული გაზმომარაგებისთვის საკმარისი არ არის.  აღინიშნა, რომ  იგეგმება გარკვეული ღონისძიებების გატარება, რომელიც არსებული მილსადენებიდან დამატებითი მოცულობის მოწოდების შესაძლებლობას მოგვცემს. მხარეებმა განიხილეს დეფიციტის შევსების ტექნიკური გზები და აღნიშნეს, რომ ამ მიმართულებით მუშაობას სამუშაო ფორმატში გააგრძელებენ.

 

კომპანია  "სოკარმა"  ასევე დაინტერესება გამოთქვა მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტის მიმართ, რომლის განხორციელების დაწყებაც 2016 წელს იგეგმება. მხარეებმა ხაზი გაუსვეს „შაჰდენიზის" მეორე ფაზის პროექტის მნიშვნელობას, რომლის დასრულების შემდეგ დამატებითი მოცულობის გაზს საქართველო 2019 წლიდან მიიღებს.

 

კომპანია „სოკარის" პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას მნიშვნელოვანი უწოდა. როვნაგ აბდულაევმა, ასევე, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის სახელით, გიორგი კვირიკაშვილს ახალი წელი და პრემიერ–მინისტრის პოსტზე დანიშვნა მიულოცა და მას  წარმატებები უსურვვა.