რა უნდა გაზპრომს და რა შარში გვხვევენ ქართველი ურაპატრიოტები?

რა უნდა გაზპრომს და რა შარში გვხვევენ ქართველი ურაპატრიოტები?

„გაზპრომის“ თემამ კიდევ ერთხელ აჩვენა რომ ნებისმიერი მოვლენა საქართველოში მხოლოდ ლანძღვა-გინების საბაბი ხდება და არა ქვეყნის მომავალზე დაფიქრების.

 

ოღონდ კი დამამცირებელი იარლიყები მიაკერონ ერთმანეთს და ცოტა ვინმე თუ ფიქრობს დადებით მხარეებზე.

 

ვითომ „პატრიოტები“ ირწმუნებიან, რომ საქართველო კარგავს სუვერენიტეტს! რომ „გაზპრომი“ ჯერ შემოგვაპარებს გაზს და მერე კი უცებ გადაგვიკეტავს, როგორც ეს 2006 წელს მოხდა.

 

ჯერ ერთი, ეს ნაკლებად სავარაუდოა, მეორეც, თუ ასე იზამს, ჩვენც შეგვიძლია,  „შურისძიების“ მიზნით გადავუკეტოთო გაზი რუსეთის სტრატეგიულ პარტნიორს - სომხეთს. გაზსადენი ხომ ჩვეს ხელშია!

არადა, ვითომ „პატრიოტებს“, ამ გაზსადენის გაყიდვა სურდათ, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ - თან იმ მოტივით, რომ რუსეთი მას ზურგზე ხომ ვერ მოიკიდებს და ვერ წაიღებსო!!!

 

ზურგზე, რა თქმა უნდა, ვერავინ მოიკიდებდა, მაგრამ საქართველო დაკარგავდა ამ გაზსადენის გადაკეტვის უფლებას არა მარტო დე იურე, არამედ დე ფაქტოც, რადგან გაზსადენის დაცვა რუსების ხელში იქნებოდა და ისინი ახლოსაც კი არ მიუშვებდნენ არალეგალურად აფეთქების მსურველ პატრიოტებს.

 

ამასთანავე, თუ ასე ძალიან სუვერენული იყო წინა მთავრობა და „გაზპრომთანაც“ ჭიდილი ასე ადვილად მიაჩნდათ, რატომ არ გადაკეტეს ეს გაზსადენი რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ?

 

დღეს კი, რა პირობებიც არ უნდა წამოაყენოს „გაზპრომმა“, როგორ უნდა გაუწიოს წინააღმდეგობა საქართველოს მთავრობამ, როდესაც უკვე თვით NATO-ც კი ერიდება რუსეთთან პირდაპირ კონფრონტაციას?!

 

გარდა ამისა, მხოლოდ ექსპერტებს თუ ახსენდებათ ის ფაქტი, რომ „გაზპრომმა“ თვით აზერბაიჯანსაც კი „შეაპარა“ უკვე გაზი.

 

ეს ხომ კომედიაა - ლამის ნახევარ ევროპას ამარაგებს აზერბაიჯანი და თავისთვის აღარ ჰყოფნის?!

 

თუმცა, ამ კურიოზის ახსნაც  ძალიან მარტივად შეიძლება. აზერბაიჯანს კი არადა, თვით ევროპას არ ჰყოფნის გაზი. მიწოდების სხვა წყაროები კი შეზღუდულია. ამიტომ, „გაზპრომი“ თვითონ ცდილობს მიაწოდოს ევროპას გაზი შემოვლითი გზებით. ნავთობის ფასის დაცემის გამო რუსული რუბლი და ეკონომიკა კატასტროფიულად ეცემა და „გაზპრომს“ ჰაერივით სჭირდება თუნდაც თითო-ორი „ზედმეტი“ მილიონი ევრო!

 

რა თქმა უნდა, ამის შემდეგ ევროპა უფრო ადვილად შეძლებს გაყინული უკრაინის გაზით მომარაგებას.

 

თვითონ რუსებს, რა თქმა უნდა, არ უხარიათ უკრაინის ასეთი ირიბი მომარაგება, მაგრამ ეს როგორც თვითონ ამბობენ, „საკითხის ფასია“.

 

რუსებისგან განსხვავებით, ქართველი პოლიტიკოსების უმრავლესობამ არც კი იცის, რას ნიშნავს ზოგადად „საკითხის ფასი“. მხოლოდ თავიანთ „პატრიოტულ“ აღტკინებებს არიან აყოლილნი და არც კი ფიქრობენ, თუ სად შეიძლება დათმო მცირედი, რომ შემდეგ უფრო მეტი მოიგო!

 

ისე მაქსიმალისტურად აქვთ გამძაფრებული „ეროვნული“ თავმოყვარეობა, რომ არსად არაფერს არ თმობენ და ამიტომაც იმ მცირედთან ერთად მოსაგებ მეტსაც კარგავენ და კიდევ უფრო მეტსაც!

 

თორემ, ვინ იფიქრებდა, რომ დე ფაქტოდ დაკარგული აფხაზეთი და სამაჩაბლო დე იურედაც დაიკარგებოდა?

 

ან ვინ წარმოიდგენდა იმას, რომ ასე სანატრელი უკვე მიმდინარე „მეოთხე წელი“ ასეთი „საოცნებო“ იქნებოდა?!

 

კობა ბიწაძე

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: