დაჰკარით „კლავიშებს“ ...გულუბრყვილო და საყვარელო „ნაცარქექიებო“!

დაჰკარით „კლავიშებს“ ...გულუბრყვილო და საყვარელო „ნაცარქექიებო“!

კიდევ ათი „ფრენდი“ რომ დავიმატო, 5 000 მეყოლებით! ბევრი ამოვშალე.დაახლოებით სამასამდე ვირტუალური მეგობარი „მოვაშთე“ ფეისბუკსამეგობროდან - ზოგი უზრდელი იყო,ზოგი, მაპატიეთ და ხეპრე, გაუთლელი, ზოგიც - „ამისტი, იმისტი“ ...„ვიღაცისტობა“ მონობაა! 

 

დაგითვლიათ დღეში რამდენ საათს ატარებთ კომპიუტერის ან „ლეპტოპის“ მონიტორის წინ? არც მე დამითვლია. ერთხელ თენდებოდა, ბინდბუნდი იყო.წამოვხტი ლოგინიდან დამშეულივით, მივუჯექი კომპიუტერს და ისევ ბინდბუნდი რომ იყო მაშინ გამახსენდა, წყალი, საკვები...და ის, რომ ვარსებობ. 

 

ავდექი, წელი ძლივს ავითრიე. ვიფიქრე რაღაც ნახევარი საათი „ვაჩხაკუნებდი კლავიატურას“ და წელი რამ ამატკივა მეთქი... თურმე, მთელი დღე ვმჯდარვარ - გარიჟრაჟიდან დაბინდებამდე. გაგიჟდები კაცი, რას გვიშვება ეს ვირტუალური სივრცე! უკვე გაჩნდა ფსიქიატრიაში ტერმინი - „ინტერნეტდამოკიდებული“! 

 

უბანში, ადრე იტყოდნენ გაუბედურებულ ჯეელზე - წამალზეა შემჯდარი ან  გალოთდა საწყალი, არადა რა ბიჭი იყო! ეხლა ასე ამბობენ - ლეპტოპზეა „შემჯდარი“... არა და რა ბიჭი, ან რა გოგო იყო! 

 

ახალგაზრდების საქმე გასაგებია, მაგრამ ბებიები და ბაბუებიც მაგრა „შეჯდნენ“! 

 

დუღს და გადმოდუღს ცხოვრება ვირტუალურ სამყაროში! 

 

კურდღელი ლომობს... მეცნიერი და ,,„ღრმა ინტელიგენტი“ ხახაში ,,ორ თითს ითხრის“ და „ტელნიაჟკას იხევს“ ... განაბივით! ერთგული მეუღლე, დედა, კდემამოსილი დიასახლისი, სამზარეულოდან გაუსვლელად „ღალატობს“ ქმარ-შვილს ვირტუალურ „საყვარელთან“ და ეს ყველაფერი არამატერიალურ, ინტერნეტ სივრცეში ხდება, ფიზიკური სხეულის გარეშე - ფიქრებისა და მენტალობის დონეზე! 

 

ფეისბუკში ყველა თუ არა, თითქმის ყველა „პოლიტექსპერტია“! ყოველდღიურად იმართება პოსტიდან პოსტზე, ჯგუფიდან ჯგუფში, პირად მიმოწერაში ცხარე პოლიტიკური დებატები, რაც ხშირად დედის გინენბით მთავრდება! 

 

ამორფულად „შეწირულები“ სამშობლოსთვის „ხარაკირს“ იკეთებენ და მატროსოვებივით „ამბრაზურას“ აკვდებიან, მკერდით! „ხორციელდება, შეთქმულებები, იმპიჩმენტები“ და რასაკვირველია, ესეც ფიზიკური სხეულის გარეშე, მენტალობისა და ცნობიერების დონეზე ხდება! 

 

გინახავთ ოდესმე „სტაჟიან ფეისბუკმეგობრებს“ ამ ვირტუალური სივრციდან რეალურად გაკეთებული საქმე? 

 

ან, ამდენი გინებისა და ლანძღვის შემდეგ, პარლამენტიდან გაძევებული, იმუნიტეტმოხსნილი, რომელიმე პარლამენტარი თუ გინახავთ, ინტერნეტმომხმარებელთა ხათრით? არ გინახავთ და ვერც ნახავთ, ვინაიდან ის, რაც არამატერიალურია, არ არსებობს მატერიალურ ოთხ განზომილებაში! 

 

აქედან გამომდინარე, არც იურიდიულ და საკონსტიტუციო კანონების ჩარჩოებში თავსდება, ანუ არავითარი იურიდიული ძალა არ აქვს ჩვენ „ფეისპროტესტებს“ და „შეშეფოთებებს“! საპნის ბუშტის ძალა გააჩნია! 

 

ერთ საიდუმლოს გაგანდობთ... ქართული ფეისბუკი ორ მილიონამდე მომხმარებელს აერთიანებს. წარმოიდგინეთ, რამხელა ძალაა! ამავე დროს არაფერიც არ ვართ, ვინაიდან ვირტუალურია ეს ყველაფერი! ორი მილიონი ადამიანი რეალურ მატერიალურ სამყაროში სულ სხვაგვარები ვართ, რადიკალურად განსხვავებული მიზნისკენ მივილტვით, ანუ იმაზე „ვოცნებობთ“ კუჭი როგორ გავიძღოთ ყოველდღიურად, ისე, რომ ფიზიოლოგიური პოტენციალი შევინარჩუნოთ და არ მოვკვდეთ! რეალურ ცხოვრებაში სხვაგვარად დავდივართ, სხვაგვარად ვსაუბრობთ - სხვაგვარები ვართ, სხვაგვარები... 

 

ჩემო კიდევ საყვარელო „ნაცარქექიებო“ „ფეისბუკი“ ორთქლის გამოსაშვები ადგილია, ანუ „მეხამრიდია“! მეხამრიდი და დამცავი სისტემაა იმათთვის, ვინც ცხოვრება საათივით აიწყო და ფეხებზე დაგვიკიდა! 

 

აქ რომ გულს ვიჯერებთ „იმათი“ გინებით, შინაგანად ვმშვიდდებით და სოციალურ საშიშროებას აღარ წარმოვადგენთ. 

 

ხელისუფლებას ურჩევნია აქ, ამ ვირტუალურ, არამატერიალურ სივრცეში ვიბობოქროთ, ვლანძღოთ ერთმანეთი და „ისინიც“ ვლანძღოთ, მრავალსართულიან „ფორმატში“, ვიდრე მიუვარდეთ და ფიზიკურად გავუსწორდეთ, ფიზიკურ განზომილებაში: რაც სიგრძე აქვთ, ის სიგანე და სიმაღლე გავუხადოთ, რეალური დროის ფაქტორში! 

 

დიახ, ვლანძღოთ ამ ორ მილიონმა მომხმარებელმა მთელი სამყარო ვირტუალურად! მათ არ ადარდებთ და ფეხებზე კიდიათ ჩვენი ვირტუალური აბობოქრება! იციან და სწამთ, არასდროს „მიუვათ“ გინება და წყევლა - კრულვა და არიან გუგულებივით, ნეტარებაში გაყუჩებულნი! 

 

ჯობია „ვირტუალურში“ ვმართოთ მიტინგები, რევოლუციები, ვიდრე ეს ორი მილიონი გავეშებულ - გამხეცებული ,ცხოვრებაზე და მთავრობაზე გამწარებული ქალი და კაცი, მატერიალური სხეულებით და რეალური მოთხოვნებით რუსთაველის პროსპექტზე და თავისუფლების მოედანზე გამოვცვივდეთ, რათა პასუხი მოვთხოვოთ ნაძირალა სააკაშვილს და „მყისიერად მისაჯირყვნ ბიძინა ივანიშვილს“, თავისი „ოცნებიანად“ და კოჰაბიტიტირებული ნაცქოცრესპუბლიკელებიანად, ჩვენი მოტყუებისთვის, დაცინვისთვის, გაუბედურებისთვის! 

 

იყავით და იბობოქრეთ ვირტუალურ სამყაროში, დანო და ძმანო ჩემო, უსაყვარლესო, გულუბრყვილო, კეთილო „ნაცარქექიებო“! ვირტუალურო „ლომებო“, „ნინძებო“, „კამიკაძეებოო“, „რევოლუციონერებო“, „დავით აღმაშენებლებო“, „ცოტნე დადიანებო“! ...ყურებზე ხახვი არ დავაჭრათ იმათ, ვინც ჩვენი ხმებით მოვიდა, შვეიცარული საათის მექანიზმივით აიწყო ცხოვრება და გამდიდრდა ჩვენი მშიერი კუჭების ხარჯზე! 

 

სააკაშვილს, ბოკერიას, ივანიშვილს, ხიდაშელ - ბესელიას, ან თუნდაც მის უდიდებულესობებს ვლადიმერ პუტინს, ბარაქ ობამას, ბაიდენიან - მაკკეინიანად ფეხებზე ვკიდივართ და ლოცავენ ებრაელის ბიჭის, მარკუს ცუკერბერგის გაჩენის დღეს, ეს ორთქლის გამოსაშვები საოცრება „ფეისბუკი“ რომ გამოიგონა! 

 

აჩხაკუნე „კლავიშები მეგობარო“... აჩხაკუნე!... ო, როგორ მიყვარხართ, ვირტუალურო „ნაცარქექიებო“... ჩემო ტკბილნო და უწყინარნო! 

 

თამაზ ჭეიშვილი

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: