Iverioni
«    მაი 2020    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
1-02-2016, 15:20
ნანახია: 1857

ფეისბუკი და კომუნისტური ნოსტალგია

მოდით, ნოსტალგიური ტკივილის იმ ნაერსახეობას ჩავუღრმავდეთ, რომელსაც შეიძლება "ჩვენებური" დაერქვას და ცოტა უცნაური პარალელი გავატაროთ ფეისბუკთან.

 

ნოსტალგია კომუნისტური რეჟიმის, წყობისა თუ პერიოდისადმი. როგორც გნებავთ...

 

ეს სურვილი მას შემდეგ გამიჩნდა როდესაც უამრავი გამოგონებების ავტორმა, პროფესორმა და თავისი საქმის პროფესიონალმა, ამავ დროს კი ჯიბეგაგამოფხეკილმა და საზოგადოების მიერ ბედის ანაბარა  მიგდებულმა ქართველმა, კომუნისტური ხანის უნიკალურობაზე, გამხეცებულმა დამიწყო კამათი. 

 

იმ დროის ტკბილად გახსენებისას, ნოსტალგიის  რომელი სახე მოდის მოქმედებაში თუ იცით?

 

უნდა ვაღიაროთ, ზოგს მართლაც აქვს მეხსიერებაში ჩარჩენილი საუკეთესო მოგონებები. ზოგი ბავშვურია და მისი გარჩევა არც ღირს, რამეთუ ბავშვური მოგონებები ძირითადად დადებითის სრუტვის შედეგია, ქამრით აჭრელებული საჯდომისა და კუთხეში დგომის გარდა. ზოგის კი იმიტომ, რომ იმხანად მათი ცხოვრება მართლაც რომ შესაშურად ჩქეფდა. 

 

ეს ზოგი,  ე. წ. "ცეხავიკების",  ცეკას მდივნებისა და მათი ცოლების ჩათვლით ალბათ 5%-ია. იმ პერიოდის მათი აპოლოგეტობა მისაღებია, მაგრამ, გამომგონებლის ცრემლები, რომლის უნიკალურ ქმნილებებსაც სახელმწიფო ფოტოაპარატ "ზენიტის" ხარჯზე ითვისებდა გაოგნებს და ადამიანის ფსიქიკაზე უამრავი კითხვა გიჩნდება!

 

თითქოსდა, ესეთ მარტივ კითხვებზე შეჯერებულ პასუხებს, რომელიც ჩვენს ცნობისმოყვარეობას ბოლომდე დააკმაყოფილებს, ვერც ფსიქოლოგები იძლევიან და ვერც ფსიქიატრები. ამიტომაც, ამდაგვარ ფენომენებთან უცაბედად შეჯახებისას გარიდებას გირჩევთ. 

 

 დარწმუნებული ვარ, ეს კატეგორია არც მაშინ იგრძნობს სინდისის ქეჯვნას, თუ ნათლად დაანახებ რა ფუფუნებაშიც ცხოვრობენ მათი დასავლელი კოლეგები. რა პატივით ელოლიავებიან მათ კრეატიულ ტვინებს და ახალი გამოგონების შესაქმნელად რა იდეალურ პირობებში ამყოფებენ. როგორ არიან უზრუნველყოფილნი სიბერეში და ცხოვრების ამ უმნიშვნელოვანეს ჟამს რა უაზრო პრობლემებზე უწევთ ფიქრი...

 

რაც არ უნდა ითქვას, პარალელების გავლებაზე წარსულისა და აწმყოს შესაყარი საბოლოოდ ფინანსურ უზრუნველყოფასა და დიდებაზე დადის, რომელიც ადამიანის შემოქმედებით სტიმულს ამაღლებს და  გზებს ხსნის საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოყენებაში. თავს დაფასებულ ადამიანად გრძნობ და პირუტყვს არ უთანაბრდები!

 

კომუნისტური რეჟიმის მადლიერი, მორალური, ფსიქოლოგიური და ფინანსური თვალსაზრისით უზარმაზარ ნოლზე განთხმული გამომგონებელი პანსიონატის "პუტიოვკას" იხსენებს, რომელითაც ქვეყანამ დაასაჩუქრა ლოყები დაუკოცნა და მომავალთან საბრძოლველად კისერზე ჩამოკიდებული "ზენიტით" ააპანღურა. ყოველივე ამის საფასურად მისი გამოგონება მიითვისა და ხელები დაიბანა. გამოგონება რომელიც საზღვარგარეთ, მისი თქმით თურმე მილიონობით დოლარი ღირდა.  

 

ისტორიულ სანაგვეში დღემდის ამაყად მჯდარი საჯდომგამოხეული გამომგონებელი შენატრის კომუნისტების ხანას და სამკვდრო-სასიცოცხლო დისპუტში ეშვება, როდესაც იმ დროს აუგად მოიხსენიებენ.

 

გაურკვეველ სიტუაციაში მყოფმა ფრუსტრაციაში რომ არ ავღმოჩენილიყავი, გადავწყვიტე ნოსტალგიაც სახეებად თუ განშტოვებებად დამეყო:

 

მცდარი, ილუზიაშეპარული, იდიოტური და ბუნებრივი ანუ (ემიგრანტული), ესეიგი ჩემი. ჩემსას თავი დავანებოთ და კომუნისტურს დავუბრუნდეთ. თვითოეული მათგანი მაინც ინდივიდუალურია და მისი სიძლიერ-სისუსტე უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული, რომლებშიც, ერთ-ერთი მთავარი ასპექტი სინდისია.

 

არაფრისკეთებით ან, თუნდაც ენერგიის მინიმალური ხარჯვით მიღებულ მაქსიმუმს თუ ვნატრულობთ, რომლითაც კომუნისტების დროს ყველა ერთად ხეირობდა მაშინ, ისიც არ უნდა გვაღიზიანებდეს, როდესაც მთავრობები უქმად ჯდომაში და ჩვენს დაბოლებებში მდიდრდებიან. იმ დროის დაბრუნებაზე ნატვრაში გამოდის არაფრის კეთება ან ცოტა კეთების საფასურად ბევრის მიღება და უზრუნველი ცხოვრება გვსურს. ჩვენებურად რომ ვთქვათ, მუქთა ფული რა თქმა უნდა. 

 

აბა, სხვა რა უნდა სურდეს ხელისუფალს, რომელსაც ქვეყანა წინ ოდნავადაც ვერ წაუწევია და წლების მანძილზე სავარძელში ზის. საკვირველი კი იმაშია, რომ იმ დროს მიღებულ ხეირს საზოგადოების ყველა ფენა უდიდესად მიიჩნევდა და კმაყოფილი იყო.

 

ალბათ  XVII საუკუნეში ცოტა უფრო ცალსახად უდგებოდა შვეიცარიელი ექიმი იოგან ხოფერი როდესაც ტანჯვა-ტკივილის ანალიზზე მუშაობდა, რასაც შემდგომ ნოსტალგია დაერქვა.

 

ტკბილ მოგონებებთან მიმართებაში ადამიანის შეგნება როგორც მუშაობს ყველამ კარგად ვიცით. სიტკბოგარეული მოგონებები ძველი ეგვიპტური წყაროების თანახმად, პირამიდების მშენებელ მონებსაც ჰქონიათ!..

 

მაშ რა გამოდის?  კაცმა ჯოჯოხეთიდანაც შეიძლება წამოიყოლოს და თავისუფალ დროს იქ დაბრუნების სურვილით ნოსტალგიაში გადაეშვას?

 

კომუნისტურ პერიოდს მონატრებულებს, თქვენთვის უფრო ადვილად გასაგებ ენაზე შევეცდები ეს ფილოსოფიური ასპექტი დავიყვანო და ავხსნა ... 

 

აი მაგალითად, ფეისბუკზე უამრავი მეგობარი გვყავს. ბევრთან ხუთი და ექვსი წელიწადია ვმეგობრობთ რომელთა დიდი ნაწილი აქ, არაფრისკეთებით ირთობს თავს. ათვალიერებს, კითხულობს, შიგადაშიგ თავიანთ სურათებს დებს და სხვისი სურათების მოწონებებითაა დაკავებული. 

 

ფეისბუკის არსებობის მანძილზე არც ერთი სტატუსი, პოსტი, წერილი თუ წინადადება არ დაუდია. წლები გულების და ყვავილების ყრაში გაყავს და კმაყოფილია. მიუხედავად ყოველივე ამისა, ბედნიერებით აღსავსე მათი ფეისბუკური ცხოვრება ილუზიებით შეფერადებულ მრავალფეროვნებას იძენს და მუდმივად შიგ ჯდომის ცდუნებას განიცდის. მათ მიერ ფეისბუკზე ასატვირთად გადაღებული სელფი ან კოლექტიური სურათი ბევრისთვის იმ ეგზალტაციას უთანაბრდება, როგორც კომუნისტურ პერიოდში დათრეულ აბასთუმნის ან ქობულეთის „პუტიოვკას“.

 

ყველაფერი გასაგებია!  მისაღებიც! არც რაიმე პრობლემა გვაქვს მათთან მიმართებაში! განსხვავებული კატეგორიები არსებობენ და არაა ეგ ჩვენი საქმე მაგრამ...

 

მაგრამ, როგორც ზემოთ ავღნიშნე ყოველივე ეს მაინც ილუზიაა!   ყოფითი, რეალური და ცხოვრებისეული მარტივი ილუზია, რომელიც ბევრისთვის შეიძლება საკამათოც აღმოჩნდეს. ოღონდ მერწმუნეთ, ეს ბევრიც ფრუსტრაციული აპკით გაბერილ ბუშტში იჯდება და ვერაფერს შეაგნებინებ.

 

დარწმუნებული ვარ და არც არავინ შემეკამათოს, რომ ფეისბუკში მსხდომთა ასივე პროცენტს ამ სოციალური სივრცის მაქსიმალურად გამოყენება სურს. რაც ძირითადად გამოიხატება საკუთარი აზრების, ანალიზების,  გადახდენილი ამბებისა და ყოველდღიური ისტორიების თხრობაში.  გულში ნადების გაზიარებასა თუ უბრალოდ თავისუფალ თემებზე ყოველდღიურ დისკუსიებში. ჭორაობებში თავის შექცევასა თუ ოცნებისა და სიზმრების გაზიარებებში. გამოდის, რომ განმუხტვის უნიკალურ ნარკოტიკად ქცეული ამ სივრცეს უმეტესობა ვ ე რ იყენებს.

 

ბევრის მეგობარი თუ მეგობრის მეგობარი ამას ვერ ახერხებს. სიმორცხვის, სხვა კომპლექსებისა თუ საკუთარ ინტელექტთან ნდობის არ ქონის გამო. ეს სხვა პრობლემაა და მათ მიმართ როგორც ზემოთ ავღნიშნე, არანაირი პრეტენზიები არა გვაქვს!

 

ან კიდევ რაღაცითაა დაკომპლექსებული და ფეისბუკზე იმით კმაყოფილდება, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ?

 

ყოველივე ამის, ტკბილ მოგონებებსა და ნოსტალგიასთან პარალელის გავლება რაღა ჯანდაბააო ბევრი იკითხავს.  

 

გეტყვით!

 

ეჭვი არავის შეეპაროს და ვთქვათ 10-15 წლის შემდეგ ფეისბუკის გაქრობის შემთხვევაში, აი ის კატეგორია, რომელმაც ამ სოციალური ქსელის საფუძვლიანად და მიზნობრივად გამოყენება ვერ შეძლო, ბირჟაზე თუ სასტავში ჩადგება და გულდაწყვეტილი იტყვის: 

 

რა კარგი დრო იყო, როდესაც ფეისბუკი გვქონდაო...

 

შალვა ისაკაძე