Iverioni
«    ნოემბერი 2020    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
ნოემბერი 2020 (9)
ოქტომბერი 2020 (6)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
16-02-2016, 17:05
ნანახია: 3643

დავით ქობალია: თუ საქართველოს გადარჩენა გვინდა, ანაკლია პორტი „ხაზარაძე და კონტი ჯგუფმა“ არ უნდა ააშენოს!

რვა თებერვალს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ „ანაკლიაში  ღრმაწყლიანი  პორტი“-ს ტენდერში გამარჯვებულად „ანაკლიის განვიარების კონსორციუმის“ იგივე „ხაზარძე და კონტი ჯგუფი“-ს გამოცხადებამ გაკვირვება და ეჭვები გამოიწვია. 

 

ცხადია, გაკვირვება  იმ ადამიანებმა გამოხატეს, ვინაც ღრმად არიან ჩახედული „ანაკლიის ღრმაწყლიანი პორტის“ მნიშვნელოვან საკითხებში. სამწუხაროდ, სწორედ ის „მნიშვნელოვანი საკითხები“ გამორჩათ, ან შეგნებულად გამოტოვეს  მოწვეულმა უცხოელმა ექსპერტებმა და მთავრობის მიერ შექმნილმა სატენდერო კომისიამ.

 

თავშივე უნდა ვახსენო: საქართველოს მთავრობამ, უცხოელ ექსპერტებს 1,5 მილიონი ევრო გადაუხადა 5,5 მილიარდ აშშ დოლარად შეფასებული პროექტისთვის _ „ღირსეული, გამოცდილების და შესაბამისი ფინანსების მქონე ინვესტორის შერჩევაში“!

 

კაცმა რომ თქვას, კი ღირს ეს საქმე მილიონნახევარი ევრო, მაგრამ _ შესრულდა კი, საქართველოს მთავრობის შეკვეთა და რაში მდგომარეობდა იგი? 

 

ეკონომიკის მინისტრ ქუმსიშვილის თქმით _ „რაც შეეხება კრიტერიუმებს, რომლის თანახმადაც მოხდა აღნიშნული კონსორციუმის შერჩევა, იყო 4 ძირითადი კრიტერიუმი, მათ შორის განვითარების კონცეფცია, ფინანსური მდგრადობა, რეგიონის ეკონომიკური განვითარების ზოგადი ხედვა და იურიდიული მიმართულება.“

 

ხელშეკრულებას, რომელსაც მთავრობა ტენდერში გამარჯვებულს სთავაზობს, დეტალებში ვერ განვიხილავთ, რადგან იგი უსაშველოდ დიდია. ამიტომ აქ შევჩერდეთ და გადავხედოთ უმთავრეს პირობებს, რომელიც _ „ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ინტერესების გამოხატვა“-ში მონაწილეს უნდა წარმოედგინა: 

 

1.100 მილიონი და მეტი ტვირთბრუნვის დამადასტურებელი პროგრამა-წინა საპროექტო მოსაზრება.

 

2. პორტის  პროექტი უნდა იკავებდეს ზღვის სანაპირო ზოლის მაქსიმალურად მცირე ნაწილს.

 

3.უკიდურესი აუცილებლობის გარდა, არ უნდა ეხებოდეს დასახლებულ ტერიტორიას.

 

4.წარმოდგენილი პროექტი უნდა იყოს მომგებიანი და ტექნიკურად შესრულებადი.

 

5.ტენდერში მონაწილე კომპანია ვალდებულია წარმოადგინოს ინვესტორები, პროექტის დაფინანსების დამადასტურებული საბანკო საბუთებით.

 

ტენდერში გამარჯვებულის გამოცხადებისთანავე აიშალა ოპოზიციური ჭილყვავი, გაიხსენეს ე.წ. „ლაზიკა პორტი“ და ხელისუფლებას ედავება _ „ანაკლიაში პორტის აშენების იდეა მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის და თქვენ ნუ მიიწერთო!“

 

ხელისუფლება, როგორც ყოველთვის, _ უვიცობის და არაკომპეტენტურობის გამო, გაიძვერა ოპოზიციას პასუხს ვერ სცემს!

 

ამიტომ, პატივცემულ მკითხველს უნდა შევახსენო _ როცა მიშა სააკაშვილმა, 2009 წელს, თეიმურაზ ქარჩავასგან ანაკლიაში უნიკალური პორტის აშენების შესაძლებლობის შესახებ შეიტყო, იდეა მოეწონა და იმწამსვე აიტაცა, უმნიშვნელო ფორმალობების გავლის შემდეგ, პორტის ასაშენებელი მიწებიც შეასყიდა ბატონ ქარჩავას, პორტის მშენებლობაც დაიწყო, მაგრამ ოკეანისგაღმელ „მამებთან“ საკონსულტაციოდ ჩასული, სულ სხვა გეგმით დაბრუნდა საქართველოში და _ ქარჩავასეული „ანაკლია პორტის“ ნაცვლად, უსახური „ლაზიკა პორტი“ და „ხუთასი ათას მოსახლეზე“ ქალაქ „ლაზიკას“ მშენებლობის იდეა ჩამოიტანა, რომელიც, რამდენიმე ესკიზში გამოიხატა და იგი საკმარისად ჩაითვალა მის დასაწყებად.  

 

ასე გაჩნდა, ყოველგვარი ნებართვის და პროექტის გარეშე, პორტის ასაშენებელ ტერიტორიაზე, სადაც გემები უნდა შემოსულიყო, _ არარსებული ქალაქ „ლაზიკას“ იუსტიციის სახლი და ანაკლიის აბორიგენი მოსახლეობის ტერიტორიაზე „ლაზიკა პორტის“ მომავალი ადმინისტრციის ორი ხუთსართულიანი შენობა. ე.წ. „ლაზიკა პორტი“-ს მშენებლობა ანაკლიის დასახლებულ ტერიტორიაზე დაიგეგმა. 

 

ეს კიდევ არაფერი, მოძალადე ხელისუფლებამ ბატონი თეიმურაზ ქარჩავას კომპანია „ანაკლია პორტი“-ს კერძო საკუთრებაში მყოფი და სახელმწიფისგან შესყიდული მიწები  უკანონოდ ჩამოართვა და ასი მილიონი ამერიკული დოლარი ჯარიმა დააკისრა. ყოფილი ხელისუფლებისგან მსგავსი  საქციელი მაშინ არავის გაკვირვებია! 

 

მართალია, 2013  წელს სასამართლომ უკანონოდ დაკისრებული ჯარიმა გააუქმა, რასაც უკანონოდ ჩამორთმეული მიწების დაბრუნება უნდა მოჰყოლოდა, მაგრამ ოთხი წელია სასამართლო დავა გრძელდება, სახელმწიფო უწყების მიერ ჩადენილი კრიმინალი „კერძო საკუთრების უკანონოდ ხელყოფა“ სახეზეა, სამართალი კი, როგორც იტყვიან „ურმით მოდის“!

 

კარგა ხანს გვეგონა „ლაზიკა პორტი“ და ქალაქი „ლაზიკა“ მიშა სააკაშვილის ხუშტურები იყო, მაგრამ მოვლენათა განვითარებამ სულ სხვა ფაქტების წინაშე დაგვაყენა. 

 

უნდა ვაღიარო მე მათ დიდხანს ეჭვის თვალით ვუყურებდი, მაშინაც კი, როცა 2011 წელს ჰამბურგიდან ასტანაში მივფრინავდი, ცნობილი გერმანული ფირმა VIESSMANN-ის წარმომადგენლებთან ერთად, სრულიად შემთხვევით, ჩემს გვერდით  მჯდომი მგზავრისგან შევიტყვე, რომ  „ანაკლიაში აშშ-ს სამხედრო საზღვაო ბაზა შენდება“ (ალბათ სხვა დროს უფრო დაწვრილებით გავიხსენებ მას), მოლაზღანდარე ევროპელის გადამეტებულ აქტიურობად ჩავთვალე იგი და ყურადღება არ მივაქციე. 2013 წლის თებერვალში ვახსენე ეს შემთხვევა გაზეთ „ილორში“. 

 

როცა „ლაზიკა“-ს სახელით მიწის ამზომველები მოგვადგნენ მე და ჩემს მეზობლებს ანაკლიაში _ „ეს ადგილები სახელმწიფოს სჭირდება პორტის ასაშენებლად!“ და ისინი კინწისკვრით გავყარეთ, არც მაშინ დავიჯერე ბოლომდე ქვეყნის სამტრო, _ „სამხედრო საზღვაო ბაზის“ შესაძლო მშენებლობის შესახებ!

 

მაგრამ, მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ორი წლის განმავლობაში მიმდინარე „ანაკლია პორტი“-ს ტენდერში გამარჯვებულად „ხაზარაძე და კონტი ჯგუფი“ გამოაცხადა, რომელიც ანაკლიაში გამოჩენის (2014წ.) პირველი დღიდან,  2011-ში ე.წ. „ლაზიკის“ მიერ მონიშნულ ადგილს და ანაკლიის აბორიგენ მოსახლეობას უმიზნებს, გულახდილად უნდა ვთქვა _ არ ვაპირებ „ურწმუნო თომა“ ვიყო: მეც დავიჯერე, ხუთი წლის წინ ჩემი გერმანელი თანამგზავრის მიერ, ათი ათასი მეტრის სიმაღლეზე მოყოლილი „ანაკლიაში სამხედრო საზღვაო ბაზის მშენებლობის“ ნამდვილობა!

 

მკითხველი რომ არ დავაბნიო, განვმარტავ: მე ანაკლიაში დაბადებული და გაზრდილი ვარ, ჩემი ამ ქვეყნად ყოფნის დარჩენილი ლიმიტი აქ მინდა ამოვწურო და არავის ინტერესებს არ მოვერიდები, როცა შევატყობ აქაურობას საშიშროება ემუქრება! ჩემთვის სულ ერთია, ამერიკა იქნება იგი თუ რუსეთი, სხვისი ინტერესების გამო არ მსურს მე და ჩემი სამშობლო, მათი იარაღის სამიზნე გავხდეთ, ჩვენ ამას არ დავუშვებთ! 

 

იმედი მაქვს, ყოველივე ზემოთთქმულის შემდეგ, _ „ანაკლია პორტი და ეკო პარკი“-ს მარცხის მიზეზი, ჩინური მეგაკომპანია „ფაუერჩაინათი“, ჩინური ინვესტიციით და ჩინური ტვირთების გარანტიით მარტივი ასახსნელია!

 

თუ რა მნიშვნელოვანია ჩინური კომპანიის და ჩინეთის სახელმწიფოს გვერდში ყოლა, „ახალი აბრეშუმის გზაზე“ ანაკლიაში „სამოქალაქო-სამრეწველო“ პორტის აშენების შემთხვევაში, სტატიის ბოლოს მოგიყვებით.

 

რაც შეეხება ხუთასი ათას მოსახლეზე ანაკლიაში ქალაქ „ლაზიკა“-ს აშენებას, დღევანდელ პირობებში, არც ის მეჩვენება უტოპიად. მართალია, სანახევროდ დაცარიელებულ საქართველოში „ლაზიკაში“ ჩასასახლებელი 500.000 ადამიანი არ მოიძებნება, მაგრამ სირიელი ლტოლვილებისგან შეშინებულმა ევროპამ, რომ ნახევარ მილიონს საქართველოსკენ უყოს პირი, არავის გაუკვირდება! 

 

მით უმეტეს _ ორი კვირის წინ, თუ არ ვცდები კახეთში, „72 თავშესაფრის მთხოვნელ  უცხოელს“, აშშ-ს საელჩომ კომფორტაბელური საცხოვრებელი სახლი აუშენა, როცა საკუთარ ქვეყანაში, საკუთარი სახლებიდან გამორეკილი ნახევარი მილიონისთვის ვერ მოგვივლია ჯეროვნად!

 

დასაწყისისთვის „72 თავშესაფრის მთხოვნელი უცხოელით“ მოსინჯეს ნიადაგი ჩვენმა „მოკეთეებმა“ _ აბა ვნახოთ, როგორ შეხვდება და რას იტყვის საქართველოს მთავრობა და მისი ხალხიო?!

 

მოდით, ჩვენ მაინც მივყვეთ ისტორიას _ „ანაკლია პორტის“ მშენებლობა 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გახდა რეალური პროექტი და იგი განახლებული სახით ბატონი თეიმურაზ ქარჩავას კონსორციუმმა „ანაკლია პორტი და ეკო პარკი“ წარმოადგინა, რომლის შემადგენლობაში, ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ ჩინეთის სახელმწიფო კომპანია „პაუერჩაინა“ გაერთიანდა ამერიკულ „აეკომთან“ ერთად. 

 

"ანაკლია პორტის" მშენებლობის ტენდერის გამოცხადებამდე ცოტა ხნით ადრე გამოჩნდა და 12 მონაწილეს შორის ვიხილეთ _ „კონტი ჯგუფი“ და „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე. 

 

წინადადებები, რომლითაც ხაზარაძის კონსორციუმი შემოდის, სახელმწიფოსთვის არარეალურიც არის და საზიანოც! 

 

აფხაზეთის დაკარგვის შემდეგ, საქართველოს იურისდიქციაში დარჩენილი და კონტროლირებადი შავი ზღვის სანაპირო ზოლი 90 კილომეტრამდე შემცირდა. რაც კიდევ უფრო სამწუხაროა, ამ 90 კილომეტრიდან მხოლოდ მესამედია საკურორტოდ და ტურიზმის განვითარებისთვის ვარგისი. ამ მხრივ, ანაკლია-განმუხურის სანაპირო ზოლი ერთ-ერთი საუკეთესოა. საკურორტო-ტურისტული ღირსებების გარდა დიდი ხანია ცნობილია ანკლიის კანიონი, რომელიც შავი ზღვის აუზში ღრმაწყლიანი პორტის აშენების საუკეთესო პირობას ქმნის. 

 

ზემოთხსენებული, მრავალმხრივ მნიშვნელოვანი გარემოებების გამო, საინტერესოსთან ერთად, დიდად საპასუხისმგებლოა, შავი ზღვის აუზში უდიდესი პორტის ასაშენებლად ყველაზე ოპტიმალური პროექტის შექმნა, რაც ტენდერის მონაწილეთა უპირველეს მოთხოვნას შეადგენდა.

 

მას შემდეგ, რაც 12 მონაწილედან ორი დარჩა ფინიშის სწორზე, რთული არ უნდა ყოფილიყო უკეთესის შერჩევა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ისე ადვილი არ აღმოჩნდა უცხოელი ექსპერტებისა და სატენდერო კომისიისთვის, როგორც ჩვენ წარმოგვედგინა!

 

აქ ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომელმაც საქმეში ჩახედული და დაინტერესებული საზოგადოების შეშფოთება და უამრავი კითხვა გააჩინა!

 

ამ კითხვების სამართლიანობაზე შესაბამისმა უწყებებმა უნდა იმსჯელონ, ჩვენ ჩვენს სათქმელს მივხედოთ. 

 

"ხაზარაძე და კონტი ჯგუფის" პროექტის გაცნობის შემდეგ ცხადი გახდა, რომ:

 

1.იგი ვერ ასრულებს ტენდერის უმთავრეს მოთხოვნას _ 100 და მეტი მილიონ  ტონა ტვირთბრუნვას წელიწადში. ექსპერტთა დასკვნით, _ წარმოდგენილი კონცეფცია ვერანაირად ვერ გაცდება წელიწადში 30 მილიონ ტონა ტვირთბრუნვას და მას შემდგომი განვითარების პერსპექტივა არ გააჩნია. უკიდურეს შემთხვევაში, მისი ტვირთბრუნვის გაზრდა, ისედაც შეზღუდული ზღვის ნაპირის ხარჯზე უნდა მოხდეს. 

 

2.იგი იკავებს ზღვის სანაპირო ზოლის 4 კილომეტრს.

 

3.პირდაპირ დამიზნებულია ანაკლიის აბორიგენ მოსახლეობაზე და ითხოვს 200 ოჯახის გასახლებას.

 

4.პორტის მშენებლობა დაგეგმილია გაშლილ ზღვაში, რაც მის საეჭვო დანიშნულებას უსვამს ხაზს!

 

5.საგანგაშოა ის, რომ „ხაზარაძე  და კონტი ჯგუფი“ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადების შემდეგ ეძებს ინვესტორს და დამფინანსებელს, მათ შორის, აცხადებს, რომ ჩინეთშიც ყავს პარტნიორი მოძიებული, მაგრამ მას საიდუმლოდ ინახავს!.. 

 

კონსორციუმ "ანაკლია-პორტი და ეკო-პარკი"-ს მიერ წარმოდგენილი წინა საპროექტო მოსაზრება:

 

1.წარმოდგენილ კონცეფციას გააჩნია გარანტირებული, შემდგომი განვითარების პერსპექტივა და იგი გაანგარიშებულია წელიწადში 100- და მეტი მილიონ ტონა ტვირთბრუნვაზე.

 

2.იგი ზღვის ნაპირის მხოლოდ 800 მეტრს იკავებს.

 

3.საერთოდ არ ეხება დასახლებულ ტერიტორიას.

 

4.პორტი შენდება ხმელეთზე და 350 მეტრი სიგანის არხით უერთდება ზღვას.

 

5.კონსორციუმ "ანაკლია-პორტი და ეკო-პარკი"-ს მიერ წარმოდგენილი წინა საპროექტო მოსაზრების ტექნიკურად გადაწყვეტა, მსოფლიოში აღიარებულ (Ernst & Yang) კომპანიაში ექსპერტიზაგავლილი დოკუმენტაციის თანხლებით  ეჭვს არ იწვევს. დასაბუთებულია მისი ეკოლოგიურად გამართულობა და თანამედროვე, მსოფლიო სტანდარტებთან შესაბამისობა. ასევე, მზადყოფნაში აქვს ინვესტორთა მიერ წარმოდგენილი პორტის მშენებლობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი საბანკო გარანტიები.

 

ეკონომიკის მინისტრ ქუმსიშვილის განცხადებით _ „ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადებულ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ იგივე „ხაზარაძე და კონტი ჯგუფს“ მოწვეულმა უცხოელმა ექსპერტებმა და სატენდერო კომისიამ ასიდან 80 ქულა მიანიჭა!“

 

როგორც ზემოთ ვიხილეთ, დიდი ინჟინრული ცოდნა არ არის საჭირო, კონსორციუმ "ანაკლია პორტი და ეკო პარკის" ხმელეთზე დაგეგმილი პორტის პროექტი განასხვავო, ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადებული „ხაზარაძე და კონტი ჯგუფის“ მიერ წარმოდგენილი ნაცოდვილარისგან.

 

სხვა დროს შეიძლება თავი შემეკავებინა მკაცრი გამოთქმებისგან, მაგრამ, როცა იგი ჩემი სამშობლოს მომავალს ეხება, მე ვერავინ შემაჩერებს, რადგან _აშკარაა თაღლითურ გარიგებასთან უფრო გვაქვს საქმე, ვიდრე ძვირადღირებული უცხოელი ექსპერტების და სამთავრობო კომისიის მიერ, ქვეყნის სასიკეთოდ და პროექტის წარმატებისთვის შესრულებულ ნამუშევართან!

 

_სასწრაფოდაა გასარკვევი, _ რატომ აირჩიეს ზემოთხსენებულმა ექსპერტებმა და სამთავრობო კომისიამ კომპანია, რომელსაც სტატიის დასაწყისში ჩამოთვლილი ხუთი ძირთადი მოთხოვნიდან ხუთივეში, თითქმის გადაუჭრელი  პრობლემები გააჩნია?

 

_რაში მიენიჭა გამარჯვებულს _ „ასიდან 80 ქულა“?

 

ეს ის კითხვებია, რომლებიც ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებს სცილდება და მას შესაბამისმა ორგანომ უნდა მიხედოს! 

 

როგორც ცნობილია, ტენდერში გამარჯვებულსა და მთავრობას შორის ხელშეკრულების ხელმოწერა სამი თვის განმავლობაში უნდა მოხდეს, რაც სრულიად საკმარისია, იმისთვის, რომ საფუძვლიანად იქნეს შესწავლილი ყველა საკითხი და ამის შემდეგ მაინც მოხდეს, ორივე კომპანიის მიერ ტენდერში წარდგენილი მასალების გასაჯაროება!

 

დავით ქობალია

 

 

P.S. არაერთხელ ითქვა და დაიწერა ორივე კონსორციუმის წევრი კომპანიების შესახებ. მოკლედ წარმოგიდგენთ მათ:

 

კონსორციუმი „ანაკლია პორტი და ეკო პარკში“ შემავალი ჩინური გიგანტი, სახელმწიფო კომპანია „ფაუერჩაინა“ და საქვეყნოდ ცნობილი ამერიკული „აეკომი“-ის საპირწონედ,  რამდენად გამოდგება „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ შემავალი „თიბისი“ და „კონტი ჯგუფი“, რომლის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, გარდა რამდენიმე უმნიშვნელო ობიექტის აშენებისა, მკითხველმა განსაჯოს!

 

_არაფერს ვამბობ ამერიკულ „აეკომ“-ზე _ „ფაუერჩაინა“ უმსხვილესი სახელმწიფო კომპანიაა, რომელიც, უზრუნველყოფს ყველა სახის მომსახურებას, დაგეგმვის, შესწავლის, პროექტირების, კონსულტაციის, მშენებლობის, ჰიდროენერგეტიკის, ახალი ენერგიისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით.

კომპანიის საქმიანობა ასევე მოიცავს უძრავ ქონებას, ინვეტიციებსა და ფინანსებს. 2015 წლის ივნისის მონაცემებით, „ფაუერჩაინა“ 70,4 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ქონებას ფლობს და დასაქმებული ჰყავს 200 000 ადამიანი.

 

2014 წელს კომპანიის შემოსავალმა 42,4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. 2015 წელს „ფაუერჩაინა“-მ მსოფლიოს 110 ქვეყანაში 1 565 მსხვილი პროექტი განახორციელა. ENR-ის რეიტინგში – „ფაუერჩაინა“ მესამე ადგილზეა.

 

აქვე უნდა აღვნიშნო, ჩინური სახელმწიფო კომპანია „ფაუერჩაინა“ გასულ წელს, ჩინეთის მთავრობაში შევიდა წინადადებით „ახალი აბრეშუმის გზის მნიშვნელოვანი ნაწილი „ანაკლია პორტი“  სახელმწიფო პროგრამაში შეეტანათ“, რაც დაადასტურა კიდეც ჩინეთის მთავრობამ და მას, ახალი აბრეშუმის გზის სახელმწიფო ფონდიდან, პროექტის დაფინანსების გარანტია აღუთქვა.

 

თუ რა მნიშვნელობა აქვს ჩინური გიგანტი სახელმწიფო კომპანია „პაუერჩაინა“-ს ყოფნას „ანაკლია პორტი“-ს პროექტში, _ მოვუსმინოთ საბანკო ექსპერტ, ავსტრიელ დოქტორ რაინერ გაისლერის დასკვნას, რომელიც მან 2013 წელს ლიხტენშტეინის დედაქალაქ ვადუცში „ანაკლია პორტი“-ს მშენებლობის პერსპექტივებზე საუბრისას გააკეთა:

 

„_ბატონებო, ათი წლის წინ, ევროპაში, ვინმეს რომ შავ ზღვაზე, ანაკლიაში (საქართველო) მეგაპორტის აშენების საკითხი გამოეტანა სადისკუსიოდ, მას სიბრალულით შევხედავდით. უნდა მოგახსენოთ, მსგავსი პროექტების მომზადებას წლები სჭირდება. ყველასათვის ცნობილია, რომ დიდი პროექტის განხორციელება კი არ არის პრობლემა, არც მისი დაფინანსების წყაროების მოპოვებაა რთული საქმე!

 

_რთული და ძნელად მისაღწევი, პროექტის დასრულების შემდგომ მისი მუშაობაა. ამ შემთხვევაში, უნიკალური ფინანსური და ლოგისტიკური მოდელია ერთმანეთთან მორგებული, სადაც ინვესტორი, დამთავრებული პროექტის მომხმარებელი და ხანგრძლივი ფუნქციონირების გარანტი ხდება.

_ეს გახლავთ ჩინეთის სახელმწიფო!

 

_არ დაგვავიწყდეს, რომ, ევროპაში გაყიდული პროდუქციის ნახევარზე მეტი ჩინეთშია წარმოებული და მისი მომხმარებლამდე სწრაფად მიტანა, უზარმაზარი მოგების გარანტიაა. ამ მხრივ, „ანაკლია პორტი“ და „ახალი აბრეშუმის გზა“ უნიკალური შეთავაზებაა, როგორც ჩინელი (არა მარტო ჩინელი!) მეწარმეებისთვის, ასევე ევროპელი მომხმარებლისთვის! 

 

დოქტორი რ. გაისლერი“

 

როგორც იტყვიან, _ აქ კომენტარი ზედმეტია!

 

სამწუხაროდ, ესენი, ის საკვანძო საკითხებია, რომლებიც მოწვეულ უცხოელ ექსპერტებს და საქართველოს მთავრობის სატენდერო კომისიას, გამარჯვებულის შერჩევისას რომ გამორჩა!

 

სტატიის დასაწყისში ვახსენე _ ტენდერში გამარჯვებულის თაობაზე გაკეთებულმა განცხადებამ, გაკვირვება და ეჭვები გამოიწვია-მეთქი!

 

მართლაც გასაკვირი და საეჭვოა _ რატომ უქმნის, საქართველოს მთავრობა, ისედაც წირვაგამოყვანილ ჩვენს სამშობლოს, დამატებით პრობლემებს?

 

_მე, არ ვიცი!.. მგონი, არც ამ მთავრობის მომყვანმა, ანუ ივანიშვილმა იცის!