Iverioni
«    ნოემბერი 2019    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
ნოემბერი 2019 (11)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
18-01-2016, 12:03
ნანახია: 985

არჩილ ჭყოიძე: მე ჩემი ქვეყნის აგენტი ვარ

არჩილ ჭყოიძეს წლების განმავლობაში საზოგადოება საქართველოში რუსული ინტერესების გამტარებლად და რუსეთის მიერ დაფინანსებულ მართვად ძალად მოიხსენიებს, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ, რომ ჭყოიძე უბრალოდ ეფარება ამ ნიღაბს, სინამდვილეში კი სომხური ლობის ინტერესებს ემსახურება და სომხური ორგანიზაცია, რომელთანაც ის თანამშრომლობს, არც მეტი არც ნაკლები, ყველასთვის ცნობილი „ჯავახკია“-ო! თუმცა მესამე ვერსიაც გამოჩნდა, რომლის მიხედვით ჭყოიძე ამერიკის თავდაცვის ოფიცერია და ვითომდა რუსეთის მომხრე, სინამდვილეში აშშ-ს საქმეს აკეთებს. თავად ჭყოიძე კი ნებისმიერი ბატონის მსახურობას უარყოფს და ამბობს, რომ ის მხოლოდ ნეიტრალიტეტის მომხრეა, რაც პარტიის სახელიდანაც ჩანს. 

 

„ნეიტრალური ევრაზიული საქართველო“-ასე ჰქვია პარტია, რომელიც ადრე „ერეკლე მეორეს საზოგადოების“ თავმჯდომარემ დააფუძნა. ჩვენი საუბრის პირველი კითხვაც სწორედ პარიის სახელს უკავშირდება.

 

-პარტიის სახელთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, ალბათ სხვასაც გაუჩნდება ეს კითხვა-თუ ნეიტრალურია, ევრაზიული როგორღა არის ან თუნდაც პირიქით?

 

-ეს კითხვა რატომღაც ბევრს უჩნდება. ევრაზიული ეს ნიშნავს საქართვეოს გეოგრაფიულ მდებარეობას. საქართველო არის ევროპისა და აზიის გასაყარზე და თუ რამეს, მსოფლიოში შეიძლება ევრაზიული ეწოდოს, ეს არის საქართველო. აქ მხოლოდ გეოგრაფიულ მდებარეობაზეა საუბარი და არა რაიმე ევრაზიულ კავშირზე. სწორედ ამიტომ დავარქვით პარტიას „ნეიტრალური ევრაზიული საქართველო“. 

 

-საკმაოდ ხმაურიანად შემოხვედით პოლიტიკაში ჯერ კიდევ მაშინ, როცა „კოალიცია „ევრაზიული არჩევანის“ ლიდერი იყავით. რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში მოსვლა და განსაკუთრებით იმ გზით, რომლითაც მოხვედით?

 

-მე ვფიქრობ რომ ხმაურიანად სულაც არ შემოვსულვარ პოლიტიკაში. არასამთავრობო კოალიცია „ევრაზიული არჩევანი“ მაშინაც არასწორად იყო გაგებული, უფრო სწორად, ცდილობდნენ გაემარგინალებინათ ეს ორგანიზაცია და წარმოეჩინათ აბსოლურუტად სხვა კუთხით, რითაც ცდილობდნენ საზოგადოება შეცდომაში შეეყვანათ. „ევრაზიული არჩევანი“ ნიშნავდა იმას, რომ საქართველოს ბაზრისთვის, ეკონომიკისთვის ევრაზიული ბაზარი იყო გაცილებით უფრო მომგებიანი, ვიდრე ევროპული ბაზარი და დღემდე ასე რჩება. ამაზე იყო მაშინაც საუბარი, თუმცა მედიის უმრავლესობა ცდილობდა ეს ორგანიზაცია პუტუნისთვის მიეწერა, თუმცა ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ საქართველო უნდა გამხდარიყო ევრაზიული კავშირის წევრი. ჩვენ ვამბობდით, რომ საქართველოს ისეთივე ხელშეკრულება უნდა გაეფორმებინა საბაჟო კავშირთან, როგორიც აქვს მაგალითად ისრაელს. თუ ისეთი ძლიერი ქვეყანა, როგორიც იზრაელია ასე კარგად და სათავისოდ იყენებს ევრაზიულ კავშირს, რატომ არ უნდა გამოგვეყენებინა ჩვენ? აი, ეს თემა იყო პირველ პლანზე წამოწეული და ნამდვილად არ იყო ეს ორგანიზაცია რუსეთის მადიდებელი კოალიცია.

 

-როდესაც რუსეთის ახალგაზრდების წინაშე სიტყვით გამოხვედი, თქვი, ასეთი ფრაზა-„აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებით რუსეთმა დიდი შეცდომა დაუშვა“. საზოგადოებას ახსოვს შენგან ნათქვამი „რუსეთი ოკუპანტია“, თუმცა ახსოვს ისიც, როცა ორი წლის წინ ამბობდი:-„ზუსტად ისინი არიან მოღალატეები დღეს, ვინც რუსეთს “ოკუპანტს“ ეძახის, ვინაიდან ოკუპანტის ძახილით არამცთუ დეოკუპაცია არ მოხდება, არამედ პირიქით, კიდევ უფრო დიდი ოკუპაციის საფრთხის ქვეშ აყენებს თავის ქვეყანას“. შეგახსენებ, ეს მაშინ თქვი, როცა „ევრაზიული არჩევანის“ ოფისზე წარწერა-„ფრთხილად, შენობაში მოღალატეა“ გააკეთეს. დღეს რას იტყვი? 

 

-2010 წელს ჩავედი მოსკოვში და მაშინ, როცა საერთოდ არავინ საუბრობდა აფხაზეთზე და სამხრეთ ოსეთზე, მე მოსკოვში განვაცხადე, რომ აფხაზეთის და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობის აღიარება იყო რუსეთის მხრიდან არა მარტო დიდი შეცდომა, არამედ უდიდესი დანაშაული. განვაცხადე ისიც, რომ კავკასიაში მშვიდობა მანამდე არ დამყარდება, სანამ არ იქნება ერთიანი და ძლიერი ქართული სახელმწიფო, იგივე გავიმეორე ახალგაზრდებთან შეხვედრაზე პეტერბურგში, სადაც 800-ზე მეტი ახალგაზრდა იყო სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული. რაც შეეხება ოკუპანტის ძახილს. მე ყოველვის მომყავს იაპონიის მაგალითო. ორი წლის წინ იაპონიამ მოოღო ოფიციალური გადაწყვეტილება, რომ არ მოიხსენიონ რუსეთი ოკუპანტად კურილიის კუნძულებთან მიმართებაში. რადგან მათ დაინახეს, რომ ოკუპანტის ძახილი არაფერს მისცემს პრობლემის მოგვარებაში. აი, ამაზეა საუბარი, თორემ ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ არის ოკუპაცია, თუმცა, ისიც სათქმელია რატომ დადგა ოკუპაცია, რატომ აღიარა რუსეთმა აფხაზეთის და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა, კიდევ ვისი ბრალეულობა იკვეტება და ვფიქრობ ამაზე გამოძიება უნდა დაიწყოს. უნდა დაისაჯონ ის პირები, ვინც რუსეთს ამის საშუალება მისცა. მეორეს მხრივ, რომ ვიძახოთ აგრესორს და ოკუპანტს არ დაველაპარაკებითო, რას მოგვიტანს ეს აგრესია? ჩვენ გვჭირდება რუსეთთან დიალოგი იმისთვის, რომ მშვიდობიანად დავიბრუნოთ დაკარგული, მიტაცებული ტერიტორიები. მე მგონი, რომ ძალით ამას ვერ გავაკეთებთ და ყველა მიხვდა, რომ რუსეთთან ომს აზრი არ აქვს. დაკარგულ ტერიტორიებს ვერც ბანერის მოგლეჯით დავიბრუნებთ და ვერც ხმაურიანი შეზახილებით, ამით საფრთხეს ისევ იქაურ მოსახლეობას შევუქმნით, თორემ გვახსოვს ოკუპანტის მძახებლები როგორ გარბოდნენ საქართველოდან პირველივე საშიშროებაზე. ჩვენ არც იმის უფლება გვაქვს რუსეთში მცხოვრებ ქართველებს შევუქმნათ საფრთხე და პრობლემები. არ დაგვავიწყდეს, რომ ეკონომიკის გამყარებაში ფულადი ტრანსფერებით საკმაოდ დიდი წვლილი შეაქვთ მათ. ასე რომ ოკუპანტის ძახილი არაფერს გვაძლევს, გვიჭრის დიალოგის და ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დაბრუნების შანსს.

 

-მოდი, იმ ახალ ვერსიას დავუბრუნდეთ, რომ პროამერიკელი ხარ და უბრალოდ სხვა იმიჯს იქმნი, აქვე მინდა შეგახსენო, რომ 2014 წლის ოქტომბერში შეხვდი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს ნუგზარ გაბარაევს და როგორც მაშინ მედია ირწმუნებოდა, შეხვედრის დამფინანსებელი სწორედ რომ ამერიკა იყო. ამ შეხვედრიდან 2 წელი გავიდა და დღესაც უცნობია რა იყო მიზანი ამ შეხვედრის? იქნებ დღეს მაინც „გახსნა კარტი“ და საზოგადოების ინტერესი დააკმაყოფილო. მეორეს მხრივ, რაც ერთ-ერთ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ თქვენი პარტიის ახალი წევრი ბონდო იაშაღაშვილია, რომელსაც რამდენადაც ჩემთვის ცნობილია აშშ-ს საპატიო სტუმრის სტატუსი აქვს მიღებული, მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დედათქვენი იყო ამერიკის პირველი ელჩის კენტ ბრაუნის თანაშემწე, ვიცით ისიც, რომ აქვს ბუშის პირადი მადლობის წერილი, ამ ყველაფრის გათვალისწინებით სიმართლე გითხრა, ბოლო ვერსია სიმართლესთან მიახლოებულად მეჩვენება. თუ ეს მართლა ასეა, მაშინ რატომ ამბობთ, რომ ევროკავშირი კარგს არაფერს მოიტანს ჩვენი ქვეყნისთვის და ხსნა მხოლოდ ნეიტრალიტეტსა და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაშია? ბოლო-ბოლო, რა გაკავშირებთ ამერიკასთან? აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ საზოგადოებას კარგად ახსოვს რომ ალექსანდრე დუგინმა „რუსეთის და პუტინის მეგობარი“ გიწოდათ, მეტიც მან გმირად მოგიხსენიათ, რომელიც საქართველოში ნატო-ს ებრძვის. ალბათ კომენტარიც გახსოვთ თქვენი-კარგია პუტინის მეგობრად მოხსენიება.

 

-მე არა მარტო გაბარაევს შევხვდი, იქ მქონდა შეხვედრა სეპარატისტული რეჟიმის ყოფილი თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან კესაევთანაც. ასევე სხვა წარმომადგენლებს. არანაირი ამერიკული დაფინანსება არ ყოფილა. მოკლედ, ვერ ჩამოყალიბდნენ რა იარლიყი მომაწებონ-ხან სომხებს მიმაწერენ, ხან რუსებს, ახლა კიდევ ამერიკის დაზვერვის ოფიცრობა დამაბრალეს და ამბობენ, რომ შეპარვით ვცდილობ ოსეთში სიტუაციის არევას. სასაცილოა ნამდვილად. არაფერი მსგავსი არ ხდება და ჭორია. იქ სახალხო დიპლომატიის რანგში იყო და მიზანი იყო ახალგაზრდების დაახლოება. ასეთი რამ იმ შეხვედრის მერე არ ჩატარებულა, არადა ნამდვილად საჭიროა დიპლომატია. ყველამ უნდა იცოდეს, რომ სამაჩაბლო საქართველოს ნაწილია და ეს მომავალმა თაობებმაც უნდა გაითავისონ. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული იყო, იყო კამათიც, მაგრამ ამ შეხვედრის შემდეგ გამოითქვა რუსეთის რამდენიმე პოლიტიკოსის მიერ განცხადება, რომ მხარს დაუჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. კრემლში ნამდვილად არ არის ერთი აზრი. არიან პოლიტიკოსები, რომლებსაც უყვართ საქართველო, არიან ისეთებიც, რომლებიც თვლიან რომ საერთოდ არ უნდა ვარსებობდეთ და სწორედ ამ აგრესიულმა ძალამ დაწერა, რომ მე ვარ „ცეერუს“ ოფიცერი, ამერიკის აგენტი, ვმოქმედებ შენიღბულად მა სახალხო დიპლომატიის მანტიამოსხმული ვახდენ არეულობას და ვატარებ ამერიკის ინტერესებს. ნამდვილად გეუბნებით, შეხვედრას მხოლოდ დიპლომატიური ხასიათი ჰქონდა. 

 

რაც შეეხება ბონდო იაშაღაშვილს, ის უფრო კარგად გაგცემთ პასუხს ყველა კითხვაზე. ის იყო ძალოვანი და ჩართული იყო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, სწორედ ერთ-ერთი სპეცოპერაციის დროს გამოჩენილი სიმამაცისთვის მიიღო ეს ტიტული, დედაჩემზეც სიმართლეა რაც თქვით. ის იყო ბრაუნის თანაშემწე, შემდეგ 10 წელზე მეტ ხანს იყო პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი. ამერიკის საელჩოდან კი მას მერე წამოვიდა, რაც კარგად დაინახა, რომ იქ ქართველების აზრი სულაც არ იყო საინტერესო და ყველაფერს წყვეტენ თავად ამერიკელები. ის, რომ მე ვებრძვი ამერიკას, არის სიცრუე, ერთ-ერთი ჭორთაგანი და მოგონილი იმისთვის, რომ ისევ საზოგადოება იქნას შეცდომაში შეყვანილი. ვაცხადებ-მე არ ვებრძვი ამერიკელ ხალხს და არც ამერიკასთან თანამშრომლობის და პარტნიორობის წინააღმდეგი არ ვარ და არა ისეთ მდგომარეობაზე, როგორშიც დღეს ვართ. ერთი მარტივი კითხვა მინდა დავსვა, მაშინ, როდესაც ქართველ გლეხს უჭირს ყურძნის გაყიდვა, განა არ შეუძლია ამერიკას მთელი ყურძენი შეიძინოს და კილოგრამში 1$ გადაიხადოს? თუ რა თქმა უნდა ის ჩვენი რეალური პარტნიორია და ნამდვილად სურს დახმარება. პარტნიორობა ყველა ქვეყანასთან უნდა გვქონდეს, მაგრამ ამერიკისა და საქართველოს დღევანდელი დამოკიდებულება უფრო ბატონისა და ყმის დამოკიდებულებას ჰგავს, იმ განსხვავებით, რომ ბატონი ძველად ყმას პატრონობდა და უვლიდა. ჩვენ კი ამერიკის სახით გვყავს ბატონი, რომელიც საჩვენოდ არაფერს აკეთებს, უბრაოდ გვატარებს წნეხში და გვაკეთებინებს იმას, რაც თავად სურს. რაც შეეხება დიპლომატიურ ურთიერთობას, რუსეთთან უკრაინასაც კი არ გაუწყვეტია ეს ურთიერთობა, შეიძლება მაგალითად იაპონია-ჩინეთიც მოვიყვანოთ. დიპლომატიური ურთიერთობა საჭიროა სწორედ იმისთვის, რომ მოვახდინოთ აფხაზეთის და სამაჩაბლოს დეოკუპაცია. ყველაზე კარგი და სწორი ნაბიჯია საქართველომ ნეიტრალური პოზიცია დაიკავოს, შეძლოს ტავისი ეკონომიკის წინსვლა, მოაგვაროს საგარეო ურთიერთობები და კიდევ ერთი, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთთან და დასავლეთთან ერთად უკვე გაჩნდა მესამე უდიდესი ძალა-ჩინეთი. ასე რომ ნეიტრალიტეტის საშუალებით უნდა დაბალანსდეს ამ სამივე ძალასთან ურთიერთობა. ნეიტრალიტეტი ყველაზე კარგი გამოსავალია ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი დევიზიც გაბრიელ ქიქოძის და ილია ჭავჭავაძის სიტყვება. მე მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო ყველას ამ დიდი ადამიანების სიტყვები. გაბრიელ ქიქოძე ამბობდა, რომ საქართველო ნეიტრალური სახელმწიფო უნდა იყოსო, ილია ჭავჭავაძე კი ისეთ საქართველოზე ოცნებობდა, სადაც „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდვნოდა“.

 

-მოკლედ,   სამუცნობიანი განტოლებაა, რომელიც უნდა ამოხსნათ და აი ახლავე გვითხრათ პასუხი-ბოლო-ბოლო, ვინ არის არჩილ ჭყოიძე? რომელი ბატონის მსახურია თუ სამი ბატონის ერთი მსახურია?

 

-მე ერთადერთი ბატონი მყავს-უფალი და ჩემი ქვეყანა, ასე რომ სხვა არც ერთი ბატონი არ მყავს, მე მხოლოდ ჩემი ქვეყნის აგენტი ვარ და თუ ჩემს სამშობლოს დასჭირდება, მზად ვარ ნებისმიერ ადამიანს ქედი მოვუხარო, მზად ვარ ჩემი ქვეყნის მთლიანობისთვის უკანა პლანზე გადავდო ყველაფერი პირადი, გადავდო ამბიცია და ყველას ვემეგობრები, ვისაც კი შეუძლია საქართველოს მოუტანოს მშვიდობა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.